ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

Great Expectations – მწვანე ფილმი

6 Comments


2561712564_f570bd9ebb_oამქვეყნად ბევრი არაფერია განსაკუთრებული. უფრო სწორედ, მარადიულად განსაკუთრებული. თავის დროზე კინემატოგრაფიაც განსაკუთრებულ აღმოჩენას წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ, როგორც იტყვიან, ვადა გაუვიდა.
დღეს, კი უკვე აღარავის უკვირს უამრავი ფილმისა და მით უმეტეს, ტელევიზორის არსებობა.
ჩართავ, არ მოგეწონება, გადართავ, კიდევ გადართავ… 5 წუთს უყურებ და ისევ გადართავ. თუკი ტელევიზორი მრავალარხიანია, მაშინ ამ პროცესს ისე გააგრძელებ, რომ შეიძლება, მეორე წრეზეც წახვიდე და ვერ შეამჩნიო. თუ სუსტი ნერვები გაქვს, მაშინ მალევე პულტზე მთელი ძალით დააწვები off ღილაკს და ოჯახის მარადმოსაუბრე წევრიც ხმას გაკმენდს.ამ დროს კი, იქნებ, ის გამოტოვე, რისი ნახვაც იმ წამს ყველაზე მეტად გიდოდა?
არა? მაშინ, განაგრძე ძილი. თუ ჰო, მაშინ საკუთარ ფერთა პალიტრას გადახედე, რომელიღაც ფერი ხომ არ აკლია? რა მნიშვნელობა აქვს, რომელი…
მოდი, ეგოისტურად მოვიქცევი და მწვანე ფერზე გიამბობ. უფრო სწორედ, ფილმზე, რომელიც მწვანე ფერისაა. რთულია ყველაფერ ამის მთავარი გმირის ენით მოყოლა. ასე რომ, გამოვალ როლიდან და საკუთარი თავიდან გამომდინარე განვაგრძობ თხორბას.
სიუჟეტი აღებულია ჩარლზ დიკენსის ამავე სახელწოდების რომანიდან, რომელიც მე არ წამიკითხავს და ალბათ, არც არასდროს წავიკითხავ, ვინაიდან ამის ძველ და ვიქტორიანულ ვერსიას ვერ ავიტან. ამ შემთხვევაში, პირველი შთაბეჭდილება პრიორიტეტია ჩემთვის. ფილმის მთავარი გმირი ფინიგან ბელი ამბობს:
,,ამ ამბავს არ მოვყვები ისე, როგორც იყო. მე მოვყვები მას ისე, როგოც მახსოვს”.
მეც ასე მოვიქცევი.

