ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

“არ ვიცი, ვინ ვარ…”

5 Comments


71857_mოცნების ინტერვიუ მარია კალასთან

სიმღერა. უბრალოდ – ხმა; თანაც, როგორი ხმა: არამიწიერი, ზეციური, ჰაეროვანი, ხავერდოვანი… ხავერდოვანი, მშვიდი, ბობოქარი.
მე რომ საკუთარი თვალით მენახა კალასი, ან საკუთარი ყურით მომესმინა მისი ხმა (ცოცხალი შესრულება!), ალბათ, უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი.
წარმოსახვაში, ოცნებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს: მოწყდე რეალობას, გადაიკარგო შენ მიერ შექმნილ წარსულში, შეიგრძნო ის, რაც აქამდე არასდროს განგიცდია…
პარიზი. XX საუკუნის 70-იანი წლები.
ამ დღისთვის მთელ სამ თვეს ვემზადებოდი. საუკეთესო წითელი ვარდები შევარჩიე და მივედი. ჟურნალისტებს არ გვჩვევია დაკაკუნება, მაგრამ ყველაფერს გააჩნია. რამდენიმე წუთს დახურული კარის წინ ვიდექი. ვღელავდი: “იქნებ გადაიფიქრა?”
მედიდურად აპრეხილი წარბები, ძირს დახრილი თვალები… თითქოს, ვერც მამჩნევს. ვარდებს დააცქერდა და მერე ამომხედა. მივესალმე. გამარჯობის ნაცვლად ეს მითხრა: _ “რისთვის გაისარჯეთ ასე? მე სიყვარული უკვე გამოვცადე.”
ამ პასუხით მაგრძნობინა, რომ ეს იყო მადამ კალასი და არა – ერთ-ერთი ვინმე “მადამთაგანი”. გადაწყვეტილი მქონდა, ონასისზე არაფერი მეკითხა, რათა, ისედაც ხმადაკარგული, კიდევ უფრო არ გამეღიზიანებინა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ღელავდა. თავი მაინც ღირსეულად ეჭირა.
სტატიას მთელს მის შემოქმედებაზე ვწერდი და დეტალები მჭირდებოდა. ვკითხე, ჰქონდა თუ არა ტურნე, რომელიც გამორჩეულად უყვარდა.
“1958 წელი. რომი. “ნორმა”… ფიქრებში ჩაიძირა. თვალები მოხუჭა. ალბათ, ის წუთები გაახსენდა, როცა გამაოგნებელი სპქტაკლის შემდეგ, თეატრის საგრიმიოროში გაიცნო არისტოტელე ონასისი, მისით აღტაცებული. ამას მოჰყვა კრუიზი “კრისტინაზე” 1959 წელს და მენეჯინისთან განშორება.
_ისევ ისეთი პუნქტუალური ბრძანდებით? _ ვკითხე.
_ მართალია, აღარ ვმღერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულიად შევიცვალე.
ეს თქვენზე არ ვრცელდება, მაგრამ დიდი ხანია, ჟურნალისტებთან არ მისაუბრია.
შიგადაშიგ ეღიმებოდა. ბობოქრობდა. ცდილობდა, დაეფარა იდუმალი ფიქრები.
თურმე სიმარტოვე უკლავდა გულს: მარჩელო მასტროიანი, მის ზემო სართულზე რომ ცხოვრობდა, ღამღამობით ბუხრის მილიდან ხშირად ისმენდა, თუ როგორ ცდილობდა ხმადაკარგული კალასი მღერას.
_ რას მეტყვით “ტოსკაზე”?
_ ტოსკა… _ ღიმილით ახედა კედელს, _ აი, სად არის ტოსკა! იგი ჩემი მეგობარია, გულითადი მეგობარი. ყოველთვის სიმართლეს მეუბნება. უამრავჯერ ვიმღერე და, მხოლოდ ერთხელ, სამოცდახუთში მითხრა: “გაჩერდი!..” მეც გავჩერდი.
_ მაგრამ თქვენ ხომ სიმღერა მაშინ არ შეგიწყვეტიათ, კონცერტები შემდეგაც გქონდათ.
_ მაგიდაზე უამრავი კონტრაქტის ქაღალდი დევს. ნებისმიერ დროს შემიძლია, თითოეულ მათგანს ხელი მოვკიდო, მაგრამ ეს გულის გადაყოლება იქნება და მეტი არაფერი.
ჩემს კითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მის მიერ განსახიერებულ პერსონაჟებთან, ადგა და სიგარეტს მოუკიდა. გაოცება რომ შემატყო, სევდიანად გაიღიმა და მაგრძნობინა, რომ მოწევა აღარაფერს შეცვლიდა მის ცხოვრებაში.
მერე დასმულ კითხვას დაუბრუნდა:
_ მათთან შეხება ოდესღაც მართლა მქონდა. იმ უძილო ღამეებშიც კი, როდესაც მსურდა, თვალები დამეხუჭა, ყურები დამეხშო და სხვა რამეზე მეფიქრა.
