ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

როგორ ფიქრობთ, ვნანობ?…

14 Comments


Books02-619x685

სიგარებს ან შოკოლადის "ტრუბოჩკებს" არ ჰგვანან? 😛

დღეს ბლოგების თვალიერებას მივყავი ხელი. წავიკითხავდი 2 აბზაცს, შემდეგ ნახევარ საათს არაფერზე ვფიქრობდი. კიდევ 2-3 აბზაცი და კიდევ იდიოტურად ჯდომა არაფერზე ფიქრთან ერთად. მაღაზიაში ჩასვლისას კი კიბეზე ჭეშმარიტებამ გამინათა გონება: კითხვის ნიჭი არ მქონია.
თვალი რომ გადავავლე ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ სულ ასეთ მდგომარეობაში ვარ. ჯერ იყო და სკოლის პერიოდში, თითქმის, სულ დედაჩემს ვაკითხებდი ყველაფერს და მე მოსმენით ვიმახსოვრებდი (მეხსიერება კი ისეთი მქონდა, ახლა იმის მეათედი რომ მომცა, 10 დღეში ჯიგრულ სამსახურს გავჩითავდი). მე-9 კლასიდან დაიწყო ჩემი წამება. უი, კითხვა. უი, წასაკითხი. აუ, რამხელაა!… და ა.შ. არადა, მეუბნებოდნენ და მიჩიჩინებდნენ: “ზურიკო, იკითხე! ზურიკო, გაგიჭირდება მერე და ინანებ!… “მე კი ფეხზე მეკიდა ეს ყველაფერი და სულ ვხატავდი, ვთამაშობდი ან დავბოდიალებდი აქეთ-იქით. არადა, რა მენაღვლებოდა? ფრიადოსანი მაინც ხომ ვიყავი.
პირველი წიგნი მე-5 კლასში წავიკითხე და სახელი ახლაც მახსოვს: “მზის ბაჭიების ქვეყანაში”. ფრიად მშვენიერი ზღაპარი იყო ჭორფლის წარმოშობის შესახებ 🙂 შემდეგ დავაპირე თედო რაზიკაშვილის რაღაც არწივთან დაკავშირებული წიგნის წაკითხვა. სკოლის ბიბლიოთეკიდან გამომატანეს თავიანთი ნება-სურვილით: შენ ხუთოსანი და ნაკითხი ბიჭი ხარ და ეს მოგეწონებაო. 2 წელი გავიდა მას შემდეგ და მე-7 კლასში დავუბრუნე ბიბლიოთეკას, რა თქმა უნდა, წაუკითხავი. გაუკვირდათ კიდევაც: ჩვენ დაკარგული გვეგონაო.
წიგნების კითხვის ყველაზე დიდი ჯაჭვი აბიტურიენტობის პერიოდიდან დავიწყე. ამ დროს, ყველამ ვიცით, რამდენის წაკითხვა და სწავლა გვიწევს. აღმოჩნდა, რომ ჰაგიოგრაფია ძალიან მიყვარდა. თანაც, იმდენად, რომ მხატვრული ლიტერატურის წასაკითხ დროს გამოვძებნიდი ხოლმე. ჰოდა “პაგანინის განკიცხვამ” ისე შემიყოლია, რომ თვენახევარში დავამთავრე. არადა, 1 კვირაშიც მშვენივრად წაიკითხავდა კითხვის მოყვარული. ისე, ძალიან, ძალიან კარგი წიგნია!
ახლა კი, გავკადნიერდები და ჩემ მიერ წაკითხული წიგნების სიას გამოვაქვეყნებ და თავად იმსჯელეთ ჩემზე. თუმცა აქვე დავძენ, რომ არც მთლად იდიოტი ვარ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ეგვიპტის ისტორიაზე ვკითხულობდი ენციკლოპედიებს. ბავშვობის დაუზარებლობის პერიოდი ამ საოცარი ქვეყნის “აღმოჩენას” შევწირე და კიდევ გავაგრძელებ. ახლა კი დაპირებული სია (ქრონოლოგია არეულია):
“პაგანინის განკიცხვა”
“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”
“პარმის სავანე”
“პარფიუმერი”
“კრძალვით და ცახცახით”
“კატილინას წინააღმდეგ”
“ედიტ პიაფი”
“გიორგი სააკაძე”
“ალექსანდრე მაკედონელი”
“მარტოობის 100 წელი”
“მარგარიტა გოტიე”
“რემბრანტი”
“მეფე ლირი”
“სამი მეგობარი”
კიდევ ერთი რაღაც ალბერ კამიუს დაწერილი, მაგრამ სახელი არ მახსოვს, იმიტომ, რომ ვერ გავიგე.
გარშემო უამრავი ნაკითხი და კითხვისგან ტვინგამსკდარი მეგობარი დამტრიალებს. მეც ვარ, რა. თქვენც კარგად იცით, როგორც ვარ: თუ რამე მომწონს _ ვაღმერთებ, რაც არ მომწონს _ ვამხობ. ვარ გადარეულად გადარეული და საზიზღრად მწუხარე. არ ვიცი ზღვარი და “ოქროს შუალედი”. დამიანებთან ურთიერთობაში ბევრჯერ მიმიქარავს და შემიცოდავს. წიგნებს ვყიდულობ უამრავს, მაგრამ კითხვა მეზარება. კრემისფერი შურით მშურს ნაკითხი და განათლებუი ადამიანებისა.
მეუბნებოდნენ მშობლები და ნათესავები: “ზურიკო, იკითხე, თორემ ინანებ!” როგორ ფიქრობთ, ვნანობ?…

