ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

X ფაქტორი

4 Comments


x factor

იცით, რა განცდაა, როცა ვეებერთელა დარბაზში ნერვიულობისგან აკანკალებულ სხეულს პროჟექტორების ძლიერი თეთრი შუქი გითბობთ? პრინციპში, უკვე, საკმაოდ ბევრმა იცით. მეც ვიცი.

ქართულ მუსიკალურ ტელესივრცეს, როგორც იქნა, X Factor ეღირსა, რომელიც, ემოციურთან ერთად, საკმაოდ სარისკოცაა. სულ ორიოდ ფაქტორის გამო: კატეგორია “ჯგუფები” (ამ პროექტში მონაწილეები 4 კატეგორიად იყოფიან: გოგოები, ბიჭები, 25-ზე ზემოთ და ჯგუფები) და, რა თქმა უნდა, ჟიური, რომლის წევრებიც შემდეგ თავიანთი კატეგორიების მენტორები ხდებიან. ვოკალური (და არა ვოკალურ-ინსტრუმენტული) ჯგუფების მდგომარეობა საქართველოში ყველაზე ცუდადაა, რაც გამოჩნდა კიდეც, ხოლო კვალიფიციური, სათქმელის გადმოცემის უნარის მქონე და სახასიათო ჟიურის წევრების მოძებნა ყველა შოუს თავის ტკივილია. X Factor-მა წელს გარისკა და საზოგადოებას სტეფანე, სოფო, თამთა და გიორგი შესთავაზა. რახან ჟიური ვახსენე, მისით დავიწყებ და მონაწილეებამდე ჩავალ, რადგან ეს ნაწილი დღესდღეობით ყველაზე ნაკლებ კრიტიკას იმსახურებს ჩემგან.

პირველივე გადაცემის შემდეგ ვეკითხებოდი საკუთარ თავს, რატომ გადაწყვიტეს რეიტინგის ასაწევად მამაკაცური სწერვობების გამოყენება. მე მაპატიოს ყველამ, მაგრამ არც ერთი ჟიურის წევრი არ არის საიმონ ქოუელი, რომ თავს იმის თქმის უფლება მისცეს, რა ფორმითაც ის აფასებს კონკურსანტებს. გიორგის სხარტი ფრაზები, როგორც ცალკე აღებული, კი ორიგინალურია, მაგრამ როცა ზოგიერთ მათგანს კონკრეტული ადამიანის მიმართ მთელი ქვეყნის გასაგონად ისვრის, ეს უკვე შეურაცხყოფა და დაცინვაა, რასაც პირადად მე არც ერთ შოუში არ მივესალმები. ეგ ყველაფერი “ჯეოსტარშიც” გვეყო. მეორე მხარეა რეიტინგი, როცა ამ დროს პოზიტიურად თუ ნეგატიურად დამუხტული მაყურებელი ერთნაირადაა ჩართული შოუს მსვლელობაში, თუმცა შოუ, რომელსაც პრეტენზია აქვს ხარისხზე, ჩემი აზრით, რაღაცებზე მაღლა უნდა იდგეს.

ჟიურიდან ჩემი ფავორიტია სოფო ტოროშელიძე. მარტივი მიზეზის გამო: მიმუშავია ამ ადამიანთან და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ის ენერგია და საქმისადმი ერთგულება, რაც მას გააჩნია. ყოველნაირად კონცენტრირებულია მონაწილესა და მის არჩევანზე, რათა დაეხმაროს მაყურებლამდე სათქმელის სწორად მიტანაში. თან საკმაოდ მკაფიოა თავის შეფასებებში და ყოველთვის შეუძლია, გადაწყვეტილებები დამაჯერებლად დაასაბუთოს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მაგრად გაუმართლებდათ მათ, რომელთა მენტორიც სოფო გახდებოდა.

ჟიურის დანარჩენი წევრებიდან მეტნაკლებად ახლოს გიორგის ვიცნობ და ვხედავ, რომ ძალიან მონდომებულია. ნერვიულობს, სულ კონკურსანტებთან ტრიალებს და რეპეტიციების მერე კიდევ განიხილავენ სიმღერებს – ეს ყველაფერი კადრს მიღმა. კადრში რაც ჩანს, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. სხვებზე მხოლოდ ის შემიძლია, ვთქვა, რომ გაცნობიერებული აქვთ ის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რასაც შოუს ფორმატი მოითხოვს – ეს ოთხივეს ეტყობა. შედეგს კი მალე ვნახავთ.

