ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

“ჩუპრი-ჩუპარ, დარეჯან!…”

5 Comments


DSCF6740

დარეჯანი ილიას "ეკამათება"

…თუმანიშვილის თეატრში “ბავშვმა გაიჩუჩუნა”. არ გჯერათ? აი, კიდევ… თქვენ თუ არა, დარეჯანს ხომ მაინც სჯერა. იგი დიდი იმედითა და მონდომებით მოელის მემკვიდრეს. მემკვიდრეს, რომელიც არა და არა ჩანს…
სპექტაკლი “ჩუპრი-ჩუპარ, დარეჯან!” ილიას ცნობილი მოთხრობიდან “კაცია ადამიანი?!” და ნაკლებად ცნობილიდან “კაკო” შეიქმნა. პირველი საოცრება, რაც სიუჟეტს თან ახლავს, არის ის, რომ სპექტაკლში მხოლოდ ერთი მსახიობი მონაწილეობს.
აფიშის მიხედვით, სპექტაკლი ეფუძნება ილიას ორ მოთხრობას: რა თქმა უნდა, “კაცია ადამიანსა” და “კაკოს”. მეორე, თავდაპირველად, “კაკო ყაჩაღი მეგონა”, მაგრამ, ვინაიდან სპექტაკლში მისი ვერც ერთი ელემენტი ვერ ვიპოვე, მივხვდი, რომ შევცდი. როგორც სპექტაკლის რეჟისორმა კოტე მირიანაშვილმა ამიხსნა, თურმე “კაკო” “კაცია ადამიანი?!”-ს ერთ-ერთი საწყისი ვარიანტი ყოფილა. რაც მთავარია, ამ ვერსიის თანახმად, თურმე ჩვენთვის ნაცნობ ბუთქუნა წყვილს ვაჟი უჩნდება, სახელად ნიკოლოზი. ამით ილია რუსეთსაც გადასწვდა და ახალშობილში იმპერატორი ნიკოლოზ I იგულისხმა, თანაც, მათი დაბადების დღეებიც ემთხვევა თურმე ერთმანეთს. როგორც ბატონი კოტე ამბობს, ამაში სხვისთვის გაჩენილი შვილის სიმბოლიკა ჩადო ილიამ.
“ეს პერსონაჟები უკვე თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ და წიგნის მერეც აგრძელებენ ცხოვრებას. ლუარსაბიც,

Chupri-Chupar 106

გზად თბილისისკენ... 🙂

დარეჯანიც, _ ამბობს ბატონი კოტე, _ მათ თავიანთი სიმართლე აქვთ. როგორც კი წიგნს გადაშლი, ისინი ცოცხლდებიან. ლიტერატურულ ნაწარმოებს სჭირდება ინტერპრეტირება და ადაპტაცია, ანუ მორგება სცენათან. და როცა “კაკოში” გავიგე, რომ თურმე დარეჯანს შვილი ჰყოლია, ჩავეჭიდე ამ ვარიანტს. სწორედ აქედან დაიბადა ის, თუ როგორ ედავება დარეჯანი ავტორს, რომელმაც მას უშვილობა დააბრალა”
დარეჯანის ახსნა-განმარტებები მართლაც სასაცილო და საინტერესოა: ქალი ილიასა და ოლღას გვერდით “მიუჯდება” და ხან ტკბილი სიტყვით, ხანაც გაბრაზებული უმტკიცებს, რომ ისიც ბავშვის ღირსია, რომ მასსა და ლუარსაბს ამქვეყნად არაფერი დაუშავებიათ იმის ფასი, რომ მემკვიდრე არ მიეცეთ. ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ საუბრობს მხოლოდ დარეჯანი, მაყურებელი კი ამას მაინც დიალოგად აღიქვამს. რატომ? იმიტომ, რომ ილიას პასუხი და მოსაზრებები თითოეულმა ჩვენგანმა სკოლიდანვე იცის. შესაბამისად, სპექტაკლიც გათვლილია აუდიტორიაზე, რომელსაც წაკითხული აქვს “კაცია ადამიანი?!”. ასეთი კი თითოეული ჩვენგანია. ხოლო დარეჯანი, ილიასთან კამათისას, ჩვენც გვეკამათება და იმის საპირისპიროს გვიმტკიცებს, რაც ისედაც კარგად ვიცით.
_ კი მაგრამ, რატომ დარეჯანი და არა ლუარსაბი? მთავარი ხაზი ხომ ლუარსაბზე გადის?
_ ილიას ორივე პერსონაჟი თანაბრად ჰყავს გამოსახული, მაგრამ ვინაიდან კაცი ოჯახში მთავარია, ამ თვალსაზრისით, ლუარსაბს მეტი წილი შეხვდა. დარეჯანის მთავარ გმირად გამოსახვა, ძირითადად, სპონტანურად მოხდა, მუშაობის პროცესში დაიბადა. ჩვენს არეულ დროში ქალმა მიიღო წამყვანი ფუნქცია და კიდევ, შვილოსნობა ქალისთვის უფრო ახლობელი რამ არის, ვიდრე მამაკაცისთვის. იგი ძალიან ზოგადად განიცდის ამ ამბავს. პირველი შვილი მამაკაცისთვის მხოლოდ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული. მე ვფიქრობ, რომ დარეჯანი უფრო განიცდის უშვილობას, ვიდრე ლუარსაბი. ამ უკანასკნელისთვის შვილი, პირველ რიგში, არის მემკვიდრე, _ ამბობს რეჟისორი.
სპექტაკლი რომ უფრო მგრძნობიარე და ნაკლებგაუცხოებული გამოსულიყო, რეჟისორმა გააქრო ეგრეთწოდებული “მეოთხე კედელი”, რომელიც მიჯნავს მაყურებელს მსახიობისგან. აქ დარეჯანი დარბაზში, ხალხთან გადის ამბების გასაგებად, აქ მასპინძლობს სტუმრებს და აქვე მკითხაობს საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად, რომ ბავშვმა ნამდვილად გაიჩუჩუნა.