939251858_29eb43d93b_oიყო ნაცრისფერი ზღვა მზის ჩასვლისას. პატარა ფინი ნავით გაჩერდა ერთგან. თითები გამხმარი საღებავებისგან ჰქონდა დალაქავებული. პატარა ბლოკნოტითა და ფანქრებით ხელში გატოპა მუხლამდე წყალში. ფინი ხატავდა ყველაფერს, რასაც ხედავდა.
ხედავდა კი ისე, როგორც ხატავდა.
ხატავდა ისე, როგორც გამოსდიოდა.
ხატავდა ისე, როგორც აღიქვამდა.
აღიქვამდა ისე, როგორც ამახსოვრდებოდა…
შედეგად ფანქრები ქმნიდნენ პრიმიტიულ, მაგრამ მრავალგანზომილებიან სიმარტივეს, რომლის წაკითხვასაც მხატვრის ნახულის განცდა სჭირდებოდა. ეს, თითქოს, მსახიობის მიერ როლის გახსნას ჰგავს. იგი, ან პირდაპირ აკეთებს სამსახიობო ,,ილეთებს”, ან ცდილობს ამოიცნოს ავტორის ჩანაფიქრი და იპოვოს სწორი ხაზი. ასეა მხატვრობაშიც: შეგიძლია, დააკვირდე ნახატს და მოგეწონოს, მაგრამ შეგიძლია იფიქრო და თუ მხატვრის შთაგონებას ჩაწვდი, იმ სივრცეში გადახვალ, რასაც ნახატი გადმოსცემს.
სიუჟეტი, თითქოს, პრიმიტიულად იწყება, მაგრამ ასეც არ არის. პირადად მე არ მინახავს სხვაგან, რომ ვიღაც, მით უმეტეს, ბავშვი, წყალში იდგეს და ფანქრით ხატავდეს გარშემო სამყაროს.
ზღვის მსტვენავ სიმშვიდეს არღვევს წყლიდან ამოყვინთული გაქცეული პატიმრის გამოჩენა, რომელსაც რობერტ დე1067805345ge1 ნირო ასრულებს. ალბათ, აღარ არის საჭირო მისი თამაშის კომენტირება. ამას არც გავაკეთებ, ვინაიდან კინომცოდნე არ ვარ. დე ნირო ციხიდან გაქცეული მკვლელს, ართურ ლასტიგს განასახიერებს. იგი ფინს დაიჭერს და პირზე ხელს ააფარებს: ,,ჩურჩულით!… ჩურჩულით ისაუბრე, თორემ ყელს გამოგღადრავ!..”
ლასტიგი ცდილობს, ბიჭის დახმარებით, ამერიკიდან გაიქცეს. ფინი, როგორც ყველა ჩვენგანი 10 წლის ასაკში, ძალიან შეშინდება, შემდეგ, გულის სიღრმეში, შეეცოდება კიდეც და დახმარებას გადაწყვეტს. ასე პატარები, ალბათ, იმიტომ იქცევიან, რომ მათთვის ჯერ უცხოა უგრძნობელობა. ისინი ხომ ყველაფერზე გრძნობით, ანუ, რეალურად რეაგირებენ.
ფინი დაეხმარება ლასტიგს თავის დაღწევაში და მოტორიანი ნავით გაჰყავს შუა ზღვაში, გეზი მექსიკისაკენ. გამთენიისას ართურს წყალში გადახტომა მოუწევს, რადგან პოლიციის კატერი გამოჩნდება, რომელიც ასევე მას ეძებს. როცა პოლიციელი ფინს ეკითხება, ხომ არ უნახავს ნარინჯისფერტანისამოსიანი პატიმარი, იგი მაშინვე პასუხობს, რომ არა. ბიჭი მაშველ ჟილეტს გადააგდებს წყალში პატიმრის გადარჩენისა და მისი გაუჩინარების იმედით. ასეც ხდება. იმავე საღამოს ფინი ტელევიზორით შეიტყობს, რომ ლასტიგი დაიჭირეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ბავშვობის ორდღიანი კოშმარი დასრულებულია.
p5ფინის სახლში ტიპური ამერიკული სიტუაციაა. უფროსი და და მისი ბოიფრენდი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ 10 წლის ბიჭს. ძია ჯო მეთევზეა და მცირე შემოსავლით ირჩენს თავს. მეგი მეძავია. წესით და რიგით ოჯახში ამ თემაზე გაუთავებელი ჩხუბი უნდა იყოს, მაგრამ აქ ყველა აცნობიერებს თავის სიცუდეს და სხვას არ ერჩის. ამას ისიც ემატება, რომ ყველა თავისი გზით ცდილობს ფულის შემოტანას. ხატვის ნიჭი და გარემოს განსხვავებული აღქმა რომ არა, ფინი, ალბათ, იმ პატიმარს დაემგვანებოდა თვითონ რომ გადაარჩინა.
ყველაფერი მწვანე ფერით იწყება. რეჟისორ ალფონსო კუარონის მიერ არჩეული ეს ფერი, ერთ ხაზად გასდევს ფილმს. მწვანე მაისური, ან ჰალსტუხი, კაბა ან რაიმე აქსესუარი. ყველა კადრში, ყველა სცენაში რაღაც აუცილებლად მწვანეა და ასეა მთელი ფილმის განმავლობაში… ესეც თავისებურ რომანტიკას ქმნის. პირადად მე მერლინ მონროს მიერ პომადით გადახაზული ფოტოკადრები გამახსენდა. არა, ამ შემთხვევაში ეს დაწუნებული ფირები არაა. უბრალოდ, რაღაცით დანიშნული კადრებია.n582567720_1235581_6576პარადისო პერდუტო… მიტოვებული გატყევებული სასახლე, სადაც შადრევნები ალჰამბრის შადრევანთაAანალოგია, ოქროს ჭერი კი ვენეციის აკადემიის “ათასი ფრის” ზუსტი ასლია. 30 წლის წინ შეშლილი მდიდარი ქალის, ნორა დრიგერს-დინზმორის საგვარეულო სახლი… ფინი და ძია ჯო სახლის ეზოს მოსაწესრიგებლად დაიბარეს. სანამ ჯო მასპინძელთანაა, ფინი ეზოს ათვალიერებს. დრო აქ 30 წლის წინ გაჩერდა. მაშინ, ალბათ, ყველას უხაროდა. სარეველებისა და ხავსის ქვეშ მდიდრული საქორწილო სუფრის აქსესუართა ნარჩენები იმალება. ოდესღაც პუნშით სავსე მინის თასში ახლა ჩიტები ბანაობენ. ვერცხლის სახილე ვაზაში კი გომბეშო ცხოვრობს. ჯერ კიდევ შემორჩენილია ბედნიერი წყვილის დახავსებული ფიგურები… ამ დროს კი… ესტელა… ფინმა აღქმაც ვერ მოასწრო, რომ მწვანე ფერია გაუჩინარდა. ძია ჯომ კი, რომელსაც მის დინზმორმა 500 დოლარი კარის შესასვლელთან დაუტოვა, ბიჭი სახლში წაიყვანა. დაბრუნებულებმა შეიტყვეს, რომ მდიდარ ქალბატონს ფინის ნახვა სურს. მართლაც, მეორე დღეს საგულდაგულოდ გამოპრანჭულმა ბიჭმა პარადისო პერდუტოს ზარზე დარეკა.

RaquelBeaudeneკარი ესტელამ გააღო.

10 წლის გოგონა. სავსე, ვნებიანი თვალები. ტკბილი, ბავშვური და მხურვალე ტუჩები. სწორი ცხვირი. ხორბლისფერი პირისახე. დილის მზის სხივებისფერი სწორი, გრძელი თმა. დიახ, მეც ბავშვი ვიყავი, როცა ეს ფილმი ვნახე. საკმაოდ ბავშვი, რომ ბავშვურად შემყვარებოდა ესტელა. გოგონა, რომელიც სულაც არ ჰგავდა თანატოლებს. ის უკვე დიდი იყო თავისი გამჭოლი მზერით. ის უკვე ნებისმიერი მამაკაცის გულს ააძაგძაგებდა, დაწვავდა, შემდეგ კი გააქვავებდა და ნამსხვრევებად აქცევდა. ფინმაც ეს იგრძნო. ან რა უნდა ეგრძნო სხვა 10 წლის ბიჭს თანატოლი გოგონას დანახვაზე. ჯერ, შიში, ამავდროულად, გაუცნობიერებელი სურვილი რაღაც ახალის ჩადენისა. შემდეგ, ძალიან დიდი სურვილი დაუღლელად ცქერისა, ყელში მობჯენილი გულისცემისა და ასე შემდეგ…

