ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


4 Comments

ჩემი საყვარელი ანიმაციები


clouds1აღარ დავიწყებ წუწუნს იმაზე, თუ რატომ არ ვწერ ბლოგზე უწინდელივით ხშირად. არადა საწერი ახლა რომ მაქვს, ისე უნდა. გთხოვთ, დამაძალოთ. ან არა, რა სისულელეა, რატომ უნდა დამაძალოთ: ერთია, როცა საწერი გაქვს და მეორე – რამდენად გეწერინება. მოკლედ,  ამ პოსტში (რომელიც, ვიმედოვნებ, არ გაიწელება) ორიოდ სიტყვით გესაუბრებით საყვარელი ანიმაციების შესახებ, რომლებიც ზოგჯერ ფილმებზე მეტს ამბობს.

The Undertaker (The Backwater Gospel) – მესაფლავე არის ერთ-ერთი ძალიან შთამბეჭდავი და რეალისტური ანიმაცია. თან თავისი ვიზუალური ხელწერა აქვს, რაც სათქმელს კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩენს.

Continue reading


26 Comments

მე ვნახე “ავატარი”


მე ვნახე “ავატარი” და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად ჰგავს ადამიანის ბუნება დაუკმაყოფილებელ მეძავს.

მე ვნახე “ავატარი” და მივხვდი, რომ სიცოცხლეზე ლამაზი და მრავალფეროვანიარაფერი არსებობს არც ერთ განზომილებაში.

მე ვნახე “ავატარი” და მჯერა, რომ კომპიუტერული ტექნიკით ნებისმიერი სანახაობის ეფექტის შექმნა შეიძლება.

მე ვნახე “ავატარი” და ნათლად დავინახე, რომ მათაც ისეთივე სექსი აქვთ, როგორც ჩვენ.

მე ვნახე “ავატარი” და ძალიან მომეწონა, თუ როგორ გარდაქმნის ვიდეობლოგინგი ადამიანს.

მე ვნახე “ავატარი” და დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი კომპიუტერული ეფექტი ეფექტად დარჩება, რომელიც, ადრე თუ გვიან, მობეზრდება ხალხს.

მე ვნახე “ავატარი” და მივხვდი, რომ საინფორმაციო ომს სპეცეფექტების ომი ჩაანაცვლებს.

მე ვნახე “ავატარი” და ვერ გამირკვევია, ფილმს ვუყურე თუ მულტფილმს.

მე ვნახე “ავატარი” და ვფიქრობ, რომ ჯეიმს კამერონმა იგი 2–მილიარდიანი ვალის გადასახდელად გადაიღო.

მე ვნახე “ავატარი” და შემეცოდა სიგურნი უივერი.

მე ვნახე “ავატარი” და მოხარული ვარ, რომ ეიფორიის ტალღაში არ მოვყევი.

მე ვნახე “ავატარი” და გირჩევთ, თუკი გინდათ, ფილმმა ცოტათი მაინც დაგაინტერესოთ, ნახეთ 3D ხარისხში.

მე ვნახე “ავატარი”.


17 Comments

And The Golden Globe Goes To 2010


დღეს Golden Globe–ს ვუყურე “იმედზე” და აღმოვაჩინე, რომ, მგონი, Oscar–ს მირჩევნია. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ უფრო მყუდროა. დიდი და გაშლილი სივრცეები კი მიყვარს, მაგრამ Kodak-ის თეატრს რომ წარმოვიდგენ, მაშინ სიცივე მაჟრიალებს. Beverly Hilton Hotel–ის დარბაზი, მასთან შედარებით, პატარა სახინკლეა, თუმცა უფრო მყუდროც. დაჯილდოვებაც თითქოს უფრო შინაურულ, ოჯახურ წრეში ხდება.

