ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


10 Comments

ჰატშეფსუტი _ ქალი ფარაონი


Hatshepsutერთ დღეს, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, კალენდარში გაჭირვებით ამოვიკითხე: “ჰატშეფსუტი, დედოფალი უპირველესი”. მაშინ უკვე ვიყავი ეგვიპტით გატაცებული და ამ ქალის ვინაობითაც დავინტერესდი.
“დედოფალი უპირველესი”
ევას შემდეგ ისტორიაში ქრონოლოგიურად არ მოიძებნება ჰატშეფსუტზე ცნობილი ქალი. იგი ნეფერტიტიმდე 90 წლით, ხოლო კლეოპატრამდე 14 საუკუნით ადრე მართავდა ეგვიპტეს. ისტორიაში ჰატშეფსუტი შევიდა, როგორც უზურპატორი. გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ მისი თითქმის ყველა გამოსახულება და სახსენებელი საგულდაგულოდ იქნა ამოშლილი ისტორიიდან. კითხვა ბევრია. პასუხი, რა თქმა უნდა, ცოტა. როგორც ეგვიპტოლოგი ზაჰი ჰავასი ამბობს, ეგვიპტე კიდევ უამრავ სიურპრიზს მალავს თავისი ცხელი ქვიშის საფარის ქვეშ.
ჰატშეფსუტი (ძვ.წ. 1473-1458) XVIII დინასტიის რიგით მე-5 ფარაონი იყო და სხვა ეგვიპტელ ქალ მმართველებზე გაცილებით დიდხანს, 21 წელს მართავდა ქვეყანას. მის ხანას ეგვიპტოლოგები ძალიან წარმატებულ და მშვიდობიან პერიოდად ახასიათებენ. ამ დროს აშენდა და გარემონტდა მნიშვნელოვანი ტაძრები და დაიდგა ეგვიპტეში ყველაზე მაღალი ობელისკები _ სამეფო ძლიერების უტყვი ნიშნები. ყველაზე საინტერესო კი მაინც ის არის, რომ ჰატშეფსუტი იყო პირველი, ვინც ეგვიპტის საუკუნოვანი, ათასწლოვანი ტრადიციები დაარღვია.
ახალი ფარაონი _ ახლებური ტრადიციები

345585500_b9cd346b6d_o

ჰატშეფსუტის აკლდამის კედელი

ჩვენ ბოლომდე ვერ ვერ ვაცნობიერებთ, რას ნიშნავდა სიტყვა “ფარაონი” ძველი ეგვიპტელებისათვის. იგი, უპირველეს ყოვლისა, იყო მზის ვაჟი. ვაჟი და არა ქალი. ვაჟი, რომელსაც გამოსახავდნენ ჰორის (შევარდენი) სახით. მითოლოგიის თანახმად, ჰორი იყო საიქიოს უზენაესი ღმერთის, ოსირისის ვაჟიშვილი, რომელიც მის მეუღლეს, ქალღმერთ ისიდას შეეძინა. ჰორს შური უნდა ეძია მამის მკვლელ ბიძაზე, სეთზე, რომელიც ბოროტების ღმერთი იყო. სწორედ ასეთი მებრძოლი და შემტევი ვაჟი ღვთაება მოიაზრებოდა ფარაონის ტახტზე, რომელიც ძვ.წ. 1473 წელს ქალმა დაიკავა.
საინტერესოა ეგვიპტელთა მეორე ტრადიციაც: ფარაონებად მამაკაცები იკურთხებოდნენ, ოღონდ არა მამის, არამედ, დედის ხაზით. ანუ ვინც ფარაონის ქალიშვილზე იქორწინებდა, ის ხდებოდა ტახტის მემკვიდრე. თანაც უნდა ექორწინა, არც მეტი, არც ნაკლები, პირველი ცოლისგან შეძენილ ქალიშვილზე. პრეტენდენტები შეიძლებოდა ყოფილივნენ ჯარის სარდალი, უმაღლესი ქურუმი ან სხვა უმაღლესი წოდების მქონე პირები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ფარაონთა დინასტიაში ძმები მემკვიდრე შტოს წარმომადგენელ დებზე ქორწინდებოდნენ. ამით ისინი დინაისტიასა და ტახტის ფლობის უფლებას ინარჩუნებდნენ.
დავუბრუნდეთ ჰატშეფსუტს. იგი თუტმოს I-ის პირველი ცოლის, იახმოსის ქალიშვილი იყო. ფარაონს იახმოსთან ვაჟი არ ჰყავდა. ხოლო მეორე ცოლისგან, ნუტნოფერისაგან კი ვაჟი, თუტმოს II შეეძინა. ამ უკანასკნელმაც, ზემოხსენებული ტრადიციის მიხედვით, იქორწინა თავის ნახევარდაზე ჰატშეფსუტზე და, თუტმოს I-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტიც დაიკავა. ორივე თუტმოსი გამოჩენილი მხედართმთავარი და წარმატებული მმართველი იყო. თავდაპირველად ჰატშეფსუტს ფარაონის მეუღლის ანუ დედოფლის სტატუსი ჰქონდა. სიტუაცია იმ დროიდან შეიცვალა, რაც თუტმოს II გარდაიცვალა. ჰატშეფსუტს, ისევე როგორც დედამისს, მეუღლისგან ვაჟი არ დარჩენია. ფარაონის მემკვიდრე კი თუტმოს II-ის მეორე ცოლისაგან, ისიდასაგან შეძენილი ვაჟი _ თუტმოს III გამოდიოდა. იგი ამ დროს ამონ-რას ქურუმის სტატუსით მოღვაწეობდა თებეში, კარნაკის ტაძარში. მიუხედავად იმისა, რომ თუტმოსი ახალგაზრდა იყო, იგი სულაც არ ყოფილა ბავშვის ასაკისა, რომ სამეფოს მართვისათვის თავი ვერ გაერთმია. თუმცა ჰატშეფსუტმა მოახერხა და ტახტის რეგენტი გახდა. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჰატშეფსუტი თავად იღებდა. იგი მართავდა სახელმწიფოს. რამდენიმე წელიწადში კი ეგვიპტის ოფიციალური მმართველიც გახდა.