_ კარიერა უმნიშვნელოვანესი იყო თქვენთვის, მაგრამ ამავე დროს, დიდ ყურადღებას უთმობდით პირად ცხოვრებას. თუ გქონიათ ოდესმე სურვილი, კარიერა პირად ცხოვრებაში “გადმოგეტანათ”? ანუ _ თქვენს პერსონაჟებს დამსგავსებოდით?
_ ჩემთვის კარიერა ცალკე ცხოვრებას წარმოადგენდა. ეს კითხვა მაშინ რომ დაგესვათ, როცა ჯერ კიდევ ვმღეროდი, გიპასუხებდით. ახლა კი რა მოგახსენოთ? ახლა… ახლა ვხვდები, რომ საკმაოდ შევცვლილვარ _ მიპასუხა. ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ თავად მკითხა:
_ თქვენი აზრით, ახლა მე კალასი ვარ, თუ კალოგეროპულოსი?
_ რა თქმა უნდა, კალასი! _ ვუპასუხე.
მარია გაჩუმდა. ცოტა ხანს მიყურა. მერე ადგა, ბელინის “ნორმას” ვიდეოჩანაწერი ჩართო. მოტრიალდა მომღიმარი, აცრემლებულმა შემომხედა და ამაყად თქვა: “აი, აქ ვარ კალასი!”
ხმის ამოღება ვეღარ შევძელი. რა უნდა მეთქვა ადამიანისათვის, რომლის ცხოვრებაც მისივე ტრაგიკული პერსონაჟის _ მედეას ბედს დაემსგავსა? ჯერ დაუბადებელი შვილი, საკუთარი თავი და კარიერა სიყვარულს შესწირა, სანაცვლოდ კი ბოლომოკვეცილი ბედნიერება შერჩა ხელში.
მიზეზს სიცოცლის ბოლომდე ეძებდა…
ბოლოს თავად მითხრა: “არიზე არაფერს მკითხავთ?”
_ თუ თქვენ ინებებთ… _ დავიბენი, _ ერთი ნახვით შეგიყვარდათ?
_ სიყვარულს არც არაფერი უკლდა… მსოფლიო არის გარეშე ისეთი აღარ იქნება, როგორიც მანამდე იყო.
_ ასე თუ გიყვარდათ, რატომ აბამდით რომანებს სხვებთან?
_ ლუკინო ვისკონტის მადლობელი ვარ. მან მაგრძნობინა, რომ კიდევ ცოცხალი ვარ. ერთი კი ცხადია, ყველა სხვაში ონასისს ვეძებდი. ბოლოს მართლა დავრწმუნდი: ყველა ადამიანი ინდივიდია. რომ ეცოცხლა, აუცილებლად შემირთავდა. მისი სიტყვის მჯეროდა ყოველთვის.
_ პაზოლინის გადაღებულ “მედეაზე” რას იტყვით?
_ ეს კარგია. რის გაცოცხლებაც სცენაზე რთულია, ეკრანზე უფრო ადვილი შესაძლებელია. მაგრამ მე არ ვეკუთვნოდი ასეთ მომღერლებს. მე მმუხტავდა მაყურებლის ენერგია და არა ვიდეოკამერა. “მედეამ” საკუთარი თავი სულ სხვა კუთხით დამანახვა…
მოულოდნელად ასეთი რამ თქვა: “ამერიკაში დავიბადე, მაგრამ ამერიკელი არ ვარ. ბერძენი მშობლები მყავდა, მაგრამ არც ის შემიძლია ვთქვა, რომ ბერძენი ვარ. ყველაზე დიდხანს იტალიაში ვმღეროდი, მაგრამ არც იტალიელი ვარ. საფრანგეთში ვცხოვრობ, მაგრამ არც ფრანგი ვარ… მე არ ვიცი, ვინ ვარ!”
ბოლო სამ საათს მხოლოდ კალასი საუბრობდა. იხსენებდა თავისი კარიერის პიკს, მიზნებს, ტურნეებს _ პარიზში, რომში, ჰამბურგში, ლისაბონში, მადრიდში, ლონდონში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში; გაოგნებული მილანელი მაყურებლის ოვაციებს…
სულგანაბული ვუსმენდი. მერე ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები დავათვალიერეთ.
მარია მიყურებდა და ხედავდა, რომ იმ ჟურნალისტებს არ ვგავდი, რომლებიც ამას მხოლოდ წუთიერი ინტერესით, ან მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებენ.
წამოსვლისას როიალის თავზე თვალი მოვკარი ფოტოსურათს, სადაც მარია კალასი მედეას როლში იყო გადაღებული. ანალოგიური გამომეტყველება ჰქონდა იმ მომენტში მასაც _ განადგურებული, დაობლებული, ყველასგან მიტოვებული, უზომოდ სევდიანი: მედეას, ლუჩიას, ვიოლეტას, ნორმას, ტოსკას აჩრდილებით გარშემორტყმული.
ზურგსუკან კარი მიიხურა. გავცდი იქაურობას _ კალასს, პარიზს, გასული საუკუნის 70-იანი წლების სამყაროს.
თვალწინ ყველაფერი გაწელილი სხივებივით ტრიალებდა. თითქოს, დროის ქარბორბალას ცენტრში ვიდექი.
ცოტა ხანში ყველაფერი დაწყნარდა.
თვალი რომ გავახილე, მივხვდი, კალასის მოსმენისას ჩამძინებოდა _ ეს იყო და ეს…