როცა სცენაზე დგახარ და თითქმის ყველას დანახავა შეგიძლია, ეს შენზე სხვანაირად მოქმედებ. შენ უყურებ, როგორ გიყურებენ. აქედან გამომდინარე, უფრო გულწრფელი ხარ საუბარში და უფრო ბუნებრივი შეფასებებში. ამიტომაც არის, რომ ხმაში უფრო მეტი კანკალია, თვალში კი – მეტი ცრემლი. არა, ჰოლი ბერიმაც კარგად ინერვიულა Oscar–ზე, როცა პირველი ზანგი ქალი ოსკაროსანი გახდა, თუმცა მონიკი ტიპური გამარჯვებული იყო, ვინც Golden Globe–ზე ლამის იქვითინა.

Continue reading


18 Comments

The Box


კემერონ დიასი, ჯეიმს მარსდენი და ფრენკ ლანჯელა

შემეშინდა. დამაინტერესა. მომეწონა. გავამართლე.

დიახ, მე გავამართლე ის სისასტიკე, რაც ამ ფილმში ხდება. მიუხედავ იმისა, რომ მოთხრობილი ამბავი სრული ფარსია, ეს არ უშლის ადამიანთა ბუნების ბნელი მხარის წარმოჩენას. საკითხი ასეა დასმული:

დააჭერ ხელს წითელ ღილაკს და შენთვის სრულიად უცნობი ადამიანი მოკვდება. საამისოდ კი გადმოგეცემა 1 მილიონი დოლარი.

ყველა უბედურება სწორედ იმ უბედურების გამოაშკარავებიდან იწყება, რომ ადამიანს სხვისი უბედურება უბედურებად არ მიაჩნია. ეს ფაქტი ქმნის მოვლენათა ჯაჭვს, რომლის ბოლოც, რა თქმა უნდა, სიკვდილია.

ფილმი გათვლილია ადამიანების ეკრანთან “დაბმაზე”, თვალების გაფართოებასა და შიშზე. ორჯერ მეც წამოვხტი ადგილიადნ, ოღონდ ეგ ფილმის ხმაურიანი საუნდტრეკის უეცარი დაწყების ბრალი იყო.  ესეც, რა თქმა უნდა, ერთ–ერთი იაფფასიანი “ფიშკაა”. ასევე არ უნდა შეგაშინოთ ფილმის ერთ–ერთი პერსონაჟის, არლინგტონ სტიუარტის გარეგნობამ, რომელიც იმას გამოხატავს, რასაც პირველივე შეხედვიდან იგრძნობთ. მაგრამ ეს შთაბეჭდილება ნელ–ნეა გაგინელდებათ, თუკი კარგად დააკვირდებით.

მისტერ სტიუარტი აწარმოებს დაკვირვებას. თავისი ზებუნებრივი შესაძლებლობების წყალობითა და სასტიკი მეთოდით იგი ამტკიცებს, რომ ადამიანთა მოდგმა ბოროტების მონაა. რომ ადამიანს სხვისი მოკვლა არაფრად მიაჩნია, თუკი არ იცნობს მას და არც უნახავს იგი. ეს უკვე აღარ არის ფილმი. ეს შესაძლო რეალობაა.

ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ თუკი The box მართლაც მოხდება, ბევრი ჩვენგანი დაუფიქრებლად დააწვება წითელ ღილაკს და დამშვიდებული, არა, ოდნავ აფორიაქებული გაიმართლებს თავს, რომ უცხო ადამიანის სიკვდილი ისედაც ჩვეული მოვლენაა მსოფლიოში.

ვისაც ფილმის ნახვა გსურთ, ეს Avoe.Ge–ს ლინკია, ეს კი Gol.Ge–ს .