ქალი, რომელიც ბუნებისგან გადაჭმულ სასახლეში ცხოვრობდა, 30 წლის წინ შეიშალა. საქმრომ იგი პირდაპირ საკურთხეველთან მიატოვა. ამის შემდეგ მის დინზმორი თითქმის აღარავის უნახავს. არც ვინმემ იცოდა, რამდენად გიჟი იყო ის.
ჩიკაბუმ, ჩიკაბუმ, ჩიკა-ბუ-ბუმ-ბუმ!… Besame, besame mucho!.. აი, ისიც. მოხუცი მის დინზმორი. ქალი, რომელიც მხოლოდ ამ სიმღერას უსმენს, გამუდმებით ეწევა და ცეკვავს თავდავიწყებით. ცხოვრებაში ორი ინტერესიღა შერჩა: ცეკვა და ესტელას აღზრდა ისე, როგორც თავად სურს. იმიტომ, რომ

n1200281015_30095695_977,,…26 წლის წინ მე ვენდე. თავს ვინახავდი. მე ქალწული ვიყავი… რომელ არსებას შეუძლია ფეხქვეშ გათელოს ასეთი რამ. რომელ არსებას შეუძლია მიატოვოს 42 წლის ქალი და სულელივით ალოდინოს? კაცი, მხოლოდ კაცს შეუძლია ასე მოქცევა. ასე რომ, კაცებმა უნდა ზღონ. ესტელა ააქვითინებს მათ.”

…და კიდევ ერთი ციტატა, რომელიც მთელს ფილმს ყრუ ტკივილივით გასდევს თან: l_963c523c16ad4777955e06342ada7798
,,ჩემი გული. იგი გატეხილია. გრძნობ?…”
ეს ფრაზა პირველად თავს პატარა ფინისა და მის დინზმორის საუბრისას იჩენს, როდესაც ქალი ბიჭის ხელს მკერდთან მიიტანს და ეკითხება, თუ რა არის ეს. ფინიც გაკვირვებული პასუხობს, ,,თქვენი ძუძუ”

ქალბატონ ნორას ჰყავს კატა, რომელსაც, როგორც ირკვევა, სხვა კატებით კვებავს. როდესაც მის დინზმორი გაიგებს, რომ ფინს ხატვა შეუძლია, ესტელას დაუსვამს მოდელად. გოგონას პირველი პორტრეტი მდიდრული შპალერის ნაგლეჯზე, თვალის ფანქრითა და პომადით შეიქმნა. შეშლილი ქალი იქვე დასძენს: ,,საბრალო ბიჭო, შენ უკვე შეყვარებული ხარ. ნუ იზამ ამას, რადგან ესტელა გულს გატკენს…”
როცა ესტელა ახლადაღმოჩენილი სამყაროთი გაკვირვებულ ფინს გასასვლელამდ აცილებდა, გოგონა ალჰამბრასეულ მარმარილოს შადრევანთან მივიდა. ბროლის თხევად ზოლს ვარდისფერი ტუჩები შეუშვირა და წყალს დაეწაფა, შემდეგ გახევებულ ფინს თვალი თვალში გაუყარა: ,,არ გინდა? არ არის მოწამლული”. დაბნეული ბიჭიც მიუახლოვდა წყალს.
…უცებ ტუჩებზე, ცივ სისველესთან ერთად, თბილი სურნელი შეეხო. ხელები გაუშეშდა… დიახ, ეს პირველი კოცნა იყო. პირველი თავბრუდამხვევი კოცნა…


l_c8f12d540ee5f7d000b3991c3521ffc5სახლში დაბრუნებულმა ფინმა ყოველივე ეს აკვარელით დახატა. მისი ფანტაზიით, ორი შეყვარებული თევზმა და თოლიამ გადაყლაპეს. ერთი ცის წიაღში მოხვდა, მეორე კი – ოკეანის სიღრმეში. ისინი მხოლოდ მაშინ ხვდებიან ერთმანეთს, როცა თევზიცა და თოლიაც წყლის ზედაპირს გაუსწორდება. შეყვარებულ წყვილს ერთი წამი აქვს, სიყვარულის გასაზიარებლად. შემდეგ კი, ისევ უსასრულო ცა და უძირო ოკეანე. იმ საღამოს, როცა ფინი შთაბეჭდილებებს ხატავდა, და ალერსიანად მოეფერა და, ჩვეულებისამებრ, სახლიდან გავდა. მეგი აღარ დაბრუნებულა.

ფინი რეგულარულად დადიოდა პარადისო პერდუტოში ყოველ უიკენდზე, სადაც ხვდებოდა მის დინზმორი, Besame mucho და ესტელა. ფულით, რომელსაც ქალბატონი მას უხდიდა, ბიჭი კვირიდან კვირამდე ცხოვრობდა და საღებავებს ყიდულობდა. ასე რუტინული თავბრუდამხვევობით გადიოდა დრო.n582567720_1235570_5542
n582567720_1235573_2269ფინი ეთან ჰოუკად გადაიქცა, ესტელა კი გვინეთ პელტროუდ. ესტელა თითქმის არ შეცვლილა. მან ბავშვობიდანვე იცის, რომ ფინს თავდავიწყებით უყვარს. ერთხელაც, როცა ფინი სახლში მიიპატიჟებს, ესტელა საკუთარი თავის გალერეას აღმოაჩენს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ფინი, როგორც დღიურს, ისე ხატავდა ყველა შთაბეჭდილებას. ნახატების სიუჟეტები უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი იქნებოდა. ესტელა კი ყველაფერს ადვილად ხვდება, რადგან ნებისმიერი ფანტაზიის მიზეზი თვითონაა. ქალი ნებას მისცემს ფინს, ვნებიანად შეეხოს… მერე კი გაქრება მისი ცხოვრებიდან.