Advertisements

5 thoughts on ““არ ვიცი, ვინ ვარ…”

  1. მარია კალასი ყოველთვის განსაკუთრებულ ადამიანად მიმაჩნდა, არა მარტო ხმის გამო, ისეც – ქალმა რამდენი რამე მოახერხა, სრულიად შეიცვალა იმიჯი… მომწონს მისი თვალები, რაღაც ხმელთაშუაზღვისებური სევდა აქვს თითქოს.

    (ზურიუს, დიდი მადლობა კომენტარისთვის ჩემთან 🙂 მართლა ვეცდები, ცხოვრებას უფრო მარტივად შევხედო.)

  2. ინტერვიუ მარია კალასთან…ძალიან ნაცნობი სათაური და სადღაც უკვე წაკითხული…ეხლა გამახსენდა…ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი ჩემმა ხელოვნების მასწავლებელმა ნაზიბროლა იამანიძემ თავისი შთაბეჭდილებები,რომ გამიზიარა ერთ ახალგაზრდა მწერლის შემოქმედებაზე…ძალიან დიდი ენთუზიაზმით მიყვებოდა მის შემოქმედებაზე…როგორც ონ მითხრა თავისი შვილის სტუდენტი ყოფილა…შემდეგ ამ მწერლის(ზურა ბალანჩივაძის)კრებული მომიტანა,რომელმაც ისე გამიტაცა,რომ მინდოდა სულ მეკითხა…კრებულის შესავალში მისივე ხელით დაწერილ ბიოგრაფიას ეხლა მივაგენი ჩემს ერთერთ დღიურში..ამომიწერია…აგრეთვე მისი ერთერთი ნაწარმოებები ”ჩამავალი მზე და მაგნოლია…ჩემი დღიურის ფურცლებს ამშვენებს…მარია კალასთან ინტერვიუს ამოწერა ვერ მოვასწარი…ალბათ ძალიან გამიგრძელდა ეს წერილი..მგონი ეს ბლოგი სწორედ ზურა ბალანჩივაძის უნდა იყოს…

  3. ზურა ბალანჩივაძეა ამ ბლოგის ავტორიც 😉

  4. ძალიან მომეწონა..
    გენიალურია კალასი!

  5. პ.ს. ახალგაზრდა მწერალს კი წარმატებები! სასიამოვნო იყო ამის გაგება : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s