ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


15 Comments

X Factor-ის პირველი *ლეობა


ესეც ასე, გუშინ X-ფაქტორის პირველი ლაივ კონცერტი ვიხილეთ და, მოიცათ, ვიდეოებს გადავხედო. სულ მავიწყდება, რომ დარბაზში საუნდს ტელევიზიისთვის ასწორებენ…

15 წუთის შემდეგ.

ჰო, როგორც ვვარაუდობდი, მშვენიერი გამოსულა, ფინალურ გადაწყვეტილებას თუ არ ჩავთვლით, რაც, ჩემი მოკრძალებლი მოსაზრებით, იყო მაგარი *ლეობა. მეგობრები მიმტკიცებენ, ბალკონზე კარგად ისმისო, მაგრამ მთელი დარბაზი იქ ვერ ავალთ. თან მე ახლომხედველი ვარ. მოკლედ, შოუ გამოვიდა მშვენიერი. კონკურსანტებმაც, ზოგადი შეფასებით, იყოჩაღეს და თითქმის ვეთანხმები ჟიურის აუტსაიდერების გაშვებაში. თუმცა სანამ მათზე გადავალ, ჯერ ყურადღებას სხვა რამეზე შევაჩერებ:

ჯერ არ მინახავს ფილარმონიაში ამდენ კარგად შესრულებულ სიმღერას ასეთი ცოტა აპლოდისმენტი მოჰყოლოდეს. რატომ? იმიტომ, რომ სიმღერები სასწაულად იყო დაჭრილ-შემოკლებული. გასაგებია, რომ კონცერტის უსაშველოდ გაწელვა მაყურებელსაც და მონაწილესაც დაღლის, მაგრამ სიმღერები, რომლებიც ისეა შეპრუწკუნებული, რომ დარბაზის აყოლიება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, უკვე დანაშაულია. იმიტომ, რომ კონკურსანტებს ეძლევათ არათანაბარი საშუალება, ზემოქმედება მოახდინონ აუდიტორიაზე. ჩქარი და ენერგიული სიმღერა თავიდანვე დიდი მუხტით იწყება, ხოლო ის კომპოზიციები, რომლებიც განვითარებასა და კულმინაციამდე მიყვანას მოითხოვს, შემოკლებისას სერიოზულად მახინჯდება. სამაგიეროდ მათ, ვინც აკუსტიკური გიტარის თანხლებით იმღერა, გაცილებით უკეთ ჰქონდათ საქმე, რადგან იმ შემოკლებულ სიმღერასაც კი თავიანთი შინაგანი მუსიკალურობის კარნახით ავითარებდნენ და ირგებდნენ. შედეგიც დავინახეთ. ახლა კი კონკურსანტები: Continue reading


16 Comments

პიარი და ასრულებული ოცნება


ეს პოსტი პიარსკოლის ბლოგზე დავწერე და გადავწყვიტე, რატომაც არა! აქაც გადმოვიტან 😉

პიარზე უნდა დავწერო. სულ მინდოდა, როგორღაც დამეკავშირებინა ჩემი “საბლოგერო კარიერა” ამ სფეროსთან. ბოლო დროს ნელ–ნელა აღმოვაჩინე და გავაცნობიერე, რომ ყველა თანამედროვე და ძალზე ცნობილი პიროვნების, მოვლენისა თუ გადაწყვეტილების (მოკლედ, ყველაფრის) უკან დგას ის, რაც ჯერ ყველასთვის ხილული არ არის. ეს პიარია.

როდესაც კინოვარსკვლავი საჯარო გამოსვლისას თავის ჰალსტუხს მოიხსნის (მაგალითი გამოგონილია) და განაცხადებს, რომ ამ ნივთის ფასად 100 ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ გამოიკვებებოდა და თვალცრემლიანი ჰალსტუხს აუქციონზე გაიტანს, ესეც პიარია. წინასწარ დაგეგმილი და აუდიტორიის კეთილგანწყობაზე გათვლილი პიარი. ამ კინოვარსკვლავის იმიჯმეიკერები დიდხანს იფიქრებდნენ, თუ მისი რომელი ნივთი გამხდარიყო “ქველმოქმედების მსხვერპლი”.

დღეს პიარი – ეს ჩემთვის ახალი აღმოჩენა, – უფრო და უფრო იკრებს ძალებს და მასაზე ზემოქმედების არეალსაც ზრდის. როცორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტში. მე დადებითზე ვისაუბრებ, რადგან არ მინდა, თავიდანვე ცუდით დავიწყო. საერთოდ, ცუდისა და კარგის გარჩევა, ეს სხვა თემაა და ახლა მაგაზე ფიქრით ნერვებს არ მოგიშლით 🙂

ამ თემაზე ადრეც დავწერე:

ვინ იყო სიუზენ ბოილი თუნდაც შარშან ამ დროს? – შოტლანდიის ერთ–ერთი გაუთლელი სოფლელი.

ვინ არის სიუზენ ბოილი დღეს? – მსოფლიოში თუ არა, ევროპასა და აშშ–ში საყოველთაოდ ცნობილი მომღერალი.