შვიდი წელი გადის. ფინი ხატვას თავს ანებებს და მეთევზეობას იწყებს ძია ჯოსთან ერთად.
ძნელი დასაჯერებელია, რატომ ანბებებს ხელოვანი თავს იმას, რაც ყველაზე ძალიან უყვარს. იგი ხომ თავისი შემოქმედებით ახდენს თვითრეალიზაციას. ფინის შემთხვევაში ეს, ალბათ, გატეხილი გულით გამოწვეული ტრაგედიაა, რომლის დავიწყებაც სურს. ამჯერად იგი თავგადასავლებს არა სიყვარულში, არამედ თევზაობაში ეძებს. სწორედ ამ დროს შემოდის მის ცხოვრებაში ვინმე რანიო. ეს კაცი უცნობი მეცენატის სახელით მოქმედებს და ფინს ნიუ იორკში გამგზავრებასა და ხატვის გაგრძელებას სთავაზობს. ამასთან ერთად, მთლიანად აფინანსებს მის ხარჯებს.
პირველი გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის რთულია. ალბათ, ნებისმიერ შეთხვევაში. მით უმეტეს, როცა საქმე ხელოვანს ეხება. მას უნდა სიახლე, რადგან არსებულით უკმაყოფიოა, მაგრამ, ამავდროულად, შიშობს, უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ფინის შემთხვევაში იგი არაფერს კარგავს. პირიქით, როგორც წითლად თმაგადაღებილმა მის დინზმორმა აცნობა, ესტელა ნიუ იორკშია. სწორედ ამიტომაც და ესტელას კიდევ ერთხელ ხილვის სულ მცირე სურვილის გამო გადაწყვიტა მან, აყოლოდა ახალ გამოწვევას.
წარმატებამდე ჯერ შორი გზაა. ნიუ იორკი უამრავ მეოცნებეს იღებს, მაგრამ ცოტას თუ უსრულებს სურვილებს. ფინს აქ ქალბატონი ერიკა გაუწევს მეგზურობას ხელოვნების სამყაროში. მთავარი მხოლოდ ერთია: ფინმა უნდა ხატოს. ახალგაზრდას ამაზე მსუბუქად ჩაეღიმება და გაკვრივებული რჩება. თურმე რა ცოტა რამ ყოფილა საჭირო წარმატების მისაღწევად. დიახ, ფინისათვის მხატვრობის მუზის გაღვიძება ძალზე ადვილი აღმოჩნდა. ქუჩაში პირველი ესკიზები გააკეთა ფანტაზიის ასამღვრევად, შემდეგ ერთ-ერთ შადრევანთან მივიდა. დაიხარა თუ არა, ისევ ის შეგრძნება, რომელიც წლების წინ პირველად განიცადა და რომლის გემოც ფინს არასოდეს დავიწყებია… ესტელა… ისევ კარგად დავიწყებული სიმწვანე.200903095427
ესტელა ახლა უფრო ადამიანური ჩანდა. ბევრს იღიმოდა და მზის სხივებიც უფრო თამამად ირეკლებოდა მის ხორბლისფერ თმებში. თითქოს, სადღაც გაქრა გოგონას პრეტენზიული გამოხედვა.. თითქოს, ფინმაც დაიჯერა, რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რომ, უცებ, ესტელა გამოემშვიდობა. წასვლისას შორიდან მხოლოდ ის მოაძახა, რომ 6-ზე მეგობრებთან ეპატიჟებოდა კლუბში.
მკაცრად გაფორმებული ინტერიერი. დიპლომატიური ტონით მოსაუბრე სამეგობრო წრე, რომელიც ასევე დიპომატიურად ხუმრობს. ფინიც აქ არის. აშკარად ხვდება, რომ იქაური ატმოსფერო მისთვის არ არის. ხელოვანს არ შეუძლია ჩარჩოებში მოქცევა. იგი თავისუფალი ნიჭის შვილია, სულით მეზღვაურია, რაც მასში შეუგუებლობის განცდას ბადებს. ,,მეგობრებისათვის” ჩვეულ, ფინისათვის კი დაძაბულ სიტუაციას ესტელა განმუხტავს:
,,…მაინც ვინ იყო ფინი ჩემთვის? ფინი ჩემი ბავშვობის პირველი სიყვარული იყო. პირველად მან 10 წლის ასაკში დამხატა, ის მშვენიერი იყო…”
ამ სიტყვებს ახალგაზრდა მხატვრისათვის გამაოგნებელი ეფექტი უნდა მოეხდინა. მას თავდავიწყებით უყვარს ესტელა, თუმცა სიტყვით არასდროს გამოუთქვამს ამის შესახებ. არც ის სცოდნია, თუ რას გრძნობდა ქალი მის მიმართ. ფინისათვის ამ გრძნობების სახალხოდ გამოაშკარავება შოკისმომგვრელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იგი მხოლოდ ღიმილნარევი გაოცებით შემოიფარგლა. მისთვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა წარსულ სიყვარულს. ფინს ესტელა ახლაც უყვარს. მას სურს, ქალზე არა წარსულ დროში, არმედ აწმყოში ისაუბროს. ფინისათვის მნიშვნელოვანია, ამ დროში მოიპოვოს ესტელა და იქვე ეუბნება, ,,კიდევ მიდნა, დაგხატო”. ესტელა გვერდით მჯდომ მამაკაცს მიუბრუნდება: ,,თანახმა ხარ, საყვარელო?”.
…მორიგი იმედგაცრუება. მოულოდნელობისაგან ფინი გაოგნებულია. მიუხედავად იმისა, რომ მისი წამოწყება მოიწონეს, მხატვარი მაინც დაბნეულია და გულნატკენი ტოვებს კლუბს.
მეორე დილას, როცა ფინი ჯერ კიდევ ძილბურანშია, როცა სანახევროდ გახელილი თვალებით ესტელას ბუნდოვან სილუეტს დაინახავს. ქალი ირონიულად იღიმება და რაღაც ქმედებას მოელის მისგან. დახატვას, რა თქმა უნდა.
საერთოდ, გვინეტ პელტროუს გმირი ყოველთვის ორაზროვანია. მისი ნებისმიერი ჟესტი ვნებასა და თანხმობას გადმოსცემს, საბოლოო ჯამში კი ყოველი ქმედება უფრო და უფრო აშორებს მას ფინს. ამ შემთხვევაშიც, როცა ესტელა მხატვარს დილით გამოეცხადა და შიშველი დახატვა შესთავაზა, იგივე განმეორდა.paltrow7