P.S. ბიბლიოთეკაში ჯდომის და იქ კითხვის ნერვები კი ჭეშმარიტად არ მაქვს. მანდ ყველაფერს გავაკეთებ წიგნების წაკითხვის გარდა!

Advertisements

14 thoughts on “როგორ ფიქრობთ, ვნანობ?…

  1. ვიტყოდი, უცნაურია-მეთქი, მაგრამ რადგან ამ ბოლო დროს უკვე აღარაფერი მიკვირს, მგონი, არაფერია, თუ კითხვა გეზარება, ჯერ წინ იმდენი დრო გაქვს წიგნების წასაკითხად. უბრალოდ, წიგნები ზრდიან ადამიანს, შემიძლია ვთქვა, რომ ვყლაპავ ლიტერატურას და მაძაგძაგებს წიგნებზე, სიყვარულისგან, რა თქმა უნდა.
    შენი ჩამოთვლილი წიგნებიდან, ზუსტად ვერ ვიხსენებ, მგონი მარტო “სამი მეგობარი” და “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” მაქვს წაკითხული, ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, ტანჯვით დავასრულე და იმის მერე ფრანგული ლიტერატურა შემძულდა 😀 ა, “მეფე ლირიც” წაკითხული მაქვს, by the way 😀
    აუცილებელია ბიბლიოთეკაში იკითხო? მხატვრული ლიტერატურის ბიბლიოთეკაში წაკითხვა, ვერ წარმომიდგენია, აბსტანოვკა უნდა მოიწყო და ჩაუჯდე კარგ წიგნს, წიგნის ნაწილი გახდე, სხვანაირად მართლა დაიტანჯები კითხვით. ჰო, სინანული იშვიათად მოდის საერთოდ 😉 შენი პოსტიდან მივხვდი, რომ არ ნანობ 🙂

  2. მეც ხშირად მიფიქრია, უკეთესი იქნებოდა თავის დროზე უფრო ბევრი რომ მეკითხა. კითხვა მიყვარს, მაგრამ ყოველთვის არ შემიძლია, კითხვის განწყობა უნდა მქონდეს. ბავშვობაში მეც დედაჩემი მიკითხავდა: ყოველდღე ძილის წინ მინიმუმ ერთი ზღაპრის მოსმენა გამოწერილი მქონდა, ისე ვერ ვიძინებდი:) ჩემ მაგიდაზე უამრავი წიგნი მიდევს, ერთდროულად ძალიან ბევრის წაკითხვა მინდა ხოლმე, საბოლოოდ კი ისე გამოდის, რომ თვეები გადის, იმ წიგნებიდან კი მხოლოდ რამდენიმე ფურცელი მაქვს წაკითხული:| ”სამი მეგობარიც” ასე მიდევს, რამდენი ხანია დავიწყე კითხვა და არ ვამთავრებ :|”პარფიუმერი” მაქვს წაკითხული და ”მეფე ლირი”, ”პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს” კი დედა მიკითხავდა ძალიან ადრე :))

  3. დაიკიდე რაჰ, უბრალოდ ბევრს კარგავ, ისევე, როგორც ბევრს კარგავს ხალხი, ვინც არ აკეთებს იმას, რასაც არ აკეთებს. ი ვსიო. 😉

  4. გუშინ ვიხსნებდი კამიუს რა მაქვს წაკითხული და ვერ გავიხსენე 😦 ვიკითხე ბევრი თავის დროზე და აზრი ?