20 Comments

ვითომ “დოკუმენტური” ფილმები


ამ პოსტის დაწერა სვითის 2012–მა და თინის შთაგონებამ გადმაწყვეტინა. მოკლედ, რა ხდება: მსოფლიო ახალმა შოკმა მოიცვა. არ გვეყო:

ჰოდა სწორედ ამ და მისთანა “დოკუმენტურ” ფილმებზე უნდა ვთქვა 1–2 გაბრაზებული სიტყვა 😐 როცა “და ვინჩის კოდი” წიგნად გამოვიდა და შემდეგ, როცა გადაიღეს, მსოფლიო ერთიანად შეშფოთდა და შეზანზარდა. აქაო და ეს რა გვაკადრესო, რა მკრეხელობააო (გახსოვთ, ალბათ, კინოთეატრ “რუსთაველის” წინ გამართული “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” გაუთავებელი აქციები). ინტერნეტში კი აი, რა “დოკუმენტური” ფილმები გაჩნდა: Continue reading


13 Comments

ახალი სეზონი – ახალი ფერი


wallpaper-1600x1200-051როგორც ამჩნევთ, ასეთი პოსტების წერას დაჩვეული არა ვარ, მაგრამ შემთხვევით შევიხედე არსებული თემის ფუნქციებში და ფერები შევცვალე. ვიფიქრე, რატომაც არა: შემოდგომაა და ზაფხულის ლაჟვარდოვანი (ჩემი საყვარელი) ფერები სეზონს არ ეხამება.

ჰოდა ასე… ახლა მოწითალ–მოყვითალ–მოოქროსფრო ბლოგი მაქვს და თქვენი აზრი ამაზეც მაინტერესებს 😉

კიდევ ერთი სიახლე: zurriuss-ის ანუ ჩემს ბლოგზე ახალ, ჟურნალისტურ ბლოგს ვამაგრებ: www.Journalistuss.wordpress.com ეს იმიტომ, რომ GIPA–ში მჭირდება. ბლოგი იქნება ქართულ–ინგლისური და, მგონი, პოპულარობითაც ისარგებლებს. უცხოელებს ექნებათ უფორ მეტი საშუალება, ქართულის სწავლის გარეშე, წაიკითხონ ჩემი აზრები 😀 😀 Continue reading


6 Comments

Great Expectations – მწვანე ფილმი


2561712564_f570bd9ebb_oამქვეყნად ბევრი არაფერია განსაკუთრებული. უფრო სწორედ, მარადიულად განსაკუთრებული. თავის დროზე კინემატოგრაფიაც განსაკუთრებულ აღმოჩენას წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ, როგორც იტყვიან, ვადა გაუვიდა.
დღეს, კი უკვე აღარავის უკვირს უამრავი ფილმისა და მით უმეტეს, ტელევიზორის არსებობა.
ჩართავ, არ მოგეწონება, გადართავ, კიდევ გადართავ… 5 წუთს უყურებ და ისევ გადართავ. თუკი ტელევიზორი მრავალარხიანია, მაშინ ამ პროცესს ისე გააგრძელებ, რომ შეიძლება, მეორე წრეზეც წახვიდე და ვერ შეამჩნიო. თუ სუსტი ნერვები გაქვს, მაშინ მალევე პულტზე მთელი ძალით დააწვები off ღილაკს და ოჯახის მარადმოსაუბრე წევრიც ხმას გაკმენდს.ამ დროს კი, იქნებ, ის გამოტოვე, რისი ნახვაც იმ წამს ყველაზე მეტად გიდოდა?
არა? მაშინ, განაგრძე ძილი. თუ ჰო, მაშინ საკუთარ ფერთა პალიტრას გადახედე, რომელიღაც ფერი ხომ არ აკლია? რა მნიშვნელობა აქვს, რომელი…
მოდი, ეგოისტურად მოვიქცევი და მწვანე ფერზე გიამბობ. უფრო სწორედ, ფილმზე, რომელიც მწვანე ფერისაა. რთულია ყველაფერ ამის მთავარი გმირის ენით მოყოლა. ასე რომ, გამოვალ როლიდან და საკუთარი თავიდან გამომდინარე განვაგრძობ თხორბას.
სიუჟეტი აღებულია ჩარლზ დიკენსის ამავე სახელწოდების რომანიდან, რომელიც მე არ წამიკითხავს და ალბათ, არც არასდროს წავიკითხავ, ვინაიდან ამის ძველ და ვიქტორიანულ ვერსიას ვერ ავიტან. ამ შემთხვევაში, პირველი შთაბეჭდილება პრიორიტეტია ჩემთვის. ფილმის მთავარი გმირი ფინიგან ბელი ამბობს:
,,ამ ამბავს არ მოვყვები ისე, როგორც იყო. მე მოვყვები მას ისე, როგოც მახსოვს”.
მეც ასე მოვიქცევი. Continue reading