მისი დებიუტი შოუში Britain’s Got Talent შედგა. “მე ვარ 47 წლის, მაგრამ ისევ ფორმაში ვარ. რა, არ მეტყობა? 😀 მინდა, ვიმღერო I Dreamed A Dream”. ხალხს სიცილი აუტყდა. როგორ შეიძლებოდა ამ ხნის ქალს, რომელიც პროვინციული აქცენტით საუბრობდა, მოეხდინა სასწაული და კრიტიკულად განწყობილი აუდიტორიის სიმპათია მოეპოვებინა? ძალიან უბრალოდ: პირველივე ფრაზიდან, პირველივე ბგერებიდან “I dreamed a dream…” სიუზენ ბოილის “dream”-მა ასრულება დაიწყო. იგი უკვე იმ წუთებშივე ვარსკვლავი გახდა. ჯერ იმ დარბაზში, შემდეგ კი, YouTube–ის წყალობით, მთელს მსოფლიოში.

დაუჯერებელ ამბავს, რომელიც 47 წლის ქალს თავს გადახდა კონკიას ისტორია აქვს. შეუხედავი ქალბატონი დღეს გაცილებით უკეთ გამოიყურება, გაცილებით ძვირადღირებულ და მოდურ ტანსაცმელს იცვამს და უკვე საკუთარი ალბომიც გამოუშვა. ლეგენდა კი ასეთია: შუა ხნის სოფლელ კონკიას ოცნება აუსრულდა და მუსიკალურ გენიად იქცა. ამ ლეგენდის შექმნაში, ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში კი, რა თქმა უნდა, პიარის მძლავრი მანქანა მუშაობს. ვინაიდან და რადგანაც, ლეგენდა ნამდვილია, ახლა მთავარია მისი კარგად და გემოვნებიანად შეფუთვა და ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა.

მგონი, ყველაფერი ნათელი იქნება, როცა ამ ორ ვიდეოს დააკვირდებით: ერთი არის სიუზან ბოილის პირველი გამოსვლა, ასე ვთქვათ, გარდაქმნამდე (სიმღერა – I Dreamed A Dream); მეორე კი უკვე აღიარების შემდეგ… (Wild Horses) მე კი წარმატებებს გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც 😉


12 Comments

ნიჭი თუ გარეგნობა?


დღესმსოფლიოს გარეგნობა მართავს. ნიჭი და გარეგანი მომხიბვლელობა (დღეს – სექსუალურობა) საკმაოდ დაუახლოვდა ერთმანეთს. იმდენადაც კი, რომ ერთმანეთის ალტერნატივადაც კი იქცა. ამჟამად იშვიათია, ელა ფიცჯერალდის ხმის მქონე ადამიანი გახდეს ცნობილი ვარსკვლავი, თუ მას ელასივე გარეგნობა აქვს. ვისაც რაიმე ფანტასტიკური ნიჭი აღმოაჩნდება და ძალიან სურს შოუბიზნესში სოლიდური ადგილის დამკვიდრება, იძულებულია, лечь под ножом… 😦

michael jackson 1ამერიკელი ხალხის sex-კერპი (თუ ex-კერპი) მაიკლ ჯექსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დიდების ცდუნებას ემსხვერპლა. 80-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში ჩატარდა დიდი გამოკითხვა, “როგორი უნდა იყოს ამერიკელი ერის გმირი”. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ასეთი ადამიანი კარგად უნდა მღეროდეს, ცეკვავდეს, იყოს სექსუალური, მოქნილი, ენერგიული, მიმზიდველი გარეგნობის… ჯექსონს ყველაფერი ჰქონდა, გარდა ხალხისათვის მიმზიდველი გარეგნობისა, ამიტომაც მისი ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა პლასტიკური ოპერაციების შემდეგ. როგორც შეიცვალა, რა სიმაღლეებს მიაღწია და რა მდგომარეობაშია ახლა, ეს ყველამ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონის ფაქტი აღიარებულია პლასტიკური ქირურგიის შეცდომად, მსოფლიოში კიდევ ბევრი აგრძელებს თავის ამგვარ დამახინჯებას. შედეგები კი სავალალოა.

კიდევ ბევრი სხვა მსჯელობიდან გამომდინარე, რომლითაც აქ თავს არ შეგაწყენთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი არაჰოლივუდური ან, სერთოდ, არასიმპათიური გარეგნობის მქონე ნიჭიერი ადამიანი, გაპიარების შემთხვევაში, იმისათვის, რომ ტელეგენური და შოუს სტანდარტების შესაფერისი გახდეს, დამახინჯების სერიოზული საფრთხის წინაშე დგება. 2009 წლის 11 აპრილს, ცნობილ შოუში Britans Got Talent, 47 წლის მომღერალმა ქალმა სუზან ბოილმა, საოცარად ლამაზად შესრულებული სიმღერით, კონკურსი მოიგო. ქალბატონი სოფლიდან ბრძანდება და, თავისი ქცევებით, შორსაა დახვეწილობისა და კდემამოსილებისგან. თუმცა სცენაზე გამოსვლის პირველივე წუთებიდანვე ეტყობოდა, რომ გულწრფელი იყო.

