ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


15 Comments

X Factor-ის პირველი *ლეობა


ესეც ასე, გუშინ X-ფაქტორის პირველი ლაივ კონცერტი ვიხილეთ და, მოიცათ, ვიდეოებს გადავხედო. სულ მავიწყდება, რომ დარბაზში საუნდს ტელევიზიისთვის ასწორებენ…

15 წუთის შემდეგ.

ჰო, როგორც ვვარაუდობდი, მშვენიერი გამოსულა, ფინალურ გადაწყვეტილებას თუ არ ჩავთვლით, რაც, ჩემი მოკრძალებლი მოსაზრებით, იყო მაგარი *ლეობა. მეგობრები მიმტკიცებენ, ბალკონზე კარგად ისმისო, მაგრამ მთელი დარბაზი იქ ვერ ავალთ. თან მე ახლომხედველი ვარ. მოკლედ, შოუ გამოვიდა მშვენიერი. კონკურსანტებმაც, ზოგადი შეფასებით, იყოჩაღეს და თითქმის ვეთანხმები ჟიურის აუტსაიდერების გაშვებაში. თუმცა სანამ მათზე გადავალ, ჯერ ყურადღებას სხვა რამეზე შევაჩერებ:

ჯერ არ მინახავს ფილარმონიაში ამდენ კარგად შესრულებულ სიმღერას ასეთი ცოტა აპლოდისმენტი მოჰყოლოდეს. რატომ? იმიტომ, რომ სიმღერები სასწაულად იყო დაჭრილ-შემოკლებული. გასაგებია, რომ კონცერტის უსაშველოდ გაწელვა მაყურებელსაც და მონაწილესაც დაღლის, მაგრამ სიმღერები, რომლებიც ისეა შეპრუწკუნებული, რომ დარბაზის აყოლიება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, უკვე დანაშაულია. იმიტომ, რომ კონკურსანტებს ეძლევათ არათანაბარი საშუალება, ზემოქმედება მოახდინონ აუდიტორიაზე. ჩქარი და ენერგიული სიმღერა თავიდანვე დიდი მუხტით იწყება, ხოლო ის კომპოზიციები, რომლებიც განვითარებასა და კულმინაციამდე მიყვანას მოითხოვს, შემოკლებისას სერიოზულად მახინჯდება. სამაგიეროდ მათ, ვინც აკუსტიკური გიტარის თანხლებით იმღერა, გაცილებით უკეთ ჰქონდათ საქმე, რადგან იმ შემოკლებულ სიმღერასაც კი თავიანთი შინაგანი მუსიკალურობის კარნახით ავითარებდნენ და ირგებდნენ. შედეგიც დავინახეთ. ახლა კი კონკურსანტები: Continue reading


4 Comments

X ფაქტორი


x factor

იცით, რა განცდაა, როცა ვეებერთელა დარბაზში ნერვიულობისგან აკანკალებულ სხეულს პროჟექტორების ძლიერი თეთრი შუქი გითბობთ? პრინციპში, უკვე, საკმაოდ ბევრმა იცით. მეც ვიცი.

ქართულ მუსიკალურ ტელესივრცეს, როგორც იქნა, X Factor ეღირსა, რომელიც, ემოციურთან ერთად, საკმაოდ სარისკოცაა. სულ ორიოდ ფაქტორის გამო: კატეგორია “ჯგუფები” (ამ პროექტში მონაწილეები 4 კატეგორიად იყოფიან: გოგოები, ბიჭები, 25-ზე ზემოთ და ჯგუფები) და, რა თქმა უნდა, ჟიური, რომლის წევრებიც შემდეგ თავიანთი კატეგორიების მენტორები ხდებიან. ვოკალური (და არა ვოკალურ-ინსტრუმენტული) ჯგუფების მდგომარეობა საქართველოში ყველაზე ცუდადაა, რაც გამოჩნდა კიდეც, ხოლო კვალიფიციური, სათქმელის გადმოცემის უნარის მქონე და სახასიათო ჟიურის წევრების მოძებნა ყველა შოუს თავის ტკივილია. X Factor-მა წელს გარისკა და საზოგადოებას სტეფანე, სოფო, თამთა და გიორგი შესთავაზა. რახან ჟიური ვახსენე, მისით დავიწყებ და მონაწილეებამდე ჩავალ, რადგან ეს ნაწილი დღესდღეობით ყველაზე ნაკლებ კრიტიკას იმსახურებს ჩემგან. Continue reading