riches-punt2

ჰატშეფსუტი და თუტმოს II საზეიმო მიღებისას

კიდევ ერთი ფაქტორი, რის მეშვეობითაც ჰატშეფსუტმა ტახტისაკენ გზა გაიკვალა, იყო ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა. ეგვიპტის ისტორიაში მანამდეც გვხვდება მსგავსი ფაქტები, როდესაც ტექსტებში მოხსენიებულია ფარაონის კეთილგანწყობა ხალხთან, მაგრამ ჰატშეფსუტის შემთხვევა უნიკალურია. იგი პირველ პირში იწერებოდა, თუ როგორ შეტკიოდა გული ეგვიპტელ ერზე და რომ ყველაფერს გააკეთებდა მათი კეთილდღეობისათვის. როგორც დავინახეთ, შედეგმა გაამართლა.
ქალი ფარაონის მიღმა

ჰატშეფსუტი სფინქსის გამოსახულებით

ჰატშეფსუტი სფინქსის გამოსახულებით

რეგენტობის მომენტიდანვე ჰატშეფსუტი შეუდგა თავისი ქალურობის დამალვას. გარდა იმისა, რომ სამეფო გადაწყვეტილებებს იღებდა, დაიწყო ფარაონთა თასაბურავის _ ნემესისა და შუბლზე გასაკეთებელი წმინდა კობრას ოქროს გამოსახულების _ ურეის ტარება. მას არც ხელოვნური წვერი დავიწყებია, რომლებსაც ფარაონები ნიკაპზე იმაგრებდნენ. ყოველივე ამით ჰატშეფსუტმა გარშემომყოფები შეამზადა თავისი გამეფებისთვის. რეგენტობის პერიოდშიც და მის შემდეგაც ტაძრების კედლებზე ჰატშეფსუტი გამოსახული იყო როგორც მამაკაცი, თუმცა მის ქანდაკებებსა და სფინქსებზე კი ქალური ნაკვთები შესამჩნევია.
მიუხედავად იმისა, რომ ჰატშეფსუტი მართავდა როგორც მამაკაცი, იგი, რა თქმა უნდა, ვერ გაექცეოდა შინაგან “მე”-ს: იგი იყო ქალი. თუტმოს II-ის გარდაცვალების შემდეგ ფარაონი მარტო აღმოჩნდა თავისი ძალაუფლების ამარა. ეგვიპტის შინაგანი და გარე საქმეებიც მოწესრიგებული იყო ორი თუტმოსის მიერ. ახლა აღმშენებლობის დრო იდგა. დეირ-ელ-ბაჰრიში ჰატშეფსუტმა თავისი სახელობის საუცხოო ტაძარიHatandSem ა აგებინა არქიტექტორ სენმუთს, რომელიც სახელმწიფო კარზე მოღვაწეობდა. ეს უკანასკნელი საკმაოდ დაუახლოვდა ფარაონს. არქეოლოგებმა მიაკვლიეს მუშა ხუროების მიერ დატოვებულ ნახატს ქვაზე, რომელზეც ჰატშეფსუტი და სენმუთი სექსუალური აქტის დროს არიან გამოსახულნი. ამით მტკიცდება ვარაუდი სენმუთის ფავორიტობის შესახებ. სენმუთის გარდაცვალების შემდეგ ჰატშეფსუტმა საკუთარი აკლდამა მის განსასვენებელთანვე, კლდის მეორე მხარეს გაათხრევინა. მათი სარკოფაგები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობდა მიწის ქვეშ. ამ ჟესტით, თითქოს, ჰატშეფსუტმა იმიერში უკვდავყო სიყვარული, რომლის სიცოცხლეში გამხელაც დამღუპველი აღმოჩნდებოდა მისთვის.

apr09wallpaper-20_1280

ჰატშეფსუტის ტაძარი ჯესერ ჯესერი დეირ-ელ-ბაჰრიში

დაგვიანებული შურისძიება თუ წინდახედული ქმედება?