ამ უსიმპატიურო ქალის წინააღმდეგ განწყობილი იყო მთელი დარბაზი, მანამ, სანამ სიუზან ბოილმა “I Dreamed A Dream” არ იმღერა. პირველივე ნოტებიდანვე მაყურებლის აბსოლუტური უმრავლესობა მოჯადოვებული გახდა მისი ხმითა და შესრულების სინაზით. სიმღერის შუა ნაწილში ხალხი ფეხზე წამოდგა, ბოლოში კი უკვე აღარავის აინტერესებდა მისი გარეგნობა…

როგორი გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ კონკიას ისტორიას? შეიძლება თუ არა ეს ქალბატონიც “გადააკეთონ” VOGUE-სა და სხვა ჟურნალების გარეკანის მოთხოვნების შესაბამისად? აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა, ეს ახლადაღმოჩენილი ტალანტიც გახდეს სილამაზის მსხვერპლი?…


%(count)s კომენტარი

ლუჩანო პავაროტი – ხმა, რომელსაც უფალი ეამბორა


1782812007 წლის 6 სექტემბერი, ხუთშაბათი. ერთ-ერთი ჩვეულებრივი და მზიანი და ხალისიანი დღე. როგორც იქნა, ძილს თავი გავართვი და, ჯერ კიდევ გაბრუებულმა, უსაქმურად დავიწყე ოთახებში ხეტიალი. ამასობაში მობილურზე მესიჯი მივიღე… რამდენიმე საათში კი დღიურში აკანკალებული ხელით ჩანაწერი გავაკეთე: “ლუჩანო პავაროტი – ეს უკვე ისტორიაა”…
იმ დღეს მსოფლიომ ხმა დაკარგა. ხმა ბავშვური აღტაცებით მომღერალი ტენორისა. თუნდაც გუშინ საღამოს, როდესაც მის ხმას ვუსმენდი, ვიცოდი, რომ სადღაც, იტალიაში ის იქ იყო… მე ვგრძნობდი მასთან კავშირს. ლუჩანო პავაროტი ცოცხალი იყო და მისი ჩანაწერების მოსმენისას, თითქოს, მისი ხმა ცოცხლად ჩამესმოდა. იმ დღის შემდეგ კი ყველანი უკვე წარსულს ვუსმენთ…
მან, სულ მცირე, 40 წელიწადს იმღერა. ერთ-ერთი გამოსვლისას გინესის რეკორდი დაამყარა – იგი ბერლინში ბისზე 165-ჯერ გამოიძახეს, ტაშს საათი და 20 წუთის განმავლობაში უკრავდნენ. 1993 წელს კი მისი კონცერტი ნიუ იორკის “სენტრალ პარკიდან” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და პლანეტის მოსახლეობის მეხუთედი ადევნებდა თვალს. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ლუჩანო პავაროტიმ ნოტები არ იცოდა!

დიდი აღმოჩენადიდი აღმოჩენა

“ვფიქრობ, მუსიკისათვის მიძღვნილი ცხოვრება, ჭეშმარიტად განვლილი ცხოვრებაა, რასაც მთელი ჩემი სიცოცხლე მივუძღვენი”, _ ასე ლაკონიურად შეაჯამა ლუჩანო პავაროტიმ საკუთარი მოღვაწეობა. ეს ფრაზა მის ვებ-გვერდზე ამოვიკითხე. იქ მეტი აღარაფერი წერია. მხოლოდ მომღიმარი სურათი და ნათელი ხსოვნა იმისა, ვისაც ასე უხაროდა სიცოცხლე. მისი გარდაცვალების შემდეგ მუსიკალურმა სამყარომ, თითქოს, გუმბათი დაკარგა. პლასიდო დომინგომ იმ დღეს “შავი” უწოდა. დაიკარგა არა მხოლოდ გენიალური ხმა, არამედ, მხიარული, ჰუმანური და საოცრად გულკეთილი ადამიანიც.
პავაროტის ლირიკული ტენორი იყო. თუმცა ყველა მსმენელისათვის იგი დარჩა ხმად, რომელშიც მუდამ გაზაფხული ჟღერდა. სურნელოვანი, ფერადი ყვავილებითა და ფლეიტის ჰაეროვანი ბგერებით სავსე გაზაფხული. ამ ნიჭის მქონე არ შეიძლებოდა, ყოფილიყო ბოროტი და გულქვა. ვერც იქნებოდა. პავაროტის არ შეეძლო, ეთვალთმაქცა და ეთამაშა კეთილი ადამიანის როლი. იგი ასეთი დაიბადა. სწორედ ამით აოცებდა ყველას, ვინც მის უბრალო, მაგრამ სრულიად გულწრფელ ჟესტებს აკვირდებოდა. მას აღფრთოვანებაც განსაკუთრებული ჩვეოდა: ყოველი არიის დასრულებისას, ბედნიერი სახით გაიღიმებდა და ხელებგაშლილი დგებოდა აუდიტორიის წინაშე. დიდი ტენორი, თითქოს, გულში იხუტებდა მაყურებლებს.
ლუჩანო პავაროტის ხმა საოცრად ერგებოდა მრავალი სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკას და მას თავისებურ, ინოვაციურ ელფერს აძლევდა. შედეგად, მომღერლის პოპულარობა გაიზარდა კლასიკისადმი ყველაზე რადიკალურად განწყობილ მსმენელთა შორისაც კი. ხოლო სიმღერა “Caruso” პავაროტის პოპ-მუსიკალურ ხელწერად გადაიქცა.
“იგი არ მღეროდა მხოლოდ ხმით, პავაროტი მთელი თავისი სულით მღეროდა” _ პაატა ბურჭულაძე. ხოსე კარერასმა ლუჩანოს ხმას “მზე” უწოდა.
ძალზე სამწუხაროა, რომ საქართველო ვერ გახდა ის ბედნიერი ქვეყანა, რომელიც ამ თვითნაბად გენიას იხილავდა თავისთან. იყო სურვილი, იყო გეგმაც, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა… ამ საკითხზე ფიქრისას ერთადერთი, ვინც პირველად გამახსენდა, მუსიკამცოდნე, ქალბატონი მაია დათუნაშვილი იყო. მან ხომ საკუთარი თვალით ნახა მუსიკალური გენია. მეტიც, მან ინტერვიუ აიღო ამ ადამიანისგან. ასე გადაიქცა ქალბატონი მაია ჩემს უახლოეს მიზნად. მანაც, ღიმილით, უამრავი ინფორმაცია მომაწოდა ყოვლისმომცველი ხმის მქონე ოხუნჯი იტალიელის შესახებ.