11 Comments

ყიყლიყო კლასიკურად ანუ ვის არ მოსვლია


ადამიანი 100 პროცენტით არასტაბილური არსებაა. დავასახელოთ მისი ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური შემადგენელი ნაწილი და ვნახავთ, რომ ყოველ მათგანს განუცდია ცვლილება. მყარი რწმენაც კი, ზოგჯერ, სხვა შეიძლება შეიცვალოს, გადასხვაფერდეს. სტაბილურობის შესანარჩუნებლად ადამიანს დიდი და ხანგრძლივი ბრძოლა უწევს. ვინაიდან წარმატების მიღწევაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა, მცირეოდენი ყურადღების მოდუნება, შესაძლებელია, ადამიანს ცუდად მოუბრუნდეს.

ასეა სიმღერის დროსაც. ერთი “ხალტურა” კონცერტის წინა დღეს დალეული შამპანურის სახით, უძილო ღამე, ზედმეტი საკვები, მღერის დროს ყურადღების გაფანტვა. ყოველივე ეს, შეიძლება, ვოკალური ჩავარდნის, ე.წ. ყიყლიყოს მიზეზი გახდეს. ვოკალური ჩავარდნა  ეს სახმო სიმების ვიბრაციის რიტმის არევაა ან ყელის კუნთების ტონუსის წამიერი დაკარგვა, როცა ისინი უცბად მოეშვება და ბგერაც ფუჭდება. ბევრ საოპერო მომღერალს მოსვლია ეს არც-თუ სასიამოვნო შემთხვევა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საოპერო ათლეტებსაც, ისევე, როგორც სხვა სპორტსმენებს, მოსვლიათ პატარ-პატარა მარცხები.

დავიწყოთ ჩემი უსაყვარლესი დიდი ლუჩანოთი. ამ ვიდეოს 3:10 წუთზე პავაროტი მაღალ დო-ზე ყიყლიყოს გააკეთებს.

ნიკოლაი გედა, რუსი წარმოშობის მქონე შვედი ლირიკული ტენორი. კალასთან ერთად ჩაწერილი აქვს “მადამ ბატერფლაი” და “კარმენი”. მისი მაღალი ფა მომნუსხველ ზემოქმედებას ახდენდა. “რიგოლეტოში” კი…

Continue reading


12 Comments

საიდან მოდის ხმა


ადამიანები უამრავ მუსიკალურ ინსტუმენტს ვიცნობთ, რომელთა უმრავლესობა ჩვენ მიერვეა დამზადებული. ისინი კარგად გაპრიალებული და სასიამოვნო გარეგნობისანი არიან. თუმცა ჩვენ ასევე აღფრთოვანებით ვუსმენთ ბგერებს, რომლებიც თვითნაბადი ინსტრუმენტისაგან წარმოიქმნება. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტის მატარებელი თითოეული ჩვენგანია. ეს, რა თქმა უნდა, სახმო სიმები, ანუ მგერავი იოგებია.

სახმო სიმი არის კანის თხელი და სათუთი ნაირსახეობა, რომელიც გაბმულია სასულე მილის (ტრაქეას) თავზე, ხორხში. მათი დაბოლოებები მიერთებულია ყელის კუნთებთან. ამოსუნთქვის შედეგად ფილტვებიდან ტრაქეის გავლით ამოსული ჰაერი (სხვანაირად ვერც ამოვა 🙂 ) გაივლის ხორხში მოთავსებულ სახმო სიმებს, რომლებიც ჰაერის ნაკადის ზეგავლენით ირხევიან, ვიბრირებენ. სწორედ ეს ქმნის ბგერას.

მარტივი ექსპერიმენტი: თქვით “ააააა” და ამ დროს თითი ხორხზე მიიდეთ. შეიგრძენით ვიბრაცია? ეს არის ჩვენი ინსტრუმენტის “ბგერა”. თუ უფრო გაინტერესებთ, რა როგორ გამოიყურება, აი ვიდეოც.