11317448542227-4მზის ჯერ კიდევ გაუხუნებელი შუქი… ესტელა… ფინი… საღებავები… ფურცლების დასტა… მრავალი პოზა… მრავალი ნახატი… მრავალი ემოცია… ერთი ადამიანის მრავალსახიანი ინტერპრეტაცია ფურცელზე და უცებ… ,,უნდა წავიდე…” არა, ფინი ამას ვეღარ გაუძლებს. ამდენსაც ვერ მოითმენს!..2227-3.jpeg
სანახევროდ ჩაცმული ძლივს მიასწრებს ტაქსის, რომელშიც ესტელა ჩაჯდა. გაოცებული და მოთმინებადაკარგული ეკითხება ქალს, თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს. პირველად, მთელი ამ ხნის მანძილზე, ესტელას პასუხი სრულიად გულწრფელია: ,,ასე ვთქვათ, იყო ერთი გოგონა, რომელსაც ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ დღის სინათლის შიშს. ასწავლიდნენ, რომ იგი მისი მტერი იყო და ავნებდა მას. და ერთხელაც, ერთ მზიან დღეს, შენ შესთავაზე მას გარეთ გეთამაშათ, მან კი უარი გითხრა. ასეთ ადამიანზე არ უნდა გაბრაზდე…” ფინს ამის დაჯერება, რა თქმა უნდა, არ სურს, რადგანაც იგი ესტელას თვალებში ყოველთვის ხედავდა მზის მოციმციმე შუქს.
200903095127ერთადერთი, რაც ფინს აწუხებს, გაურკვევლობაა. დანამდვილებით არ იცის, ესტელას იგი უყვარს თუ ეთამაშება. წამით ქალი დუნდება და თითქოს, თავის თავს მას მიანდობს, მერე კი ისევ გულცივ ბავშვად გადაიქცევა და გარბის. თითქოს, მასში ისევ იღვიძებს წარსულში ნასწავლი შეგონება, რომ ყველა კაცი საზიზღარია. ერთხელაც ფინი კარს აღებს და ესტელას ბოიფრენდს, ვოლტერ პლეინს გადააწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე იგი ფინზე ახლოს დგას ქალთან, ისიც, თავის მხრივ, დაბნეულია. არც ვოლტერმა იცის, თავს რა მოუხერხოს. ფინთან სწორედ რჩევის საკითხავად მოვიდა, რომ გაიგოს, როგორ მოექცეს ესტელას. ამ დროს კი პასუხს იღებს, რომ იგი და ესტელა იდეალური წყვილია.
ფინი დარწმუნებულია, რომ მისი ფარული მეცენატი სწორედ მის დინზმორია, რომელიც აგრეთვე ეხმარება ესტელასთან დაახლოებაში. ახალბედა მხატვარი ბედნიერია იმით, რაც მის გარშემო ხდება: პოპულარობა იზრდება, საყვარელი ადამიანიც შორიახლოსაა და რატომღაც, არ ნერვიულობს მის არც ისე სიახლოვეზე. ფინს შეუძლია, თამამად შესვას წარმატებული მომავლის სადღეგრძელო.
Copy of n1437880388_129739_8963

