ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

მილოცვა-მისამძიმრება

8 Comments


Old_tomb_cross_with_branches_by_SilvieT_Stock

amit-congratulations-480დავიწყოთ: ჩვენ გარშემო ყოველდღე უამრავი რამ ხდება. ზოგი კარგი, ზოგი ცუდი, ზოგიც უაზრო. შესაბამისად, ყოველივე მათგანს თან ახლავს თავისებური გამოხმაურებაც. კარგს _ მილოცვა, 🙂 ცუდს _ მისამძიმრება 😦 (შებრუნებულ გამონაკლისებზე ამჯერად არ შევჩერდები). ვულოცავთ მიუხედავად იმისა, ნამდვილად განვიცდით სიხარულს თუ არა, ვუსამძიმრებთ მიუხედავად იმისა, განვიცდით წუხილს თუ არა. საბოლოო ჯამში, ალბათ, ეს არც მოგვეთხოვება, ვინაიდან მთავარი ფიგურა, ამ შემთხვევაში, არის ის, ვისთანაც კონტაქტში შევდივართ.
ეს ფაქტი, გარკვეულწილად, რიგი წილი პასუხისმგებლობისაგან უნდა გვათავისუფლებდეს. თუ ადამიანი გახარებულია, არ არის სავალდებულო, ჩვენც ისეთივე დოზით გვიხაროდეს, როცა ვულოცავთ მას. მწუხარებაზეც ანალოგიურად. ყველას, უბრალოდ, არ შეუძლია, ყველაფერი მთავარი განმცდელივით განიცადოს და არც მოეთხოვება. მაგრამ ჩვენ გარშემო ეს ცოტას თუ აქვს გათავისებული და ჰგონია, რომ თუ სახის ტრავმირებული და შოკში ჩავარდნილი გამომეტყველება არ მიიღო, ისე მისი მისამძიმრება “უძლურია”. ანალოგიურად საპირისპირო ითქმის მილოცვაზეც.
საბოლოო ჯამში ხომ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს სიყალბეა. სიყალბე, რომელიც არ მოგვეთხოვება და თუ ამას ორივე მხარე დროზე გაიგებს, უკეთესი იქნება. არ არის საჭირო ხტომა და წივილ-კივილი და შამპანურის გაზიან ბოთლზე ჩამოჯდომა ემოციების ფეიერვერკის მოსახდენად. იმავეს რამდენიმე გულწრფელად ნათქვამი სიტყვა გააკეთებს და ვერც ვერავინ შემოგვედავება, რომ რაიმე სწორად არ ვთქვით. პირადად მე ვიცნობ რამდენიმეს, ვისაც ურჩევნია, დაბადების დღე თუნდაც ყალბი, მაგრამ მაინც ჟრიამულითა და ხვევნა-კოცნით მიულოცონ. აი, აქ უკვე ჩემისთანა ადამიანებს მყარი ნერვული სისტემა უნდა ჰქონდეთ, რომ ასეთ რამეებს გაუძლონ. პირადად მე ამას იშვიათად ვახერხებ და ვცოფდები. აქ არ არის მხოლოდ ყბადაღებული “სიყალბის” ძიება-აღმოჩენის საქმე, მთავარი აქ გააზრებული სიყალბეა, რომელსაც ერთი აიძულებს მეორეს, სათავისოდ და სასხვისოდ ჩაადენინოს.
რაც შეეხება მისამძიმრებას, პირადად მე არ მქონია შემთხვევა, ჭირისუფალს ვინმესგან მოეთხოვოს, თქვენც ჩემსავით დაიტირეთ და იგლოვეთო (კიდევ კარგი!). ამ ნაწილში, მგონი, უკეთ გვაქვს საქმე, ვინაიდან სწორად დაწყობილი და გააზრებული, ხშირად გაზეპირებული, ფრაზები საკმაოდ კარგად გადმოსცემენ სათქმელს, რომლის შინაარსსაც ზოგჯერ ბოლომდე არც ვწვდებით.
ხლა რატომ მოვაყოლე ყველაფერი ეს ერთმანეთს: მე სრულიად გაცნობიერებულად მჭირს მილოცვა-მისამძიმრების შიში კი არა, რაღაც უხერხულობა. სწორედ იმ ლოგიკაში ვიჭედები, რაზეც ახლახან ვსაუბრობდი. სულ მგონია, რომ თუ ადამიანს ჩემი ტკივილი არ დავანახე, ისე ვერ მივუსამძიმრებ და ყალბი ვიქნები-მეთქი. ასევეა სიხარულიც: თუ ბოლომდე არ გავითავისე რაღაც ბედნიერება, ისე ვერაფრით ვულოცავ სხვას. აქედან გამომდინარე, ორ რამეს ვაკეთებ: ან ვცდილობ, ყოველივე ეს განვიცადო (რაც ხშირად საკმაოდ ძნელია) ან კიდევ _ განვერიდო (რაც ხშირად ასევე ძნელი და ხიფათიანია). ერთი, რაც მამშვიდებს, ის არის, რომ სიყალბეს არც ერთ შემთხვევაში არ ჩავდივარ.
ამასწინად, 22-ში, მგონი, მაღაზიიდან სახლში ვბრუნდებოდი და შორიახლოს ჩემს მეზობელს მოვკარი თვალი, რომელსაც ვაჟი სულ ახლახან დაუოჯახდა. ქორწილზეც უნდა წავსულიყავი, მაგრამ მაშინ იქ არ ვიყავი. ძალიან კარგად ვიცნობ მამა-შვილს, თუმცა მაინც ვერ გავბედე მისვლა და მილოცვა. რა უნდა მეთქვა ისეთი, რომ იმას გაღიმებოდა და ასევე ზრდილობის გულისთვის არ დაექნია თავი?… ვითომ, კომპლექსი მჭირს? 😦 მოკლედ, ეგრევე მოვტრიალდი და სახლისაკენ შორი გზით წავედი…