Continue reading


10 Comments

God Bless Us Everyone


სწორედ ამ სიტყვებით მინდა, მოგილოცოთ 2010 წელი. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ჩვენ-ჩვენი ბლოგების წარმატება. რაც უნდა იყოს, ჩვენ მაინც ერთი გუნდი ვართ და წარმატებისკენ ერთნაირად მივისწრაფით.
ღმერთმა ქნას და ყველას ჩვენი სურვილების 99 პროცენტი აგვსრულებოდეს. ნუ 51 მაინც, რომ წელიწადი შემდგარად გამოვაცხადოთ.
ჩემი თითოეული დღე იწყება და მთავრდება მუსიკით. ამ ახალ წელს ტრავიატას ჰანგებზე შევეგებე და ძალიან ძალიან მაგარ განწყობაზე გახლავართ. 2010 წლის პირველ პოსტსაც, გადაჭარბების გარეშე, ამაღლებული გრძნობით ვწერ. მინდა, ჩემი მხიარულება თქვენც გადმოგედოთ და ფხიზელი თუ ნაბახუსევი ხასიათი გაგიბედნიეროთ. მგონი, ძალიან ბევრიც არ მინდა 🙂
კიდევ და კიდევ, გილოცავთ ამ ჯადოსნურ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ საზეიმო სიმღერის სათაურს, რომელსაც ჩემი საყვარელი ანდრეა ბოჩელი ასრულებს:

God Bless Us Everyone!..


13 Comments

86–ე დაბადების დღე


აქამდე დაწერა ვერ მოვახერხე, დაკავებული ვარ და სულ გარეთ ვარ. ის მამშვიდებს, რომ არ დამვიწყებია და, იმედი მაქვს, არც არასდროს დამავიწყდება.

დღეს ჩემი მუზის, მუსიკის ქალღმერთის, მარია კალასის დაბადების დღეა.

იგი დღეს დაიბადა, 1923 წლის 2 დეკემბერს. 54 წლის შემდეგ, 1977 წლის 16 სექტემბერს, მარია ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოპერის დიდება მასში 1965 წელს ჩაქრა, როცა კალასმა ხმა დაკარგა.

მარია 2003 წლის 30 მარტს გავიცანი რუსთავი 2–ზე. ფრანკო ძეფირელის “კალასი სამუდამოდ” გადიოდა და, ბედად, გადავწყვიტე, ეს ფილმი ჩამეწერა. ისე გამიტაცა ამ ქალის ცხოვრებამ, ბედმა, ხმამ, რომ ნელ–ნელა იგი ჩემში შემოვიდა. კალასმა ჩემში ის გააჩინა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი: მისი დახმარებით აღმოვაჩინე ოპერის სამყარო, რომლის შესახებ აზრზეც არ ვიყავი. ერთხელ, როდესაც იგივე ფილმი გადიოდა, ოღონდ ცოტათი უფრო ადრე, დედაჩემს ვკითხე: “ვინ არის კალასი, ლა სკალას თეატრი რომ დააარსა?” 🙂 ამ დონეზე მესმოდა ყველაფრის.

…ხოლო ფანი არდანი ისე ჰგავდა ენციკლოპედიაში დაბეჭდილ კალასის სურათს…

რაღა დავწერო, ახალი რაღა ვთქვა. ჩემი ნახატების შინაარსის დიდი ნაწილი მისი ხმის, მისი სახის, თვალებისა და ხელების შთაგონებით არის  ნაკარნახევი.

დღესაც ავტობუსში მის “Casta Diva”–ს ვუსმენდი.

ბედნიერი ვარ, რომ ოპერის გასაღები სწორედ მარია კალასმა მაპოვნინა. მომღერალმა, რომელიც ყოველ ჯერზე სცენაზე ისე გამოდიოდა, თითქოს, ეს მისთვის უკანასკნელად ყოფილიყო.

მოკლედ, დღეს კასტა დივას, ოპერის უბიწო ქალწულის, დაბადების დღეა.


17 Comments

ჰაერში გასროლილი კითხვები: მარტივდება თუ რთულდება სამყარო?


ფილოსოფიის ხასიათზე დამაყენა ვერდის Dies Irae–მ.