“ის იყო პირველი ადამიანი მთელს საოპერო სივრცეში, _ აცხადებს იგი _ რომელმაც ოპერა პოპულარული გახადა და ის მასობრივ ხელოვნებად აქცია. მან ეს შეძლო დიდი ძალისხმევითა და ერთგვარი ავანტიურით: მისი პირველი კონცერტი მოეწყო ლას-ვეგასის კაზინოში. პროექტი, კომერციული თვალსაზრისით, ძალიან შემოსავლიანი გამოდგა. ამას მოყვა სხვა მსგავსი ტიპის კონცერტები, რომელთა შორის აღსანიშნავია “სამი ტენორი” და “პავაროტი და მეგობრები”. ყოველივე ამან ძალიან შეუწყო ხელი ოპერის პოპულარიზაციას”.

ITALY-PAVAROTTI/ცნობისათვის, “სამი ტენორის” 100 მილიონზე მეტი ალბომია გაყიდული. ერთ-ერთი კასეტა მეც შევიძინე და პირველად, სწორედ, მაშინ აღმოვაჩინე ჩემთვის მანამდე, თითქმის, უცნობი სამყარო. განუმეორებელი კარერასის, დომინგოსა და პავაროტის (სამი ტენორის) ერთ-ერთი კონცერტი საშობაო მელოდიებს ეძღვნებოდა. ორი ტენორი “თავგამოდებით” მღეროდა, პავაროტი კი _ უბრალოდ, იდგა და მღეროდა. არავითარი ზედმეტი მოძრაობა. პირის ოდნავი გაღება და ფრენა-ფრენით ჟღერდა ფრაზები “ჭარ ის ოვერ ნოწ…” აქ სათქმელიც აღარაფერი იყო.
ლუჩანო პავაროტი ერთი ჩვეულებრივი ტემპერამენტიანი იტალიელი გახლდათ, რომელიც 1935 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ მოდენაში დაიბადა. მოყვარული ტენორის – ფერნანდო პავაროტის ოჯახში. ბავშვობაში ლუჩანოს ფეხბურთი იტაცებდა, თავდამსხმელადაც თამაშობდა მოდენას ახალგაზრდულ საფეხბურთო გუნდში. სკოლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობა სურდა. თუმცა 1961 წლის 25 აპრილს ყველაფერი შეიცვალა. მის მიერ შესრულებულმა რუდოლფოს პარტიამ, პუჩინის ოპერა “ბოჰემიდან”, ფურორი გამოიწვია. მაყურებელი გააოგნა უპრეცედნტო ხმის ტემბრმა და ჟღერადობამ. პავაროტი ოპერის თეატრში შევიდა, როგორც სადაზღვეო აგენტი და იქიდან გამოვიდა, როგორც ნამდვილი ტენორი.
luciano_pavarottiერთ-ერთ ინტერვიუში ლუჩანო ისხენებდა, რომ როდესაც ბავშვობაში კარუზოს ჩანაწერებზე სიმღერას ცდილობდა, მამამისმა დაუშალა: შენგან კარუზო არ გამოვაო. პატარა ლუჩანოს თავისთვის ჩაულაპარაკნია, იყო კარუზო, მაგრამ იქნება პავაროტიც. ასეც მოხდა: მხიარული, მორცხვი, მაგრამ უნიკალური ხმის მქონე ბიჭი ადვილად შეამჩნიეს და ლა სკალას დასშიც შესთავაზეს ადგილი. ეს იყო სასწაული. მრავალი მომღერლის ოცნება პავაროტის, თითქოს, ძალდაუტანებლად აუხდა. რამდენიმე წელიწადში ხმა და ტექნიკა ისე დახვეწა, რომ ლონდონის “კოვენტ გარდენში” სენსაცია მოახდინა: მან პირველმა აიღო ცხრავე მაღალი “დო” ცნობილ არიაში “ასეთი ბედი მაქვს” (“პოლკის ქალიშვილი”, დონიცეტი), რითაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ტიტული მაღალი დო-ების მეფისა.
პავაროტის ბელ კანტოს სკოლა ჰქონდა გავლილი, რაც აისახა მისი ხმის დამუშავების ხარისხსა და სასიმღერო ტექნიკაზე. ამასთანავე, ლუჩანოს სიმღერა გენეტიკურად მოსდგამდა. მამამისი, ფერნანდო პავაროტი, 86 წლის ასაკში, კიდევ მღეროდა მოდენას საეკლესიო გუნდში. მამა-შვილი არასდროს ახდენდა ხმაზე ზეწოლას, ყოველთვის თავისუფალი სუნთქვითა და ბგერით მღეროდნენ. რის წყალობითაც, იგი სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს. თვითონ ლუჩანო თვლიდა, თუ ხმას ძალადობას არ გაუწევ, იგი არასდროს გიღალატებს.

