ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

X Factor-ის პირველი *ლეობა

15 Comments


ესეც ასე, გუშინ X-ფაქტორის პირველი ლაივ კონცერტი ვიხილეთ და, მოიცათ, ვიდეოებს გადავხედო. სულ მავიწყდება, რომ დარბაზში საუნდს ტელევიზიისთვის ასწორებენ…

15 წუთის შემდეგ.

ჰო, როგორც ვვარაუდობდი, მშვენიერი გამოსულა, ფინალურ გადაწყვეტილებას თუ არ ჩავთვლით, რაც, ჩემი მოკრძალებლი მოსაზრებით, იყო მაგარი *ლეობა. მეგობრები მიმტკიცებენ, ბალკონზე კარგად ისმისო, მაგრამ მთელი დარბაზი იქ ვერ ავალთ. თან მე ახლომხედველი ვარ. მოკლედ, შოუ გამოვიდა მშვენიერი. კონკურსანტებმაც, ზოგადი შეფასებით, იყოჩაღეს და თითქმის ვეთანხმები ჟიურის აუტსაიდერების გაშვებაში. თუმცა სანამ მათზე გადავალ, ჯერ ყურადღებას სხვა რამეზე შევაჩერებ:

ჯერ არ მინახავს ფილარმონიაში ამდენ კარგად შესრულებულ სიმღერას ასეთი ცოტა აპლოდისმენტი მოჰყოლოდეს. რატომ? იმიტომ, რომ სიმღერები სასწაულად იყო დაჭრილ-შემოკლებული. გასაგებია, რომ კონცერტის უსაშველოდ გაწელვა მაყურებელსაც და მონაწილესაც დაღლის, მაგრამ სიმღერები, რომლებიც ისეა შეპრუწკუნებული, რომ დარბაზის აყოლიება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, უკვე დანაშაულია. იმიტომ, რომ კონკურსანტებს ეძლევათ არათანაბარი საშუალება, ზემოქმედება მოახდინონ აუდიტორიაზე. ჩქარი და ენერგიული სიმღერა თავიდანვე დიდი მუხტით იწყება, ხოლო ის კომპოზიციები, რომლებიც განვითარებასა და კულმინაციამდე მიყვანას მოითხოვს, შემოკლებისას სერიოზულად მახინჯდება. სამაგიეროდ მათ, ვინც აკუსტიკური გიტარის თანხლებით იმღერა, გაცილებით უკეთ ჰქონდათ საქმე, რადგან იმ შემოკლებულ სიმღერასაც კი თავიანთი შინაგანი მუსიკალურობის კარნახით ავითარებდნენ და ირგებდნენ. შედეგიც დავინახეთ. ახლა კი კონკურსანტები:

მარიამ კახელიშვილი – ბომბი, მშვენიერი გამოსვლა, არ მაქვს შენიშვნები. ამ ჟანრში ძალიან მაგარია და რახან შოუ და გამოცდაა, მინდა, ვიხილო, თუ როგორ ასრულებს “ხმადაბალ” და ლირიკულ ნაწარმოებებსაც.

თამუნა შავერდაშვილი – რაღაც დამაკლდა მის სიმღერაში და ეს იყო როკული სული, რომლის წამოღებასაც თავისი ბრწყინვალე ვოკალით ეცადა და ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც, მაგრამ თვითონ კომპოზიციაა შედარებით “რუტინული” და, შესაბამისად, წამგებიანი, რადგან მისით აუდიტორიის “აგდებას” უფრო მეტი დრო უნდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თამუნას ისღა დარჩენოდა, სასცენო მოძრაობებით ამოექაჩა დანაკლისი, რაც არ გააკეთა და ეს დააკლდა შესრულებას.

სალომე ტეტიაშვილი – ერთადერთი, რაც ხმაში აკლია, გამოცდილებაა და ეს ყოველთვის და თითქმის ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში ჩანს. თუმცა დამატყვევებელი ხმა აქვს, ტანისამოსი, მაკიაჟი, სცენაზე ქარის ეფექტი – დააკვდა და ძალიან კარგად მოუხდა სიუჟეტს. აქ ჩანს სწორად შეჩეული ნაწარმოების მთავარი მნიშვნელობა, რომელმაც სალომეს აუდიტორიის მონუსხვის საშუალება მისცა.