მხატვარი ახალ საცხოვრებელში გადადის, სადაც მთლიანად გადაეშვება ხელოვნებაში. ხატავს თავის წარსულს, ოჯახის წევრებს, მოგონებებს, ესტელას, არტურ ლასტიგის პორტრეტსაც კი… როგორც ყველა ახალბედა, ისიც ვულგარული და ორიგინალური იმიჯის შექმნას ცდილობს. თითქოს ფინი უპატრონოდ იზრდებოდა, ოჯახის წევრები ადრე დაეღუპნენ, ძია ჯო კი კონტრაბანდისტი იყო, რომელიც ნარკოტიკებს გადაყვა. თითქოს, ფინს ესტელა ბავშვობის შემდეგ არ უნახავს, სახელიც კი არ ახსოვს მისი და ,,გაზრდილი” ქალის პორტრეტი მხოლოდ წარმოსახვით შექმნა, შემდეგ ფინს გაუმართლა და სანაგვედან პირდაპირ ნიუ იორკის ხელოვანთა წრეში ამოყო თავი. ასე შეითხზა კიდევ ერთი იღბლიანი ხელოვანის პორტრეტი.
great2236013157_lისევ ესტელა… გავისეირნოთ… ფინი აღტაცებული უყვება თავისი წარმატებების შესახებ. ქალი კი მორიგ დარტყმას აყენებს: ,,უოლტერმა ცოლობა მთხოვა. მე კი მინდოდა გამეგო, შენ რა აზრის იქნებოდი”… ფინი კიდევ ერთხელ დაიჭრა. კიდევ ერთხელ ახდა მის დინზმორის წინასწარმეტყველება. ისევ უამრავი კითხვა… რატომ მოიქცა, რატომ მომექცა ასე? იქნებ ამით რაიმეს თქმა უნდოდა? სწორია, იქნებ სწორედ იმიტომ მითხრა ამის თაობაზე, რომ მისთვის ხელი შემეშალა და მეხსნა იგი?…
ამ ფიქრებით, ესტელას შორიახლოს მოტრიალე აჩრდილით გარშემორტყმული ფინი დაბნეული შედის გალერეში, სადაც უამრავი საპატიო სტუმარია შეკრებილი. გაუცნობიერებლად ართმევს ხელს ყველას, ვისაც მისი გაცნობა სურს. ფინის მზერა მხოლოდ მას ეძებს, რომელიც ჯერ არ გამოჩენილა. აი, ისიც. ესტელამ დააგვიანა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე უნდა წავიდეს.
არა, ფინი ამჯერად უკან არ დაიხევს. სულ ერთია, რას იფიქრებენ სტუმრები, მთელი მსოფლიოც კი. გარეთ წვიმს… ფეხით გაირბენს მანძილს გალერეიდან ჩინურ რესტორნამდე, სადაც ესტელა ვახშმობს. ცივი წვეთებით დასერილი, გაკვირებული სახე მხოლდ მას ხედავს, სხვა მისთვის უბრალოდ არ არსებობს. ,,ვიცეკვოთ?…” ქალიც დგება და მიყვება ,,საცეკვაოდ”. გაოცებული სტუმრები უოლტერის რეაქციას ელიან, რომელიც ამბობს, რომ ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან და საშიში არაფერია. ესტელა მორჩილად მიყვება ფინს რესტორნის გასასვლელამდე. აი, უკვე წვიმის წვეთები ცრით სახეში. წყალი მათი სტიქიაა და ამ ლტოლვას ვეღარაფერი შეაჩრებს. ორივენი გარბიან…


საინტერესოა, რომ ფინისა და ესტელას კოცნა ფილმში მხოლოდ სამჯერ ხდება. სამივე დროს კი მათ ტუჩებზე წყლის წვეთებია. ორ შემთხვევაში შადრევანი ფიგურირებს, მესამეში კი – წვიმა. წყლის სტიქია, თითქოს, აერთიანებს ამ ადამიანებს და, ამავდროულად, აშორებს კიდეც მათ….
ვნებიანი ღამე მიცხრა. წვიმა კი არა. როცა წვიმს, ისინი ერთად არიან. საინტერესო პარალელის გავლება შეიძლება ესტელას ხასიათთან, როცა იგი ამბობს, რომ დღის სინათლისა ეშინია. გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამ ამ ფრაზას მხოლოდ მაშინ აქვს ჭეშმარიტი ძალა, როცა წვიმს, ანუ როცა მზე არ ჩანს. ამ დროს ქალი თავს დაცულად გრძნობს. ამ დროს ესტელა მხოლოდ ფინს ეკუთვნის. წვიმას ჯერ კიდევ არ გადაუღია, როცა ფინი შეიტყობს, რომ მას ისევ ტოვებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ქალი წინასწარ აფრთხილებს წასვლის თაობაზე და პერსონალურ გამოფენაზე მოსვლასაც ჰპირდება.
ეს დღეც დადგა. წარმატების პიკი. პირველი პერსონალური გამოფენა და ისიც ნიუ იორკში! ახდენილი ოცნებები ვარსკვლავებივით ანთია ცაზე. საჭიროა მხოლოდ მათი მოკრეფა. აქ არის ყველა, ვინც ფინის გვერდით იდგა ამ ხნის განმავლობაში და ვინაც იგი პროფესიონალ მხატვრად აქცია: ერიკა, შეძენილი მეგობრები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები, რანიოც კი. არ ჩანს მხოლოდ ესტელა. როგორც ყოველთვის, ფინის თვალები გაფაციციებით დაეძებენ მათთვის ნაცნობ სილუეტს ხალხის გროვაში და უცებ, ,,ფინ! ჰეი, ფინ!..” დიახ, ეს ძია ჯოა. ადამიანი, რომელიც ფინის ახალ ბიოგრაფიაში, რატომღაც, აწგარდაცვლილი ნარკოტიკების კონტრაბანდისტის სტატუსით შევიდა.