DSCF6733

"წერე, ბიჭო! წერე-მეთქი!..." 😀

თუკი ჩვეულებრივ დადგმებში მაყურებელს შეუძლია, იხალისოს მსახიობზე და, ზოგჯერ, დასცინოს კიდევაც მას, ახლა მას ამის გაკეთება აღარ ძალუძს. მოქმედება მის ცხვირწინ ვითარდება და “მეოთხე კედელი”, რომლის მიღმაც შეეძლო არხეინად ყონა, ინგრევა. ამრიგად, მაყურებელიც იძულებულია, “ითამაშოს” მაყურებლის როლი და ამით გახდეს სპექტაკლის ორგანული, აქტიური ნაწილი. “სცენის უკანა ნაწილში XIX საუკუნის ადმიანები “სხედან”, დარბაზში კი _ XXI-სი. ამიტომ გახსნილი სცენა, ამ შემთხვევაში, ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს ამ ორ თაობას შორის. თანამედროვე თაობაც ისევე უსმენს დარეჯანის მუცლის ბუყბუყს, როგორც XIX საუკუნის ცილინდრიანი და კრინოლიანი ადამიანები. მაყურებელს იმდენად მობეზრებული აქვს უკვე ეს სიუჟეტი, რომ საჭიროა მასთან უფრო მიახლოება,” _ ამბობს რეჟისორი.
დამეთანხმებით, ძალზე ძნელია, ერთ მსახიობს “აჰიკდო” მთელი ტვირთი. შესაბამისად ტექსტიც დიდი გამოდის და,