ქალბატონი მაიასგან შევიტყვე, რომ მას შესაძლებლობა მიეცა, ძალიან ახლოდან ედევნებინა თვალი იმ ენითაღუწერელი პროცესისათვის, რასაც პავაროტის მიერ ბგერის წარმოება ერქვა. როგორც მსახიობი გარდაისახება სხვადასხვა როლებში განსხვავებულ ადამიანებად, იმასვე აკეთებდა ლუჩანო საკუთარი ხმით. ვინაიდან, ვოკალურ ინსტრუმენტში უამრავი “ფერი” ჰქონდა, ერთნაირად წარმატებულად მღეროდა, როგორც პუჩინის “Nessun Dorma”-ს (ვერავინ დაიძინებს), ისევე ფრენკ სინატრას My Way-ს ერთსა და იმავე კონცერტზე.
“მისი ხმა, თავიდან ბოლომდე, ჟღერდა სრულიად თანაბრად, ლამაზად და, ამასთანავე, ემოციურად”, _ ამბობს მონსერატ კაბალიე. “ის იყო მამაკაცი პრიმადონა სცენაზე” _ დასძენს სოპრანო რენატა სკოტო.
როდესაც პავაროტის ჰკითხეს მუსიკალური ნოტების არცოდნის მიზეზი, მან მიუგო: არც მამაჩემმა იცოდა ზუსტი კულინარიული ტექნოლოგია, მაგრამ მის მიერ გამომცხვარი პურის რიგში მთელი მოდენა იდგაო.

surati-1356დიდი ტენორი _ დიდი ბავშვი
პავაროტის პირველი მეუღლე ადუა ვერონი ამბობდა: “ის ბავშვია, ნამდვილი ბავშვი. არ შეუძლია, 10 წუთზე მეტ ხანს, ერთ საგანზე კონცენტრირება. გამონაკლისია, მხოლოდ მაშინ, როცა იგი მღერის”. “მიუხედავად ამისა, _ ამბობს ქალბატონი მაია, _ პავაროტი, გულის სიღრმეში, მაინც სევდიანი იყო. ძალიან სევდიანი. როცა ის ვნახე, ძალიან ცუდ ხასიათზე გახლდათ, რადგანაც წინა დღეს პრინცესა დაიანა, მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი დაკრძალეს. ინტერვიუზე, როდესაც მას დაიანაზე ვკითხე, ცრემლები წამოუვიდა. იგი ძალიან გულჩვილი იყო. ამბობდა კიდეც, მე დიდი ბავშვივით ვარ და ამაზე სულ დამცინიან. შემიძლია, ვიტირო ისეთ რამეზე, რაზეც ჩემი ხნის კაცები არ ტირიანო…“
998pnf_luciano_pavarotti_051 “იგი იყო ძალიან კომუნიკაბელური, უბრალო და უშუალო, ჩვეულებრივი იტალიელი, _ აგრძელებს ქალბატონი მაია, _ იგი ძალიან შორს იყო იმ ერთგვარი “პოზებისაგან”, რომლებიც ახასიათებთ ცნობილ მომღერლებს და რასაც ისინი იმიჯის შესაქმნელად იყენებენ. პავაროტი იყო ნამდვილი ჯენლმენი, არ მოგაკლებდა კომპლიმენტს. მაშინვე გიმღერებდა რაიმეს, თუკი მოეწონებოდი. მეც მიმღერა “Buonasera Signorina”.”
ქალბატონმა მაიამ ჩემს ცნობებს პავაროტის შესახებ, კიდევ რამდენიმე უცხო დეტალი შემატა. მაგალითად, ის, რომ ლუჩანოს ჰყოლია ორი პროდიუსერი: საოპერო და საესტრადო. თურმე, სწორედ მეორის _ ტიბორ რუდაშის დამსახურება ყოფილა ლუჩანო პავაროტის, როგორც მსოფლიო დონის ვარსკვლავის აღმოცენება. რუდაში უნგრეთში ცირკს ხელმძღვანელობდა, რომლის დაშლის შემდეგ იგი, არც მეტი, არც ნაკლები, პავაროტის მიადგა ლა სკალას საგრიმიოროში. მომღერლის საოპერო პროდუსერმა იგი არ შეუშვა. რუდაშს ხუთი მცდელობა დასჭირდა, რომ მიზნისათვის მიეღწია. ეს იყო 1980-იანი წლების ბოლოს. ამ შეხვედრას მოჰყვა რამდენიმე სკანდალური საკონცერტო გეგმა და მსოფლიოს მელომანებმა, ცნობილ ჰიტებთან ერთად, საოპერო არიების ღიღინი დაიწყეს. მომღერლის ბიუჯეტმა კი დიდი მოგება ჰპოვა.
76550575 როდესაც საუბარი პავაროტის ჰონორარზე ჩამოვარდა, გაირკვა, რომ იგი, თავის დროზე, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ყოფილა. თუ 90-იან წლებში მაიკლ ჯექსონის ერთი სოლო კონცერტის ღირებულება შეადგენდა მილიონს, ხოლო მადონასი _ 800 ათასს, პავაროტიზე ამ თანხების ჯამი, ანუ მილიონ რვაასი ათასი მოდიოდა. ქალბატონმა მაიამ იმ თავსატეხზეც ისაუბრა, რასაც ლუჩანო პავაროტის საოპერო თუ საკონცერტო კონტრაქტი ერქვა. “იგი, დაახლოებით, 10 გვერდისგან შედგება, _ ამბობს ქალბატონი მაია, _ თითოეულ მათგანზე უამრავი ჩამონათვალია ნივთებისა, რომელიც მომღერალს უნდა დახვედროდა სასტუმროს ნომერში: ჩამონათვალი იწყება ბალიშების ზომებითა და რაოდენობით და მთავრდება ფარდების ფერითა და ჭიქების ნაირსახეობით. ეს იყო პირობები იმისათვის, რომ მომღერალს თავი ეგრძნო კომფორტულად და არაფერზე ეფიქრა, გარდა სიმღერისა”.
უამრავი კონცერტის გამო, პავაროტის ხშირად უწევდა თვითმფრინავით მოგზაურობა კონტინენტიდან კონტინენტზე. ხუმრობდა კიდეც, “მოხეტიალე ბოშასავით ვარ, თვითმფრინავი ჩემი სახლია და ვოცნებობ, როდის გავიღვიძებ მყარ ნიადაგზეო.” ერთხელაც, ერთ-ერთ საგასტროლო ტურნეზე პერუში ჩასული ტენორი ხალხს მიესალმა, როგორც ჩილელებს. პავაროტის იმდენად აერია გრაფიკი, რომ თავი ჩილეში ეგონა. ერთხელაც, პავაროტი არავინ გააფრთხილა, რომ სპექტაკლის დაწყება ნახევარი საათით ადრე დანიშნეს. შესაბამისად დიდმა ტენორმა “აიდას” პრელუდია საგრიმიოროში მოისმინა. როცა გააცნობიერა, რომ ახლა მისი ჯერი იყო და ძალიან აგვიანდეობდა, აღმოაჩინა, რომ პერანგისა და მისი ამხანაგის ამარა იჯდა სკამზე.
მას არ შეეძლო დამაჯერებლად ეთამაშა სცენაზე. მიუხედავად ამისა, იგი ბუნებით საოცრად არტისტული იყო. გენახა, როგორ განასახიერებდა ლუჩანო კომიკურ პერსონაჟებს, ერთ სიამოვნებად ღირდა. იმიტომ, რომ მართლაც სასაცილოდ ჩანდა უზარმაზარი გაბარიტების მქონე მამაკაცის “ბაჯბაჯი” სცენაზე და მისი ოხუნჯობები. ვინაიდან ზედმეტი წონა გადაადგილებაში ხელს უშლიდა, პავაროტიც მთელ არტისტულ და ემოციურ დატვირთვას სახის მიმიკასა და ხმის ჟღერადობაზე აკეთებდა. ზედმეტი წონისაგან მას მუხლი ტკიოდა, მასზე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. პავაროტის კონტრაქტებშიც მითითებული იყო, რომ იქ, სადაც მომღერალს ექნებოდა რაიმე სახის შეხვედრა, ლიფტის გარეშე, 3 საფეხურზე მეტი ასასვლელი არ უნდა ყოფილიყო. ცნობისთვის, ლუჩანოს ხმა 170 კილოგრამს იწონიდა.