სოფო სააკაშვილი – სიმართლე გითხრათ, ამხელა დიაპაზონს მისგან არ მოველოდი. მისმა შესრულებამ ღამის დედოფლის სტაკატოები გამახსენა. ძალიან კარგი ქნა სტეფანემ, როცა “ოთხ სკამზე” სოფო აირჩია. ამასთან ერთად, ერთადერთი შემსრულებელია, რომლის მღერაც და ცეკვაც ორგანულად იყო შერწყმული ერთმანეთთან. მართლაც, თუ ოდესმე მიუზიკლი აღდგა ჩვენთან (ოღონდ ჯანსაღი ფორმით და არა “ქეთო და კოტე”), სოფო იქნება ნომერ პირველი. ჩემი აზრით, სოფო თავისი ოთხეულის ლიდერი იყო.

ვეთანხმები ჟიურის გადაწყვეტილებას, მაგრამ ნაკლებად ვეთანხმები მაყურებლისას.

მომღერლები 25 წელს ზევით

ლევან გვაზავა – თითქოს ყველაფერი სწორი იყო, რაც და როგორც შეასრულა, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვუყურებდი 6 წლის წინანდელი დონის “ჯეოსტარს”. არადა მას შემდეგ საკმაოდ გავიზარდეთ. არ ვიცი, სიმღერა ვინ შეარჩია, მაგრამ ამ შესრულებას მეტი “სითესლე” უნდა, რაც დარბაზიდანაც და ტელევიზორიდანაც ხელოვნურად მომეჩვენა. პირველი გამოსვლის მერე შრომა და შედეგი კი შეინიშნებოდა, მაგრამ შესრულებისას მაინც ეტყობოდა, რომ რაღაცნაირად მისი არ იყო.

ნათია თადიაშვილი – სამწუხაროდ, ნათიას არც ერთი გამოსვლა არ მომწონებია. აქამდე ჟიურის მიკვირდა, თუ რამ გადარიათ ასე, რომ “ოთხ სკამზეც” დატოვეს. გუშინ საკუთარი თვალყურით დავრწმუნდი (და ჟიურის აზრიც დაემთხვა) საკუთარი მოსაზრების სიმართლეში. ისეთ რეპერტუარს ეჭიდება, რომელიც ითხოვს თითქმის საოპერო მომღერლის მონაცემებს – სწორ, დიდ და თანაბარ სუნთქვას, ბროლის ბგერას და კარგ პრონაუნსს. სამწუხაროდ, არც ერთი მას არ გააჩნია. თან მიჭირს წარმოდგენა, თუ სხვა ჟანრს როგორ გაართმევს თავს. სამაგიეროდ, ქართველი ერი არ მეთანხმება და თუ მომავალ ტურში, მის ნაცვლად, სხვა გავარდება, იქნება არა იმდენად ქარველი მსმენელის, არამედ ჟიურის ბრალი, რომელმაც ლამის ყელი გამოიჭრა, ისე ადიდა შესარჩევ საფეხურებზე.

თორნიკე ყიფიანი – ჩემი აზრით, ყველაზე მეტი ყველაზე ნაკლებ დროში თქვა სწორედ ამ ადამიანმა. მინიმალიზმი, პროფესიონალიზმი, ფანტასტიკური ხმა და, რაც მთავარია, ის მაგია, რაც ძალიან, ძალიან ცოტას თუ აქვს – მაყურებლის ცნობიერებაში შეღწევის უნარი. მსგავსი შოუებიდან ასეთი მხოლოდ ლუკა ზაქარიაძე მახსენდება. ორივე შემსრულებელს აქვს რაღაც ისეთი, რომ სიმღერის დაწყებისთანავე იქცევენ ყურადღებას. თორნიკემ მოახერხა და გიტარაზე რამდენიმე ჩამოკვრით დარბაზი (რომლის ნახევარი უზრდელი და უსმენოა) დაადუმა, დააფიქრა და რაღაც ასწავლა.

სოფო თინიკაშვილი-ხანჩალიანი – ლირიკული ჟანრის სიმღერებში ბგერის ასეთი ოსტატობა ლაივში პირველად მოვისმინე. ისიც ვიფიქრე, რაიმე ეფექტი ხომ არ ადევს ხმას-მეთქი. ძალიან მაგარი შესრულება იყო, თუმცა აკლდა სასცენო მოძრაობა და ჟესტიკულაცია, რომელიც ნაწილობრივ სიმღერის შემოკლების ბრალია. ასე რომ სოფოს გამოსვლა ვოკალურად იყო უნაკლო, ხოლო ვიზუალურად უკეთესიც შეიძლებოდა. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ.