TuthmosisIII

თუტმოს III

ჰატშეფსუტი მწვავე ინფექციით გარდაიცვალა, რომელიც ორგანიზმში გამოხრული კბილიდან შეიჭრა. სავარაუდოდ იგი ძვლების კიბოთიც იყო დაავადებული და დიაბეტიც სჭირდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, თუტმოს III-ის მეფობის ხანაში, დაიწყო მისი, როგორც ფაქტის ამოშლა ისტორიიდან. ჰატშეფსუტის სახელი და გამოსახულებები გულმოდგინედ და ფაქიზად გადაიფხიკა ტაძრების კედლებიდან. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს პროცესი ფარაონის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ დაიწყო. რატომ ასე გვიან? თუ თუტმოს III უზურპატორი დედინაცვლისათვის შურისძიებას აპირებდა, რატომ იცდიდა ამდენ ხანს? ამას ისიც ემატება, რომ ყველა ის გამოსახულება, სადაც ჰატშეფსუტი გამოსახულია, როგორც ფარაონ თუტმოს II-ის მეუღლე, ხელუხლებელია. ეგვიპტოლოგთა აზრით, სავარაუდოდ, თუტმოს III ასე იმიტომ მოიქცა, რომ თავისი კანონიერი წარმოშობა დაემკიცებინა. მას, რა თქმა უნდა, არ აწყობდა, რომ თავის შთამომავლობას რაიმე პრობლემა შექმნოდა სამეფო ტახტის დამკვიდრებისას. ალბათ, სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა, გაექრო ჰატშეფსუტი _ ფარაონი და დაეტოვებინა ჰატშეფსუტი _ ფარაონის მეუღლე. ამით კი ყველაფერი ისე გამოჩნდებოდა, თითქოს თუტმოს II-ის შემდეგ ეგვიპტის მმართველობა პირდაპირ მის ვაჟს გადაეცა.
თუტმოს III, ჰატშეფსუტის მმართველობის დროს, ეგვიპტური არმიის წინამძღოლი იყო. სწორედ მას უწევდა სახელმწიფო კონფლიქტების განმუხტვა. ყოველივე ამან მას დიდი საომარი გამოცდილება შესძინა, რომელიც ჰატშეფსუტის გარდაცვალების შემდეგ წარმატებით გამოიყენა. მართლაც, 19 წლის განმავლობაში თუტმოს III-მ 17 საომარი კამპანია აწარმოა. მათ შორის იყო საომარი ოპერაცია ქანაანელთა წინააღმდეგ მეგიდოში, რომელიც დღესაც ისწავლება სამხედრო აკადემიებში (!).
ჰატშეფსუტის დაბრუნება

HAT_1285

ზაჰი ჰავასი ჰატშეფსუტის მუმიასთან

ჰატშეფსუტის მუმია დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. 2007 წლის ივნისში ცნობილმა ეგვიპტოლოგმა ზაჰი ჰავასმა ხელახლა შეისწავლა მეფეთა ველზე მდებარე ერთ-ერთი უცნობი სამარხი. იგი ჯერ კიდევ 1903 წელს აღმოაჩინა ჰოვარდ კარტერმა და იქ ორი მუმია იპოვა. ერთ-ერთი ჰატშეფსუტის ძიძა აღმოჩნდა. მეორე მუმია კი, ვინაიდან ძირს ეგდო და არანაირი სამეფო რეგალია ან ძვირფასეულობა არ ჰქონდა, უბრალო მოსამსახურედ მიიჩნიეს და მისი მუზეუმში გადატანა არ გადაწყვიტეს. ერთი საუკუნის შემდეგ კი, ზაჰი ჰავასის ხელმძღვანელობით, სამარხი ხელახლა გახსნეს და შენიშნეს ერთი დეტალი: მუმიის მარჯვენა ხელი იდაყვში იყო მოხრილი და გულზე ებჯინა. XVIII დინასტიის სამეფო წარმომადგენლებს კი სწორედ ამ მდგომარეობაში ასაფლავებდნენ! ტესტების შედეგად დადგინდა, რომ ერთ დროს არაფრად მიჩნეული მუმია ქალი ფარაონი აღმოჩნდა. ქალი, რომელმაც საკუთარ მიზანს საკუთარი სქესის უარყოფით მიაღწია. ჰატშეფსუტი დაბრუნდა.