pavaspages_272x450 გამოუსწორებელი გურმანი
პავაროტის ძალიან უყვარდა კვება. ეტყობოდა კიდეც. გემრიელი სამზარეულო ოჯახური ტრადიცია გახლდათ. მამამისი მეფუნთუშედ მუშაობდა და ლუჩანოც ბავშვობიდანვე მიეჩვია უგემრიელეს კერძებს. ამასთანავე, სპაგეტი მისი საყვარელი საკვები გახლდათ. დღეში, საშუალოდ 2000 კალორიას იღებდა. შიოდა და რა ექნა? ძალიან უყვარდა მზარეულობაც. ხშირად, თავისთან შეკრებილ მეგობრებს თვითონ უმზადებდა სხვადასხვა კერძებს. სხვათა შორის, მის კონტრაქტებშიც მითითებული იყო, რომ ყველა სასტუმროში, სადაც კი მოუწევდა დაბინავება, პატარა სამზარეულო უნდა ყოფილიყო სპეციალურად მისთვის გამოყოფილი. თუ მაესტრო კარგ ხასიათზე იყო, სულ მზარეულობდა და ახალ-ახალ რეცეფტებს იგონებდა.

სცენა და სიმბოლოები
როგორც ყველა დიდი მუსიკოსი, პავაროტიც ცრუმორწმუნე იყო. სცენაზე გასვლისას მას გაღუნული ლურსმანი უნდა სდებოდა ჯიბეში. როცა ცნობილი ტენორი გახდა, დედამ მაშინ მიაჩვია ამ თილისმის ტარებას _ ავი თვალისგან დასაცავად. შემდეგ ეს ერთგვარ ჩვევად გადაიქცა და ყველა საოპერო თეატრში, რეპეტიციების დროს, ლუჩანო სცენაზე “დაეხეტებოდა” გაღუნულ ლურსმნების საპოვნელად. ხუმრობდა კიდეც, ზოგჯერ მეგობრები სპეციალურად მიმოაბნევენ მათ, რათა შემდეგ მე ავკრიფო ისინიო.
დღემდე ბევრი მითქმა-მოთქმა დადის პავაროტის თეთრ ცხვირსახოცზე,copy-of-lincoln რომელიც ყოველთვის მარცხენა ხელში იჭერდა და სცენაზე გამოსვლისას არხეინად მოაფრიალებდა. როგორც ქალბატონმა მაიამ ამიხსნა, პირველ რიგში, ლუჩანო მას ოფლის შესაშრობად იყენებდა. თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე, დიდი ტენორი ადვილად ოფლიანდებოდა. ამასთან ერთად, ცხვირსახოცი მას გამორჩეულობას მატებდა. ეს ერთგვარი იმიჯიც გახლდათ. ბედად, პავაროტის ერთ-ერთ ინტერვიუს გადავაწყდი, რომელშიც იგი სწორედ ცხვირსახოცზე საუბრობდა. ხალისით ყვებოდა, თუ როგორ ეშინოდა თავიდან სცენაზე გასვლა. სწორედ ყურადღების გადასატანად და შინაგანი მობილიზაციისათვის გადაუწყვეტია ლუჩანოს ცხვირსახოცის თან გატანაც. ამის შემდეგ ის ჩემი განუყრელი მეგობარია, უიმისოდ არ შემიძლიაო, _ დასძენდა ისეთი მიამიტი სახით, რომ სიცილის შეკავება შეუძლებელი იყო…