ყველა, ვინც, ეს ისტორია იცოდა, გაოცებული უცქერდა ხან ძია ჯოს, ხან კი მის პორტრეტს. ხმაურიანმა ფლორიდელმა მეთევზემ ელიტარული საზოგადოების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. ერთი შეხედვით, ერთი მოსმენითაც კი ჩანდა, რომ მათში ,,უწმინდური” გაერია, რომელიც, უნებლიედ, ფინის კარიერას საფრთხეს უქმნიდა.
მხატვარი ყოველნაირად ცდილობდა, განემუხტა გაურკვეველი სიტუაცია და საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა. ამასობაში ძია ჯომ შემთხვევით ოფიციანტის ლანგარს გაკრა ხელი და შამპანურის ფუჟერებიც დაიმსხვრა. ბევრს ეცადა ფინი, წამოეყენებინა ძია ჯო, რომელიც ოფიციანტს ნატეხების აღებაში გულმოდგიედ ეხმარებოდა. ბოლოს, რომ არაფერი გამოუვიდა, უყვირა კიდეც. ამით ყველაფერი ნათელი გახდა: ფინი უკვე აღარ იყო ის ფლორიდელი მეთევზე, რომელიც ეჭვებითა და შიშით ხედავდა მომავალს. ფინი უკვე ზრდასრული პროფესიონალი იყო, რომლის სიტყვასაც თავისი წონა გააჩნდა. იგი ელიტარული საზოგადოების წევრი იყო, სადაც ძია ჯოს ადგილი ვერ იქნებოდა.200903095514
ერთ წამში ისიც აცნობიერებს თავის უადგილო ადგილს და მიდის. ორი ადამიანის განშორება ვერ იქნება უემოციო, მით უმეტეს, რომ ერთმა მეორე გაზარდა და ცხოვრება ასწავლა. ორივემ თავისი გზა აირჩია. ორივე აცნობიერებს თავის ადგილს სამყაროში.
ცრემლები გულწრფელია, სურვილებიც ჭეშმარიტი. ძია ჯო მიდის.
ფინი ბედნიერია, რომ წარსულის ყველა მოგონებისაგან განთავისუფლდა, რომელიც მომავლის წარმატებისაკენ გზას უღობავდა. მას გაუმართლა. მხატვარი, სახელწოდებით ფინიგან ბელი, დაიბადა. ესტელას უკვე აღარ შერცხვება მასთან ერთად გამოჩენის, რადგან იგი ვარსკვლავია, რომელიც უფრო და უფრო იკაშკაშებს. მას აქვს ფულიც და დიდებაც. ყოველივე ეს კი მხოლოდ ერთი ადამიანისათვის გააკეთა. მითვის ფინი ყველაფერს დათმობს. ამ სიყვარულისათვის უბრალო მეზღვაურმა შეუძლებელი შეძლო. ახლა ესტელას მდიდრული სახლის ფანჯრებთან დგას და სულმოუთქმელად ელოდება, როდის დააგვირგვინებს კოცნა მის ბედნიერ წუთებს…
კარი იღება. არავინ ჩანს. ფინი კიბეზე ადის. ნაცნობი მელოდია. ისევ და ისევ Besame mucho. წარსულის ერთ-ერთი მოჩვენება, მწვანეებში გამოწყობილი ქალბატონი ნორა დრიგერს დინზმორი. ისტორია შეცვლილი სახით მეორდება. მუსიკაც შეიცვალა. თუ ადრე 70-იანი წლების რიტმებით ჟღერდა, ახლა იგივე მუსიკა სეზარია ევორას ნაზი შესრულებით ისმის. ქალიც საოცრად დაბერებული და წელში მოხრილი შეეგება. სწორედ აქ დაირღვა ფინის ყველაზე დიდი იმედი, რამაც იგი გაანადგურა: მის დინზმორი ნახატების გამოფენაზე კი არა, ესტელას ქორწილის აღსანიშნავად ჩამოვიდა. თურმე ფინი კატალიზატორის როლს ასრულებდა ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში. მანამდე ესტელას უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მხატვრის გამოჩენის შემდეგ კი ყველაფერი თავისით მოხდა…great3
– კი მაგრამ, რატომ?
– თავიდანვე მისთვის საცდელი თაგვი იყავი. შენზე ისწავლა და გამოცადა მან ილეთები. შენ კი ეს მოგწონდა და უფრო და უფრო მიიწევდი გველის სოროსკენ. მე კი წლების წინ გაფრთხილებდი, რომ ეს გოგონა გულს გატკენდა. შენ არჩიე, არ მოგესმინა და აი, შედეგიც… შენ, ესტელა და მე… ტკივილის პირამიდა, რომელიც სამივეს გვაერთიანებს.
– მომეცით ხელი… იცით, ეს რა არის? ეს ჩემი გულია. და ის გატეხილია. გრძნობთ?…
– … რა ჩავიდინე!…