ვეთანხმები ჟიურის გადაწყვეტილებას და სასტიკად არ ვეთანხმები მაყურებლის არჩევანს.

ჯგუფები

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ X-ფაქტორის ყველაზე სუსტი ნაკადი სწორედ ჯგუფებია. მეტიც, ჩემი აზრით, ეს მიმართულება ზოგადად მთელს მსოფლიოში წურავს თავის თავს, ვინაიდან დღეს შემსრულებლები თავადვე გვევლინებიან მუსიკის ავტორებად, ხოლო კომპოზიტორები – შემსრულებლებად. მაგალითისთვის უცებ იან ტიერსენი მახსენდება. მიუხედავად ზემოთქმულისა, თუ რომელიმე ნაკადს პროგრესი დაეტყო, რა თქმა უნდა, ჯგუფებია, რაც პირდაპირ სოფოს დამსახურებაა.

Sparkle – სწორად შერჩეული სიმღერის ნამდვილი მაგალითია. თეატრალური ელემენტებიც მომეწონა. პრინციპში, ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა “ჩიკაგოს” გაცოცხლება. რამაც ძალიან მომხიბლა, იყო ჰარმონიული გადასვლა სიმღერიდან სიმღერამდე. რაღაც მომენტში დავიჯერე, რომ ვოკალურ ჯგუფებს ჩვენთან მომავალი აქვს. ძალიან მინდა, რომ იმედები არ გამიცრუვდეს.

აკე და ანა – ვეთანხმები თამთა გოგუაძეს, როცა ამბობს, რომ მათში არაფერს შეცვლიდა. შოუს ნამდვილად სჭირდება ასეთი “სხვანაირი” შემსრულებლები, რომელთაც ინდივიდუალური გემოვნება და შესრულების ინდივიდუალური სტილი შემოაქვთ. თავიდანვე მომეჩვენა, თითქოს აკეს შესაძლებობები დუეტში რაღაცნაირად იჩაგრებოდა და მართალიც აღმოვჩნდი, სოლო შესრულებებში აკეს ძალიან მაგარი ვოკალი და შესრულების მანერა აქვს, რასაც აქ ბოლომდე ვერ ავლენს. ჯერჯერობით მაინც ინდივიდუალიზმის ხარჯზე მიდიან და დანარჩენი ვნახოთ.

4’s Age – ქართული Back Street Boys, თავიდან ბოლომდე. აქაც პროგრესი სახეზეა. ადრე მეგონა, რომ მხოლოდ გარეგნობისთვის გადმოიყვანეს აქამდე, მაგრამ თურმე კარგადაც მღერიან. ყველაზე მეტად გიორგის ხმა გამოირჩევა და კარგია, რომ მენტორმაც სწორად გაანაწილა როლები ამ მსუბუქ, მაგრამ არა ადვილ სიმღერაში. ვისურვებდი, შემდეგში დრამატული ნაწარმოები შეასრულონ და თავიანთი შესაძლებლობები ამ ჟანრში დაგვანახონ.

Fancy Girls – რაღაცნაირად ვგრძნობდი იმ მომენტის დადგომას, როცა სოფოს ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონებმა მართლა ცეცხლი დაანთეს და ბიჭებს სისხლი აგვიდუღეს, ახალი იქ არაფერი თქმულა. ეს იყო კარგი ნამღერი, რომლის იქითაც WOW-ს პერსპექტივა არ ჩანდა, არ იქნებოდა განვითარება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, დანარჩენებისგან უფრო მეტის მოლოდინი და იმედი მაქვს. მეტი გამოცდა უდრის მეტ გამოცდილებას.

ვეთანხმები ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებას.

ბიჭები

მივადექით ყველაზე საკვანძო ადგილს, რომელსაც ალბათ ყველაზე უფრო ელოდა მაყურებელი. ის-ის იყო, მივდიოდით შოუს ფინალისკენ, რომ მოხდა წარმოუდგენელი რამ, რამაც პირადად მე ჩამამწარა მთელი სიამოვნება. ამ ნაწილს მეორე გამომსვლელით დავიწყებ.