  5. ჩემი აზრით, არ არის აუცილებელი, იკითხო ღრმა ფილოსოფია. ადამიანმა, ალბათ, ის უნდა წაიკითხოს, რასაც ყველაე კარგად გებულობს. რა აზრი აქვს შოპენჰაუერის წაკითხვას, ტუ აზრს ვერ გამოიტან მისგან? მირჩევნია ბიოგრაფიული წიგნი ან დეტექტივი წავიკითხო,ოღონდ რაიმე გავიგო. …ჰოდა შემდეგ, როცა ადამიანი მიხვდება, რომ გაიზარდა, მერე გადავიდეს რთულ ლიტერატურაზე.

  6. გამარჯობა!ალბათ უცნაურია,მაგრამ სკოლის ასაკში საბავშვო ლიტერატურას არ ვწყალობდი…უფრო დიდი პარადოქსია,რომ ბალზაკის თითქმის ყველა ნაწარმოები წაკითხული მქონდა.თავიდანვე ”გიგანტებს”შევეჯახე.ეხლა ძალიან კმაყოფილი ვარ,რადგან დღესდღეობით დროის სიმცირის გამო ვეღარ ვკითხულობ…ალბერ კამიუს ”შავი ჭირი”მაქვს წაკითხული…კარგად აღარ მახსოვს,მაგრამ მაშინ მომეწონა…ძალიან მიყვარს რეზო ინანიშვილის ნაწარმოებები(ჩემი სკოლაც ამ მწერლის სახელობის იყო)…მიყვარს ბუკინისტებში ბოდიალი,რადგან ბევრ და საინტერესო წიგნებს აღმოვაჩენ ხოლმე…ეხლა წიგნის კითხვა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა,რადგან ქართული ფილოლოგიის პირველ კურსზე ვსწავლობ…ეხლა გავდივართ ანტიკური ლიტერატურის ისტორიას…ესქილე,სოფოკლე,ევრიპიდე,არისტოფანე…ძალიან მომეწონა ეს ავტორები…აგრეთვე ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას…ძალიან მიყავრს ჰაგიოგრაფია…რაც უფრო მეტს კითხულობ,მით მეტ ახალს აღმოაჩენ მასში…

  7. არ მგონია გამართლებული თავიდანვე რთული, როგორც თორნიკემ თქვა, “გიგანტებით” დაწყება. ვფიქრობ, რომ ბავშვს წიგნის კითხვის კულტურა უნდა ასწავლოს ვინმემ და ასაკის მიხედვით შეაფერისი ლიტერატურა შეურჩიოს. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ. მე არ მყავდა მრჩეველი და ამიტომ, რადგანაც ცნობისმოყვარეობა მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობამდე მქონდა, ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა (სტენდალი მგონი მე-4-ე კლასში წავიკითხე). შედეგი?-საშინელი! მესმოდა მხოლოდ წიგნის ზედაპირული შინაარსი და არა მთავარი არსი და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ის წიგნები ახლიდან მაქ წასაკითხი. 😦 ისე კი, წიგნი რომ საუკეთესო საშუალებაა პიროვნული ზრდისთვის, ეს ახალი ამბავი არაა. არა მარტო ინტელექტუალური, არამედ ფსიქოლოგიური (წარმოსახვითი ფანტაზიის განითარება) და სხვა ასპექტების მხრივაც.

  8. მოდი დავიწყოთ თავიდან,ჩემს ბლოგზე რომ კომენტარი დატოვე სულ ტყუილად? არ წაგიკითხავს? :დ

    წიგნების კითხვას რაც შეეხება..მე პირიქით ვარ..ბავშვობიდან ვკითხულობდი ძალიან ბევრს,მერე თვალები მტკიოდა ხოლმე..ბოლო 3 წელია 2-3 კინკილა წიგნი მაქვს წაკითხული..

    სტენდალს შუა გზაში რომ მიატოვებს კაცი ნორმალურია? :დ

    ჰოდა სინანულს რაც შეეხება…ალბათ ნანობ 🙂

    პ.ს გამატებ ჩემს ბლოგერებში )))

  9. aq zalian chkvianuri ragacis daceras vapirebdi mara ucebb mivxvdi rom magas shen ukve mixvdi da ici, ase rom agar gavimeoreb da es komentari iyos mxolod 😉

  10. ”-ბედნიერი კაცი ყოფილხართ!
    -რატომ?
    -რატომ და წინ ისეთი ბედნიერება გელით..
    -რა ბედნიერებაა?
    -პირვლად წაკითხვის.”

    ”კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”
    დოჩანაშვილი

  11. ჰოოო… : )

    მართალია. ნამდვილ კითხვას სწავლა სჭირდება : ) ყურადღება და მზადყოფნა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s