… ამ დროს კი მანჰეტენის ცა ესტელას თვითმფრინავმა გადასერა….
სახლში დაბრუნებულ ფინს უცნობი წვერიანი კაცი სთხოვს დახმარებას. მას ჩაუსაფრთდნენ და მოკვლას უპირებენ. მხატვარი შინ შეიპატიჟებს, რათა უცნობმა პოლიცია გამოიძახოს, სანამ დასახმარებლად მოვლენ, მანამ კაცს დრო აქვს, კარგად შეისწავლოს ფინის სახელოსნო.download
ნუთუ ფინს იგი არ ეცნობა? ნუთუ არავის აგონებს, მისი მახვილი მზერა? სახელიც კი წარმოთქვა ტელეფონში, ართურ ლასტიგი. ამ კაცს იტალიელი მაფიოზები ეძებენ მოსაკლავასდ. მას არ დაურეკავს პოლიციაში, რადგანაც ეს უკანასკნელიც ეძებს. ნუთუ ფინი კვლავ ვერაფერს ხვდება?
,, …ჩურჩულით!… ჩურჩულით!… ჩურჩულით ისაუბრე!…”
ისევ აიმღვრა წარსულის ფსკერზე დალექილ მოჩვენებათა შლამი. ეს ხომ ის გაქცეული პატიმარია, რომელიც წლების წინ სიკვდილით უნდა დაესაჯათ?… ართურ ლასტიგი, ყველაზე ბნელი მოგონება!…
გაირკვა, რომ იგი კიდევ გაიქცა ტყვეობიდან და უცხოეთში მიიმალა. ლასტიგი ბიჭის დანახვით უსაზღვროდ ბედნიერია. ძალიან გაუხარდა, როცა საკუთარი პორტრეტი დაინახა კედელზე, რომელიც, სხვა ტილოების მსგავსდ, უკვე გაყიდულია. ფინს ახლა ამისთვის არ ცხელა, თუმცა ლასტიგი არ ჩქარობს და გულით სვამს პატარა ბიჭის სადღეგრძელოს, რომელმაც სრულიად დამსახურებლად მიაღწია დიდებას თავის ცხოვრებაში. შიშისგან გაფითრებულს ფინს ლასტიგის მალე წავლა სურს და კარამდე აცილებს. ეს უკანასკნელიც ემორჩილება და გამომშვიდობებისას მის გასაგონად ამბობს: ,,რანიომ კარგად იმუშავა…” ფინი რაღაცას ხვდება, მაგრამ მაინც ვერ წვდება ლასტიგის აზრებს. მხატვარს გული შეტკივა ადამიანზე, რომელსაც ყველა მოსაკლავად დასდევს. ადამიანზე, რომლის გადარჩენაზეც მხოლოდ თვითონ იზრუნა ერთხელ, ოდესღაც. ფინი გადაწყვეტს, ლასტიგს დაეხმაროს და უკანა გასასვლელით გაჰყავს მეტროსადგურისკენ. კაცი მას პარიზში ეპატიჟება, ხელოვნების ქალაქში, სადაც ყველა ჭეშმარიტი მხატვარი ნამყოფი უნდა იყოს. ამ საუბარში კი ლასტიგს მკვლელები წამოეწევიან და სასიკვდილო ჭრილობასაც მიაყენებენ.
ყოფილი სასტიკი მკვლელი ახლა ფინის კალთაში სისხლისგან იცლება. ცხოვრებაში ჩადენილი უამრავი ცოდვა და დანაშაული აწევს კისერზე, მაგრამ ამ უბოროტესმა კაცმა სიცოცხლეში ერთხელ მანიც გააკეთა სიკეთე: რაც ფული ჰქონდა, ყველაფერი ფინის შემოქმედებას დაახარჯა. სწორედ მან შეისყიდა მხატვრის ყველა სურათი, მოუწყო გამოფენა, მისი ადვოკატია რანიო, რომლის ხელითაც ფინს ფულს უგზავნიდა, ყოველდღიურად ეხმარებოდა. ძნელია იმის თქმა, რამდენად შეინანა ლასტიგმა დანაშაული, მაგრამ რაც მან გააკეთა, დაფასების ღირსია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვიცით მისი სისასტიკის კონკრეტული ფაქტები, რაც ამ კაცს ჩვენს თვალში ძალიან არ ამძიმებს. მიუხედავად ამისა, ლასტიგმა ზღო ცოდვების გარკვეული ნაწილსათვის თავისი სიცოცხლითა და მასში ჩადენილი თუნდაც ერთი კეთილი საქმით.
ფინი მართლაც გაემგზავრა პარიზში და მიიღო ყველაფერი, რაზეც ოდესმე უოცნებია. მას გაუმართლა. გაუმართლა მრავალი უბედურების, იმედგაცრუებისა და შიშის ფასად, რომელიც წარმოუდგენელი სიმამაცით დასძლია.
გავიდა წლები და სრულიად შეცვლილი მხატვარი თავის საწყისს, ფლორიდას დაუბრუნდა. თითქოს, ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო: ზღვაში ჩამავალი მზე, თევზები ზღვის ფსკერზე, წყალში კი ფინი, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ფინია. მისი ნიჭი და ფანტაზია, ადრე რომ ბლოკნოტში ატევდა, ახლა ყველას აღაფრთოვანებს. ძია ჯოს მონახულების შემდეგ, იგი პარადისო პერდუტოში, თავისი თავგადასავლის გადახავსებულ საწყისში მივიდა. როგორც გაირკვა, ნორა დრიგერს დინზმორი რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილა. მისი გვამი ერთი თვის შემდეგ იპოვეს სახლში. პარადიზო პერდუტოც ნელ-ნელა იშლებოდა. საბოლოო ჯამში კი მისი დანგრევა გადაწყვიტეს. ისევ ის ცოცხალი ეზო, ჩიტების ჭიკჭიკით სავსე ბუჩქები, ჭიამაიები, უძველესი სუფრის ნარჩენები… ფინი განვლილ წლებზე ფიქრობდა, როცა მოულოდნელად ბავშვის სიცილი შემოესმა. ეს ესტელას აჩრდილი იყო? გაოცებული გაედევნა მწვანე მოჩვენებას, რომელიც ხტუნვა-ხტუნვით ჩაუვლიდა ალჰამბრა შადრევანის ნარჩენებს, ვენეციის ,,ათასი ფრთის” ოქროს ჭერის ნანგრევებს. ბავშვმა დედასთან, ესტელასთან მიირბინა.
მრავალი რამე შეიცვალა ქალის ცხოვრებაში. ქმარს გაშორდა, სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო და გამუდმებით ფინზე ფიქრობდა. ძველი, გულის გამტეხელი ესტელა უკვე აღარ არსებობდა.18big
– ოდესმე მაინც თუ მაპატიებ?
– შენ რა, სრულიად არ მიცნობ?…

ისინი იცნობდნენ ერთმანეთს, ყოველთვის. ახლა ეს იყო მთავარი. წარსულს კი უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. წინ მხოლოდ დიდი იმედებით აღსავსე ნათელი მომავალი იყო. მზეც ისეთი უღრუბლო და ნაზი იყო. მწვანე ფერიც იყო, აქაიქ დაფარფატებდა ზღვის ტალღებისა და თოლიების მოქროლილ ხმებში…

Advertisements

6 thoughts on “Great Expectations – მწვანე ფილმი

  1. ამერიკა ინდოეთი.
    კაი ფილმია მარა ჰეფი ენდი რა საჭირო? 🙂

  2. ჩემი საყვარელი ფილმია…
    ჩემი საყვარელი ფერია 🙂

  3. filmi, romelmac shoki momgvara grma bavshvobashi. udzlieresi filmia, udidesi shinaarsit. zurriuss magrad wer, momwons sheni postebi, ase ganagrdze 😉

  4. არ მაქვს ნანახი და მაგრად დამაინტერესa :/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s