ჩვენ გამოვიარეთ შუა საუკუნეების ბნელეთი და აღორძინება, კლასიკა და ბაროკო, რომანტიზმი და იმპრესიონიზმი, მოდერნიზმი და ავანგარდიზმი. ნელ–ნელა გაქრა შექსპირის სონეტთა ლოკონები, მოცარტის პოლიფონიური წკრიალი და რემბრანტის უხვი ოქროსფერი. სამყარომ კუბის ფორმა, კვადრატის ფერი და მოოლითური მუსიკის ჟღერადობა მიიღო.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ახლა გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე ოდესმე. მაშინ საიდან ასეთი პრიმიტივიზმი, სიმარტივე? განა ყველაფერი ასე არ დაიწყო?

მარტივი ბგერები, მარტივი გამოსახულებები, სწორხაზოვანი აზროვნება

როგორ ჰგავს დღევანდელი სიმარტივე იმ პრეისტორიულ სიმარტივეს, რომლისგანაც ყველაფერი დაიწყო.

თუ ჭეშმარიტება მის სიმარტივეშია, გამოდის, რომ კაცობრიობას ათეულობით ათასი წელი და უამრავი შედევრის შექმნა დასჭირდა ამის გასაცნობიერებლად.

“უი, რა კარგია! 🙂 “– ღიმილით ვიტყვი და იმედიანად დავიძინებ, რომ გამარტივებულ, მაგრამ ცოდნით სავსე ეპოქაში ვცხოვრობ. რომ კაცობრიობამ, როგორც იქნა, მიაგნო ჭეშმარიტებას. მართალია, შორიდან შემუარა და ამას ძალიან დიდი დრო მოანდომა, მაგრამ მაინც მიაგნო. მაააგრამ რა გარანტია მაქვს, რომ ზუსტად იმავეს არ ფიქრობდა ჩემზე 300 წლით ადრე მცხოვრები ადამიანი, თუნდაც ჩემი ტოლი?

ან… რა ვიცი, ეგებ, ზუსტად ამასვე იფიქრებს ადამიანი ჩვენი დროიდან 300 წლის შემდეგ?

ვერ ვიტან ამ გამოთქმას, ამიტომ ჩემებურად დავწერ:

სა სიქვტილშია ჭეშმარიტება?

ერთ–ერთ პოსტში ადრეც გავჭედე ამ თემაზე, ჰოდა მიახლოებითი პასუხი თუ მაინც გექნებათ, მითხარით, თორე ფილოსოფიიდან ფალოსოფიაში გადასვლა არ ამცდება 🙂


25 Comments

HAMLET


uniIncgs…არადა, სულაც არ მქონდა გადაწყვეტილი სადმე წასვლა. სახლში უნდა ვმჯდარიყავი და თავზე დაყრილი სტატიებისათვის მომევლო. მიუხედავად ამისა, დასელებმა დამირეკეს და თანხმობა ეგრევე განვუცხადე. ძალიან კი მეზარებოდა, მაგრამ ჩემი თავის ამბავი ვიცი:

როცა რაიმეს ვგეგმავ, ან არ გამომდის, ან ხალისს ვერ ვატან.აქედან გამომდინარე, სულაც არ დამზარებია მეტროს ჯაყჯაყის ატანა, რომელსაც მგზავრები არ იმჩნევენ, და არც ცივი წვიმა, რომელიც ასე არ ჰგავს ზაფხულის გემრიელ “ცრემლებს”. ბოლოს და ბოლოს, ჰამლეტი გადიოდა და სახლში ხომ არ დავრჩებოდი?

სტურუამ ეს სპექტაკლი 2001–ში დადგა. “ჰამლეტი” პირველი იყო, რაც რუსთაველის დიდ სცენაზე ვნახე. პირველი შთაბეჭდილება სრულიად არაადეკვატური მქონდა: სპექტაკლი კი არა, ბოდვა მეგონა. ნუ, მეპატიება 🙂 სამაგიეროდ, დავასკვენი, რომ