წამყვანებს რაც შეეხება, ჰო… ნამდვილად შეიძლებოდა, ყველაფერი უკეთესად ყოფილიყო. პირდაპირ ვთქვათ: არც ია და არც გეგა არ აღმოჩნდნენ მსგავსი შოუსთვის შესაფერისი წამყვანები. ია დიდი მსახიობია და ის სცენაზე დგას უპირველეს ყოვლისა, როგორც არტისტი და სადღაც მერე, როგორც წამყვანი. გეგას “რა მეწამყვანებოდა” სახე აქვს ხოლმე, მაგრამ საქმეს მაინც ართმევს თავს. იმედი მაქვს, ლაივებისთვის ორივე მათგანი “მოიქოქება”. უკვე იციან პლუს-მინუსები და, სავარაუდოდ, უკეთესად გაუძღვებიან საქმეს.

კონკურსანტი ვარსკვლავების ცვენაა წელს. თუმცა ჯერ ჯგუფბით დავიწყებ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს კატეგორია ჩვენთან ხელოვნურია. ანუ საამისოდ  სპეციალურად წინდაწინ გაერთიანდნენ გოგო-ბიჭები, თორემ რომელი ვოკალური ჯგუფის (მხოლოდ ვოკალურის) გახსენება შეგიძლიათ უცებ? “ქართული ხმები”. კიდევ? “სახე”, “ქუჩის ბიჭები”… მორჩა. თუმცა, რახან ახალი პროექტი ითხოვს ვოკალურ ჯგუფებს, მომავალი წლისთვის, დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ წინსვლა იქნება.

ინდივიდუალურ კონკურსანტებზე ცალ-ცალკე საუბარს არ ვაპირებ. ბევრი ძალიან კარგი, ინდივიდუალური, საინტერესო და მშვენიერი მონაწილეა შოუში. მიხარია, რომ მუსიკალური ინდივიდუალიზმის პროპაგანდას ვხედავ, რათა შოუ არ დაემსგავსოს ინკუბატორს, სადაც ყველა ერთ ყალიბშია ჩამოსხმული. მიუხედავად ამისა X Factor-ს (ჩვენთანაც და ზოგადადაც) ერთი ნაკლი აქვს: იგი მეტწილად ორიენტირებულია შემსრულებელზე და არა კომპოზიტორზე. ანუ მომღერალი, რომელსაც აქვს დიდი დიაპაზონი და ბრწყინვალე ტექნიკა, თუმცა მხოლოდ ქავერს მღერის, უფრო კაშკაშებს, ვიდრე ის, ვისაც შედარებით მოკრძალებული ვოკალური მონაცემები აქვს, მაგრამ საკუთარ მუსიკას ქმნის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ის ადამიანები არიან, რომელთა მუსიკას ისევ ის დიდხმიანები ირგებენ და ასრულებენ სხვადასხვა შოუებში. ეს ზოგადად ასეა, შოუ მასშტაბურ სანახაობას მოითხოვს და რაღა უნდა ვილაპარაკო ჩვენს რეალობაზე, როცა არც დიდხმიანი ფასდება და არც კომპოზიტორი.

აქ უნდა გადავიდე საქართველოს შოუბიზნესისა და ქართველი მსმენელის ლანძღვაზე, რომელსაც არც გემოვნება უვარგა და თუ უვარგა, ფულს არ გადაიხდის იმაში, რაც მოსწონს. ამ აბზაცს თუ დიდხანს გავაგრძელებ, სხვა პოსტი გამომივა. ასე რომ აქ გავჩერდები. მგონი, მეტ-ნაკლებად ყველაფერი ვთქვი. 🙂

პ.ს. რა მაგარია, როცა პოსტის დაწერას თავს მოაბამ!

პ.პ.ს. ვეცდები, ძალიან მალე შემოგთავაზოთ ჩემი მოგზაურობის ფოტოკოლაჟები.

Advertisements

4 thoughts on “X ფაქტორი

  1. მეტ-ნაკლებად ყველაფერი თქვი და თან ძალიან კარგად თქვი!!!!!! 🙂

  2. ყველაზე დიდ იმედს მეც სოფოზე ვამყარებდი, გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგრამ არჩევანში ვერ დავეთანხმე )) თუმცა ვნახოთ, რა გამოუვათ ან ჯგუფებს და ან სოფოს ჯგუფებთან.
    კარგი პოსტისთვის მოგიბამს თავი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s