Chupri-Chupar 113

ილიასა და ლუარსაბის "ჩახუტება" 🙂

სპექტაკლის მსვლელობისას, ყველაფერზე მხოლოდ ერთი ადამიანი აგებს პასუხს. როგორც რეჟისორმა ამიხსნა, დიდი ტექსტი იმისთვის არის საჭირო, რომ მისი ნაწილი ქმედებაში გადავიდეს და ბუნებრივი გახდეს. ამიტომაცაა, რომ დარეჯანი სრულ დამაჯერებლობას ქმნის მაშინაც კი, როცა მაყურებელს თვალს თვალში უყურის და ეშმაკურად უღიმის. ეს მძიმე და საპასუხისმგებლო როლი მან ლაურა რეხვიაშვილს დააკისრა
გამიმართლა, რომ ასეთი მსახიობი შემხვდა, _ მეუბნება ბატონი კოტე, _ ლაურას ძალიან მოეწონა ტექსტი და სპექტაკლის გადაწყვეტა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დაბადებულიყო სმპათია და ნამდვილი თანაგანცდა გმირის მიმართ და ლაურამ ეს მოახერხა.
რაოდენ იგრძნობა დრამატიზმი ზოგ მომენტებში, მით უფრო მსუბუქი ხდება სპექტაკლი კახური იუმორის შემწეობით. ზედმეტად რომ არ დასევდიანდეს მაყურებელი, დარეჯანი ფრთიანი გამოთქმებით განმუხტავს ხოლმე სიტუაციას, რაც კმაყოფილ ღიმილს ან სიცილს იწვევს.
სპექტაკლი რომ მარტო “კაცია ადამიანი?!”-ზე არ არის აგებული, ეს მის ფინალში ჩანს. დარეჯანი მშობიარობს… იბადება ბუშტი, რომელიც ცისკენ მიიწევს და, უცებ… სკდება. თითქოს, აქ ყურადღების უფრო გამძაფრებაა ნავარაუდევი: სანამ ბუშტი იბერება და ჰაერში ადის, მაყურებელი გაკვირვებული ფიქრობს, რომ რაღაც ისე არ ხდება, როგორც ილიას უწერია. თუ დარეჯანმა იმშობიარა, რა იქნება შემდეგ? ამასობაში ბუშტიც სკდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არაფერიც არ იქნება…

DSCF6771

დარეჯანი შობს!...

_ მაშინ რა მოელის დარეჯანს? რატომ არ კვდება იგი?
_ იქნებ ასეთი წყევლა აქვს, რომ ცოცხალი დარჩეს და თავი მუდამ ორსული ეგონოს. იგი სულ ელოდება. მოლოდინის პოზიციაში დავრჩით…
რეჟისორის ამ ნათქვამდან მრავალი პარალელის გავლება შეიძლება. მოლოდინის პოზიცია რომ განვაზოგადოთ, ქართველ ერს მივიღებთ, რომელიც, დარეჯანისა არ იყოს, ასევე ვიღაც ძვირფასს ელოდება, რომელიც არა და არ გამოჩნდა, არ გაიჩუჩუნა…
ბატონ კოტეს უნდოდა, უფრო მკაცრი და კრიტიკული ყოფილიყო გმირების მიმართ (გმირებს იმიტომ ვამბობ, რომ სპექტაკლში ლუარსაბიც იგულისხმება), მაგრამ არ გამოუვიდა. როგორც თავად ხსნის, ილიას თათქარიძეები იმდენად კეთილ ადამიანებად ჰყავს დახატული, რომ შეუძლებელია ზომაზე მეტად გააქილიკო და განურიხსდე მათ. ისიც ეყოფათ, რომ სამარადისოდ დასჯილები არიან.
_ კიდევ ერთხელ რომ დაგედგათ იგივე სპექტაკლი, ოღონდ სხვა აქცენტებით, ლუარსაბს ათამაშებდით?
_ აუცილებლად. შესაძლებელია, დარეჯანის გარეშეც კი, მაგრამ ლუარსაბი მარტო ვერ წარმომიდგენია. იგი დარეჯანზეა მიჯაჭვული.
საოცრება არც ამჯერად მოხდა. ბიჭი არც ახლა დაბადებულა. საინტერესო კი ის ფაქტია, რომ დარეჯანი კიდევ ელოდება ბავშვს. ახლაც რომ არაფერი გამოუვიდეს, კიდევ დაელოდება და ასე იქნება დიდხანს. ამისთვის ხომ მას მთელი სიცოცხლე აქვს, რა ენაღვლება. “ჩუპრი-ჩუპარ, დარეჯან!…”

Advertisements

5 thoughts on ““ჩუპრი-ჩუპარ, დარეჯან!…”

  1. ძალიან კარგი ინტერვიუა, ზურ 🙂 თავისი სტრუქტურით, გამართული ენით, (და არა ისე, შენ რომ ოდესღაც გიყვარდა, ჩუქურთმებით :))) :*)

  2. როგორც შესანიშნავ და ნიჭიერ ჟურნალისტს გიწვევ ტერენტი გრანელის საღამოზე, რომელიც გაიმართება ხუთშაბათს, 9 ივლისს კავკასიის სახლში 5 საათზე, გალაკტიონის 20;
    ტერენტიზე მოგონებებთან ერთად მოეწყობა ჩემი წიგნის გრანელი პრეზენტაცია

    • ძალიან დიდი მადლობა! თუ მოვახერხე აუცილებლად მოვალ. დიდი მადლობა საინტერესო კომენტარებისთვის 😉

  3. რა კარგი ინტერვიუა!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s