ნიკა კიკნაძე – პროფესიონალი, რომელსაც, როგორც მსმენელი, ვენდობი, რადგან მჯერა, რომ მისი ყოველი გამოსვლა არის ხარისხიანი. ის მართლა ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს უკვე სტაჟიანი, ბევრის მხილველი როკ ვარსკვლავის ერთ-ერთ კონცერტს ესწრები. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა აკუსტიკური გიტარის უპირატესობა ფონოგრამასთან მიმართებაში, რადგან ნიკამ შემოკლებული მუსიკაც კი იმენად მოირგო, რომ სიტყვა “კონკურსანტს” მნიშვნელობა დაუკარგა. ტექსტში პატარა შეცდომაც ვაპატიე და მოუთმენლად ველოდები მომდევნო გამოსვლებს.

მებო ნუცუბიძე – ამ ადამიანის ყოფნა პროექტში ნიშნავს, რომ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ კომპოზიტორ-შემსრულებლებიც ფასდებიან. მებოს ხმა არ არის ვოკალური სასწაული, თუმცა ნამდვილად არის ბევრ აკრობატულ ვოკალზე შთამბეჭდავი და სულშიჩამწვდომი. მიუხედავად ამისა, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ სიმღერა ძალიან ცუდად იყო შემოკლებული. ეს ლამაზი სიმღერა ან არ მოკლდება, ან ცუდად მოკლდება. როგორც ხედავთ, მეორე ვარიანტი აღმოჩნდა სწორი. ამასთან ერთად, მებოც და ნიკაც არ არიან “მოქნილნი” სცენაზე და ვფიქრობ, უმჯობესია, ნაკლები იმოძრაონ. ის, რომ მებო დიდი ხელოვანია, ეს X-ფაქტორამდეც ვიცოდი(თ) და იმედია, ეს პროექტი მის ნიჭს კიდევ უფრო წარმოაჩენს. დიდი იმედი მაქვს, რომ BearFox-ის მუსიკა მალე ახალგაზრდების გულს დაიპყრობს, ოღნდ არა მხოლოდ კეთილი ღიმილის ხარჯზე, არამედ რეალურად გახდება კომერციულად მომგებიანი. როცა ადამიანი მთელს ცხოვრებას ხელოვნებას უძღვნი, მთლად ალტრუიზმზეც ვერ იქნები. მებო საკმარისზე მეტად ჰუმანურია ამ საქმეში და მისი ხელოვნება მატერიალურადაც უნდა დაფასდეს.

მიშო ელიავა – პირადად სიმღერის ეს ვერსია არ მომეწონა. მიშოს ძლიერი ბარიტონი აქვს და, ვფიქრობ, მისი მონაცემები ამ კუთხით უნდა წარმოეჩინათ. ამასთან ერთად უფრო მეტ ენერგიას მოველოდი მისგან, რადგან მაინც შოუა და მხლოდ თვალების ჟუჟუნი საკმარისი არ არის. სცენაზე სიცარიელე არ უნდა იგრძნობოდეს, მით უმეტეს, რომ სიმღერა და ტექსტი იძლეოდა ჟესტიკულაციით გადმოცემის საშუალებას. როცა რომელიმე სიმღერა არათავდაპირველი ვერსიით სრულდება, ტექსტის მნიშვნელობაც ახლებურად უნდა იქნეს გააზრებული, რაც ამ შემთხვევაში ვერ დავინახე. იმედი მაქვს, მომავალ ტურში სულ სხვანაირ მიშოს ვნახავთ.

გიორგი ბერიძე – ჩემი დღევანდელი პოსტის X სწორედ ეს ადამიანია. გუშინს მერე ვფიქრობ და ვერ ამომიხსნია, რატომ მიიღო მენტორმა ასეთი გადაწყვეტილება და თავის ჯგუფს ერთ-ერთი საყრდენი, ხოლო მაყურებელს – ფავორიტი გამოაცალა. გიორგი არის ჩამოყალიბებული მომღერალი, რომელსაც უნდა ებრწყინა ამ შოუში და მაყურებელი მუსიკალურ შოკში ჩაეგდო. გიოს პირადად ვიცნობ და გეტყვით, რომ გაცილებით მეტია, ვიდრე როკმომღერალი. უყვარს კლასიკური და საოპერო მუსიკა, რაც მისი, როგორც შემსრულებლის დიაპაზონს აფართოებს. გიორგი ბერიძის პროექტიდან გაშვებით X-ფაქტორმა ძალიან ბევრ ხარისხინ მუსიკალურ თავგადასავალზე თქვა უარი. ეს არ იყო მენტორის მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილება, ეს იყო *ლეობა. *ლეობა, რომელს შედეგიც სამომავლოდაც იჩენს თავს.