76555273შეყვარებული ტენორი
იცოდა, რა, თავისი ხასიათი, პავაროტი 8 წელიწადში ერთხელ იცვლიდა მდივან ქალებს, იმის შიშით, რომ რომელიმე მათგანი არ შეყვარებოდა, _მეუბნება ქალბატონი მაია. მიუხედავად ამ მცდელობისა, ერთხელაც ლუჩანომ თვალი დაადგა ახალგაზრდა მდივანს _ ნიკოლეტა მანტოვანის. მათ, თითქმის, რადიკალურად განსხვავებული გემოვნება ჰქონდათ: ერთი ოპერას მღეროდა, მეორე _ მიგ ჯაგერს უსმენდა. ამასთან ერთად, ბოსი მდივანზე ორჯერ უფროსი იყო. თუმცა, ამ და კიდევ სხვა უფრო მნიშვნელოვან ფაქტორებს (პავაროტის მეუღლე და სამი ქალიშვილი ჰყავდა) ხელი არ შეუშლია ტენორის გრძნობებისათვის. ამას, იტალიელების მხრიდან, სერიოზული კრიტიკა მოჰყვა მომღერლის მისამართით. ბევრი გაიძახდა, მან შეგვარცხვინაო. ლუჩანოს ეკითხებოდნენ, “კი მაგრამ, როგორ? რატომ?”. ისიც ღიმილით უპასუხებდა: “კარგი, რა. თუ იცი, რატომ ხარ შეყვარებული, ე.ი. არც ყოფილხარ შეყვარებული”.
ნიკოლეტა ეჭვიანი იყო და ცდილობდა, სულით ახალგაზრდა და, ამჯერად, მასზე შეყვარებული ტენორი სხვა ქალების გარემოცვისაგან დაეცვა. ამასთან ერთად, ახალმა მდივანმა გადაწყვიტა, ფორმაშიც ჩაეყენებინა მსუქანი ბოსი: დიეტაზე დასვა და სცენაზე გასვლისას, სპეციალურ კორსეტს აცმევდა, რომ მომღერალი უფრო გამხდარი და მიმზიდველი გამოჩენილიყო. პავაროტის ყოველივე ეს ძალიან იტაცებდა და მორჩილად ასრულებდა მის კაპრიზებს.
mrmrspavaap_468x486 ჰოდა, ერთხელაც ჩვენს შეყვარებულ ტენორს ვერ შეემთხვა მაინცა და მაინც კარგი ამბავი. 1993 წელს, მან, როგორღაც, მოახერხა, ნიკოლეტა შეეტყუებინა ლა სკალაში, ვერდის ოპერა “დონ კარლოსზე”. პავაროტიმ, რომელიც პარტერში მჯდომ მომხიბლავ მდივანზე ფიქრობდა, ყურადღება ოდნავ მოადუნა. შედეგად მის ხმაში გაისმა ე.წ. “ყიყლიყო”. დარბაზში, ტაშთან ერთად, სტვენაც გაისმა. ზემო იარუსებზე ჩასაფრებულმა კრიტიკოსებმა არ დაინდეს იგი. ლუჩანომაც აღიარა თავისი დანაშაული და იქვე ირონიულად დასძინა, სიმღერა ჩემს ასაკში გართობაა და არა სამუშაო. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთები უკვე იმაზე ფიქრობენ როდის მოვკვდები, ამას კიდევ კარგა ხანს არ ვაღირსებო. მართლაც, იმ ამბებიდან 10 წლის შემდეგაც პავაროტის არ დაუკარგავს პოპულარობა. პირიქით, მისდამი ყურადღება და პატივისცემა კიდევ უფრო გაიზარდა. ეს განაპირობა მრავალმა საქველმოქმედო ღონისძიებამ, რამაც მას გაეროს კეთილი ნების ელჩის თანამდებობა მოუტანა. საქველმოქმედო კონცერტებიდან აღებული შემოსავალი ომით დაზარალებულ ბავშვებს ხმარდებოდა.
სწორედ ნიკოლეტა მანტოვანის ხელმძღვანელობით მოეწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი საქველმოქმედო კონცერტების სერია “პავაროტი და მეგობრები”. იგი თვითონ ამეცადინებდა და ავარჯიშებდა ლუჩანოს. სხვათა შორის, როგორც ქალბატონი მაიასგან გავიგე, ნიკოლეტას დიდი სურვილი ჰქონია, თავის შეყვარებულსა (პავაროტის) და საყვარელ მომღერალს (მიგ ჯაგერს) დუეტი ჩაეწერათ. სამწუხაროდ, ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოესწრო.
pavordm0307_468x61290-იანი წლების ბოლოს, ახალი ძალით შეყვარებული პავაროტი და მისი მეუღლე გაიყარნენ. თუმცა ლუჩანოს არასოდეს დავიწყებია ვალი იმ ღირების წინაშე, რასაც ადუა ვერონი წარმოადგენდა მისთვის. მან ხომ სამი ქალიშვილი აჩუქა! პავაროტიმ ყოფილ მეუღლეს 100 მილიონი დოლარი, თითქმის, თავისი ქონების ნახევარი გადასცა.
საბოლოო ჯამში, მიუხედავად სკანდალებისა და მითქმა-მოთქმისა, 2003 წელს ლუჩანომ და ნიკოლეტამ იქორწინეს. ვინაიდან, კათოლიკურმა ეკლესიამ ჯვრისწერაზე უარი უთხრა, წყვილმა მოდენას ოპერის თეატრი იქირავა და ცერემონიაც იქ მოაწყო. ცნობილმა სახეებმა მოიყარეს თავი. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყვნენ ხოსე კარერასი და U2-ს სოლისტი ბონოც. იმ საღამოს შესანიშნავად მღეროდა ანდრეა ბოჩელი, რომლის მსოფლიო პოპულარობის მოპოვებაში დიდი წვლილი თავად პავაროტის მიუძღვის.