პირველი შთაბეჭდილებით არაფერი უნდა შევაფასო! Continue reading


15 Comments

ანდრეა ბოჩელი – თბილი ხმა


andreabocelliანდრეა ბოჩელის უნიკალურ ხმას მთელი მსოფლიო აღტაცებით უსმენს. მილიონობით მელომანი გაოცებული რჩება ბოჩელის სათუთი, სითბოს მასხივებელი ტემბრით, რომელიც ბავშვური გულწრფელობით გამოთქვამს თითოეულ მუსიკალურ ფრაზას. მსოფლიოში აღიარებული ტენორი, გაყიდული ალბომების რაოდენობით, პირველ ადგილზეა ტენორებს შორის. მას 65 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული. ანდრეა ბოჩელი უნიკალურია არა მხოლოდ თავისი ხმის წყალობით, არამედ თავისი ცხოვრებითაც.
ანდრეა 1958 წლის 22 სექტემბერს ლაჯატიკოში, ტოსკანაში დაიბადა. ბავშვს თანდაყოლილი მხედველობის სისუსტეklagraug ჰქონდა. თვალებს მზის სხივები უღიზიანებდა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შუქცევადი გლავკომა სჭირდა. 12 წლის ასაკში ანდრეამ უეცრად, ფეხბურთის თამაშისას, საბოლოოდ დაკარგა თვალის ჩინი. ექიმების თქმით, ბოჩელის სრული სიბრმავე აქვს. მიუხედავად ამისა, ანდრეა 6 წლიდან უკრავს ფორტეპიანოზე, ფლეიტაზე, საქსოფონზე, საყვირზე, ტრომბონზე, არფაზე, დრამებსა და გიტარაზე!
ბოჩელის ყოველთვის იტაცებდა კლასიკური მუსიკა. პატარაობიდანვე მეტ ყურადღებას იჩენდა არა იმის მიმართ, რასაც ხედავდა, არამედ, რაც ესმოდა. ერთხელაც პატარა ანდრეამ ფრანკო კორელის ხმა მოისმინა რადიოში. ტენორის ზე-ძლიერმა, ფართე და დაუშრეტელმა ხმის ტემბრმა ბიჭი მონუსხა. ამის შემდეგ ბოჩელიმ გადაწყვიტა, უფრო სერიოზულად გაეცნო მუსიკალური სამყარო. ყველას აოცებდა პატარას დიდი მონდომება და შესაძლებლობა, საათობით ესმინა საოპერო არიებისათვის.
ბავშვობაში ანდრეას ხშირად ამღერებდნენ სტუმრად მოსული  ნათესავები. მღერა ბიჭისათვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. დღეს ბოჩელი იხსენებს: “მომღერლობას არავინ წყვეტს. სხვები წყვეტენ, გახდები თუ არა მომღერალი…” მიუხედავად მუსიკის სიყვარულისა, ბოჩელიმ ძირითად პროფესიად იურისპუდენცია აირჩია. ერთი წლის განმავლობაში ადვოკატადაც მუშაობდა პიზას სასამართლოში, საღამოობით კი ფორტეპიანოს ბარში უკრავდა. სწორედ იქ, 1987 წელს გაიცნო ენრიკა, რომელიც მალე მისი მეუღლე გახდა. Continue reading


14 Comments

Rapsodia… ახალი ნახატი


Rapsodiaესეც ასე. ახალი ნახატი შეემატა ჩემს კოლექციას, რომელიც, იმედია, 20–ს უტოლდება. ამ უკანასკნელს უკანასკნელი 1 წლის მანძილზე ნელ–ნელა და წვალებ–წვალებით ვხატავდი. სიზარმაცე, უნივერსიტეტი და კომპიუტერი ეს ის ალტერნატივები იყო, რომელთა მეშვეობითაც ანდრეა ბოჩელისადმი მიძღვნილმა ნახატმა დაიგვიანა.

თბილისიდან ახლახან დავბრუნდი (შეეტყო კიდეც, ალბათ ჩემსა და თქვენს ბლოგებს :)) . ნახატიც იქ დავასრულე. ახლა კი სამსჯავროზე გამომაქვს და აბა თქვენ იცით. აქვე დავძენ, რომ ამ ორი მუსიკის გარეშე ნახატის აღქმა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ვინაიდან ჩემს მუზას სწორედ ეს მუსიკა წარმოადგენს 😉

L’ultimo Re (უკანასკნელი მეფე)

Rapsodia