აქ დაგემშვიდობებით. წარმატებები თქვენც და კონკურსანტებსაც.

15 thoughts on “X Factor-ის პირველი *ლეობა

  1. ყველაფერი მართალია, მოხდა საოცრება და დღეს ბევრიც გიწერია, მაგრამ ამ ბოლოს პოსტები ცოტა მოსაწყენი და ძალით დაწერილი მჩვენება…. :/ ადრე ურფო ბუნებრივი, სახალისო და რაღაცნაირად განსხვავებული იყო.
    პ.ს. ბერიძის გაგდება საჭირო იყო ალბათ რომ მეტი ფული იშოვონ. მიშო ხო სიმპატიურია :))

    • გადავეჩვიე პოსტების წერას :))
      თან ეს მიმოხილვაა და დეტალურად მინდოდა გაშიფრვა

    • auf da ras ambobt , giorgi nakleb simpatiuria ???? me tu mkitxavt giorgi ufro mamakacuri da mimzidvelia vidre es vigac tuchebdapruwuli da zaliat xma dayenebuli mishooo

      • მიშოს ბუნებრივი ხმის ტემბრია ეგეთი, ძალით დაყენებული არ აქვს.

      • ეგ გემოვნების საკითხია, მე არცერთი არ მესიმპატიურება :დ (საერთოდ გარეგნობა რა შუაშია)
        მე მაგაზე ვბრაზდები რომ გარეგნობასაც დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ ქართულ მუსიკალურ პროექტებში და იმაზე ფიქრობენ ვის მეტი ხალხი დაურეკავს და არა ვინ უფრო იმსახურებს გამარჯვებას.

        • 1. გარეგნობა, გინდა არ გინდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია – კონჩიტას მაგალითი
          2. შოუა ეს და ფული ზარებით კეთდება.

  2. გეთანხმები, ბერიძის სახით ბევრი დაკარგა გაბუნიამ და საერთოდ, პროექტმა. მებო სუპერ მუსიკოსია და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუსმენ, სიმშვიდე, სითბო და სიყვარული მოაქვს. ❤

    4's age არ მომეწონა; ბევრი შეცდომა მომხვდა და საერთოდ არ მოაქვთ ის მუხტი რაც ბოიბენდს უნდა ქონდეს. ჯგუფები მართლაც ყველაზე სუსტია და ძალიან მძაფრად იგრძნობა ეს.

    მოკლედ ძირითად ნაწილში გეთანხმები. 🙂

  3. დაგეწერა რომლიდან ვინ გააგდეს, ვისაც არ გვიყურებია მათთვის

    • გოგოები – თამუნა შავერდაშვილი 😦
      25 + – ლევან გვაზავა
      ჯგუფები – Fancy Girls
      ბიჭები – გიორგი ბერიძე 😦

  4. იმდენად გეთანხმები ყველაფერში, არც ვაპირებ რამის დამატებას. უბრალოდ, მიშოს რომ დაიტოვებდა ეგ ვიცოდი, რატომღაც თავიდანვე აღფრთოვანდნენ მისი “თვალების ჟუჟუნით”.

  5. giorgi beridze gaagdes da simpatiurobis X factori datoves>? gaatrion eg mishiko amndedan bevri uketesi momgerali wavida saxlshi magis xarjze :S

  6. რა გაგიკვირდათ? გაბუნია და სტეფანე ისეთ ბიჭს დატოვებდნენ პროექტში,რომელიც ძალიან მსხვილ ხაზს უსვამს იმას,რამდენად არამამაკაცურები სხედან ჟიურიში? მიშოთი რა საეჭვოდ არიან აღფრთოვანებულები ისე… 🙂

  7. Getanxmebi yvelafershi…mishos darchena ki gabunias tvalebis brwyinvas mivawere misi simgeris dros…aba sxva ra axsna aqvs ver mivxvdi…tsvistvis unda albad…ai bichebis jgufi ki calcalke ufro kai tipebi arian vidre ertad roca mgerian…an aqamde rogor movidnen mikvirs,mara axsna mainc aqvs boy bendis tema…au eliavas darchena ki ver amovxseni da isga vifiqre gabunia umiznebs yavistvistqo….iqneb da gaexsnas bedi magasac,patara xo agaraa daberda egec :))

დატოვე კომენტარი