შემდეგ დაიბადა ალიჩე _ პავაროტის მეოთხე ქალიშვილი. მამა უკვე 70 წელს უახლოვდებოდა და პენსიაზე გასვლაზეც ფიქრობდა. როცა მისი ახალი და, ის სიცოცხლეში, უკანასკნელი ალბომი, “თი Aდორო” (გაღმერთებ), გამოვიდა, იგი პატარა ალიჩეს მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი სიმღერა არ იყო საოპერო ჟანრისა. პავაროტიმ პოპ-მუსიკა აირჩია და სპეციალურად თავისთვის დაწერილი სიმღერები შეასარულა. აქვე შევიდა ცნობილი “Caruso”-ც.

საუბრის ბოლოს, ქალბატონ მაიას ვთხოვე, დაწვრილებით მოეთხრო საქართველოში პავაროტის არშემდგარ ვიზიტზე: “ამ კონტრაქტზე მთელი წელი ვმუშაობდი, დილიდან საღამომდე. კონცერტი ჩატარდებოდა რიყეზე, საიდანაც ძველი თბილისის ძალიან ლამაზი ხედი იშლება. მანამდე სააგენტოს ჩავუტანე ფოტოები, შემდეგ მისი სამი წარმომადგენელი ჩამოვიდა და ყველა ადგილი მოიარა ჩემთან ერთად. ძალიან მოეწონათ იქაურობა. საქართველო აბსოლუტურად მზად იყო, დაეკმაყოფილებინა ყველა კრიტერიუმი, რომელსაც მომღერლის კონტრაქტი მოითხოვდა. პავაროტის ექნებოდა სოლო კონცერტი ორკესტრის თანხლებით და შეასარულებდა საოპერო არიებს. უკვე ხელმოწერილი კონტრაქტი მედო, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენმა ძვირფასმა ბიზნესმენებმა იწუწკეს და დაენანათ ფულის გადახდა მის ჰონორარში.” ასე “გადაურჩა” საქართველო გენიალურ მომღერალს და ქართული კაპიტალი _ “დაკარგვას”.
pavarottiairap0809_468x678დაახლოებით, ერთი წლის წინ ლუჩანო პავაროტი თავის მშობლიურ ქალაქში გარდაიცვალა. ერთი დღით ადრე მას იტალიის უმაღლესი ჯილდო გადასცეს ქვეყნისათვის გაწეული დიდი ღვაწლის გამო. იგი მაშინაც არ კარგავდა გამოჯანმრთელების იმედს… მუსიკალური სამყარო კი დაობლდა. მსოფლიოს წამყან საოპერო თეატრებზე შავი არშიები გადმოფინეს. მომღერალს ათასობით ჭირისუფალი გამოეთხოვა სწორედ იმ ტაძარში, რომელშიაც, ოდესღაც, მამა-შვილი პავაროტები ერთად მღეროდნენ. როდესაც ყვავილებით დაფარული სასახლე გამოასვენეს, მოედანზე პავაროტის საფირმო არიის _ Nessun Dorma-ს(ვერავინ დაიძინებს) ჩანაწერი აჟღერდა. იქ შეკერებილმა ათასობით ჭირისუფალმა ტაშით გააცილა “მშვიდობის ელჩი მსოფლიოში”, ცაზე კი თვითმფრინავებმა იტალიის დროშის ფერები გამოსახეს…
…ოთახი გაჟღენთილია ჰარმონიული ვარიაციებით. როგორ-თუ გაჟღენთილი? დიახ, მისი ხმა, თუნდაც კომპაქტ დისკზე ჩაწერილი, იფრქვევა, როგორც საუცხოო სუნამო. აღებ კარს და გრძნობ იმ მრავალფეროვან არომატს, რომლითაც გაჯერებულია ყველაფერი, რასაც ხელით ეხები. ეს ჩემი ოთახია და იქ ჩემი ლუჩანო პავაროტია.
სხვები მას მოიხსენიებდნენ, როგორც მაესტრო პავაროტის ან მისტერ, სენიორ პავაროტის, ან კიდევ, მაღალი დო-ების მეფეს. ჩემთვის კი ის, მხოლოდ, ლუჩანოდ დარჩება, მუდამ მომღიმარ ლუჩანოდ. იგი ხომ არასდროს მალავდა, რომ იყო ბედნიერი, რადგანაც მისი ხმის იოგებს თვით უფალი ეამბორა. თვითონაც ასე ამბობდა…