3 Comments

შემოდგომა და მოხუცი ქარის წისქვილები


3420966074_0e91311147_oალბათ, ჯერ ადრეა ასეთ დროზე პოსტის დაწერა, მაგრამ დავასწრებ მოვლენებს. დაუგეგმავი პოსტია…

მოდი, დაქანებულად დავწერ და ბევრ მრავალწრტილს ვიხმარ… “Amelie”–ს საუნდტრეკს ვუსმენ. არა, ვალსს არა. ერთია, წყნარი, სევდიანი, მშვიდი. ისეთი, როგორიც შემოდგომის ერთ–ერთი უღიმღამო დღე. მტკნარი წყალივით დაცლილი და გაფილტრული ყოველგვარი ემოციისაგან…

ვითომ პარიზის ერთ–ერთ rue-ში, რომლის გასწვრივაც სენა მიცურავს, ჩუმი და უღიმღამო შემოდგომის დილა გათენდა. ნაცრისფერია რიკულების ჩუქურთმები, ნაცრისფერია ქვაფენილი, ცა, ადამიანთა სახეები, სკამები, რესტორნების დაკეცილი ტენტები, ნაცრისფერია კაციც, რომელიც წითელ აკორდეონზე უკრავს. აკორდეონიც ნაცრისფერია. წითელი კი იქიდან ამოკვნესილი ჟოლოსფერი ბგერებია. ნაცრისფერ ხეებს სიყავისფრეში გადასული ყვითელი ფოთლები სცვივათ…

მარცხნივ, მეოთხე rue-ზე შავი, მოკლე როიალი დგას. ნაცრისფერი თითები წვიმის სევდიანი წვეთთაცვენის ტაქტში ეხება შავ–თეთრ ანუ ნაცრისფერ კლავიშებს და მოხუცი მადამ  l’instrument noir–იც უკვე მერამდენედ გაიხსენებს თავის სევდიან ისტორიას, რომელიც დაახლოებით დიდი ხნის წინ ერთ–ერთ ასეთ ნაცრისფერ დღეს მოხდა…

დაახლოებით დიდი ხნის წინ პარიზის მიდამოებში ძველი ქარის წისქვილები იდგა. მაშინ მადამ l’instrument noir ახალგაზრდა იყო და ხშირად ხედავდა, როგორ ირწეოდნენ გადაღრძუებული ქარის წისქვილები მის მუსიკასთან ერთად.

შემოდგომა კი წვიმის ნაცისფერ მარცვლებს მთესველივით აფრქვევდათ…

ახალგაზრდა l’instrument noir–ს ხშირად ესმოდა ნაცრისფერი უფერული ქარისაგან მოტანილი მოხუცი წისქვილების ჭორები და გაუთავებელი ბუზღუნი წელის ტკივილზე.