Advertisements

8 thoughts on “მილოცვა-მისამძიმრება

  1. ძალიან კარგი პოსტი იყო! ნაცნობია ჩემთვის ეს ყველაფერი. მოლოცვას კიდევ არაუშავს, მაგრამ სერიოზული პრობლემები მაქვს მისამძიმრებასთან, ნუ ან უბრალოდ თანაგრძნობის გამოხატვასთან დაკავშირებით. არასოდეს ვიცი, რა უნდა ვუთხრა მაგ დროს ადამიანს!

  2. ზურიუს, აი, რა კარგი ადამიანი ყოფილხარ. მე ადრე მიჭირდა მილოცვა-მისამძიმრებები, დედაჩემი ძალით “მაგდებდა”, დაურეკე და მიულოცე… ახლა ეტყობა გავიზარდე და მეტ-ნაკლებად “გავიწაფე” ცხოვრებაში, შესაბამისად მილოცვითაც ადვილად ვულოცავ და მისამძიმრებითაც :\ თუმცა, ეს უკანასკნელი დღემდე მიჭირს. ამ დროს, მგონია, რომ ადამიანისთვის უმნიშვნელოა შენ რას ეუბნები, როცა ახლობელი დაკარგა. არადა, ზოგ ადამიანს სწორედ ეს მომენტები ამახსოვრდება კარგად და მერე ამის მიხედვით განგსჯის 😐 უჰ, რთულია რა.
    მთავარია სხვისი ჭირი არ გვიხაროდეს და თუ მისი სიხარული ისევე არ გვიხარია, როგორც მამამისს, ამაში ცუდი არაფერია 😉

    • ზუსტად მაგ ზოგად დასკვნამდე მივედი მეც, სოფ. ეს მეტნაკლებად ერგება ყველაფერს 😉

  3. რაც ბოლდით გიწერია, ზუსტად მასე ვარ მეც და აქამდე მეგონა მხოლოდ მე მჭირდა. ძალიან მიჭირს წინასწარ სხვისი ბედნიერების/მწუხარების გათავისება და მერე მილოცვა.

    უფრო მეტად არ მიყვარს ჩემს დაბ.დღეზე შაბლონური სმს-ები რომ მოდის, ჯობია სულ არ მომწეროს. ამიტომ მე ვცდილობ ისეთი ტექსტი მოვიფიქრო ხოლმე, სანამ მივულოცავ, რომ მიხვდეს გულწრფელად ვწერ/ვეუბნები.

    ისე, ყველაფერი ის დავწერე, რაც ისედაც თქვი პოსტში და რას ვიკლავდი თავს? 😀

  4. მეც ამირიდებია თვალი 😐 მცხვენია…

  5. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად გულწრფელად ამბობს ადამიანი უბრალო სიტყვასაც კი. სიყალბე არამარტო მილოცვა-მისამძიმრების დროს იჩენს თავს, ჩვეულებრივი შეხვედრის, მისალმების დროსაც. “ჩემო სიხარულო, საყვარელო, შენ გენაცვალე” ვერ ვიტან, როცა ამ სიტყვებს ჰაერზე ისვრიან ხოლმე 😐

    • ვაჰ, შენ რა გაგულისებული ხარ 😀

    • აბსოლუტურად გეთანხმები;)უნიში ხომ ამ თავლსაზრისით სრული მარაზმია:(ახლა ამაღლობელის ის ლექსი მახსენდება-“ქართველებს უყვართ სიარული პანაშვიდებზე…” საშინლად მძულს საკუთარი თავი და მთელი სამყარო როდესაც ამ ზედაპირულობასა და სიყალბეს ვეჩეხები!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s