შემოდგომა კი წვიმის ნაცრისფერ მარცვლებს მთესველივით აფრქვევდათ…

ნაცრისფერი დღე. მადამ l’instrument noir–ის ბოტკინისფერი სიმები წამით ჩაფიქრდნენ და მდუმარებით განაგრძეს თავიანთი ამბის თხრობა. ნაცრისფერმა ქარმა, სიყვავისფრეშეპარებულ მიცვალებულ ფოთლებთან ერთად, სენას გასწვრივ მდებარე ნაცრისფერი rue-დან ოკორდონის წითელი აკორდების ხმა შემოარხია, რომლებიც ჟოლოსფერია. ახლა მათი ჯერია. მადამ l’instrument noir–მა ნაცრისფერი თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და ნოსტალგიის მიერ ქუთუთოებს შიგნიდან ამოკერებული პარიზის გახსენება განაგრძო. გახუნებულ მეხსიერებით ფირებზე უკვე თითქმის ნეგატივში გადასული, მაგრამ მაინც შესამჩნევი მოხუცი წისქვილები იდგნენ. მიწას სულის უკანასკნელი ძაფებით ებღაუჭებოდნენ. რახანია მათი ოსტეოპოროზით  დამბლადაცემული პროპელერები ქარის სისინს მდუმარედ ხვდებოდნენ…

შემოდგომა კი წვიმის ნაცრისფერ მარცვლებს მთესველივით აფრქვევდათ…



20 Comments

ყოველთვის საჭიროა გაგრძელება?


Copy of Surati-0929კინომცოდნე არ ვარ. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ, რომ რასაც ვამბობ, ფაქტია.

ბევრ ჩვენგანს გვაქვს თუ ჰქონია ერთი ან რამდენიმე საყვარელი ფილმი, რომელთანაც განსაკუთრებულად “ვურთიერთობთ”. ხშირად ვუყურებთ და ან ახალ–ახალ დეტალებს აღმოვაჩენთ მაში ან მუზას, სტიმულს თუ რაიმე ასეთს ვიღებთ მისგან. მოკლედ, ალბათ ყველას გვაქვს ასეთი “საკუთარი” ფილმი. ფილმი, რომელშიც დასრულებული ამბავია გადმოცემული (მიუხედავად მისი შინაარსისა).

უცებ რომ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი დასრულებული ამბავი გააგრძელეს?…

გაგიხარდათ?

დავუშვათ, გაგიხარდათ. მერე აღმოჩნდება, რომ თქვენი აღტაცება ფუჭი ყოფილა, რადგან მარაზმი გადაუღიათ. თანაც ისეთი, რომ, შეიძლება, პირველზეც დაგაკარგინოთ წარმოდგენა. ასეთი შემთხვევები კი საკმაოდ დაგროვდა. მაგალითისათვის ავიღოთ ტრილოგია “კარიბის ზღვის მეკობრეები”(ჩემთვის ეგ ერთი ფილმია). პირველ ფილმში ყველა გმირის სახე და ხასიათი საკმაოდ და საკმარისად არის წარმოჩენილი, გახსნილი. ნაჩვენებია, ვინ ვინ არის, ვის რა შეუძლია. შინაარსიც შეძლებისდაგვარად ორიგინალურია. Continue reading


8 Comments

მედეა ჩახავას ხსოვნას


madeachakhava84211fa9რამდენიმე საათის წინ, თურმე, კიდევ მოვიწყინე, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავიგე.

რამდენიმე საათის წინ სულაც არ მეგონა, რომ ამაზე დავწერდი.

რამდენიმე საათის წინ სულაც არ ვფიქრობდი იმაზე, რომ “მოხუცი ჯამბაზების” კიდევ ერთხელ ნახვისას მას ვეღარ ვიხილავდი. იმედი მქონდა, რომ კიდევ ერთხელ მაინც, ერთადერთხელ მაინც ითამაშებდა.

რამდენიმე საათის წინ კვლავ აჟღერდა ეს მუსიკა, მე კი ახლა ვიგრძენი.

კიდევ ერთი წლებით დახუნძლული ხე გახმა.

კიდევ ერთი მზერა ჩაქრა.

კიდევ ერთი ღიმილი გაუფერულდა.

კიდევ ერთი ხმა დადუმდა.

კიდევ ერთი მრავლისმხილველი გაუხილავდა.

88 წლის ასაკში მედეა ჩახავა გარდაიცვალა…

უკვე მომენატრა… 😦