ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

“აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება!”

2 Comments


…ახლა უკვე მეცინება ამ ჩანახატზე, მაგრამ გადავწყვიტე, მაინც დამედო

451863190_7051adbfc1_o12 საათისთვის ჩამორეკა ეკლესიის ციცქნა, წკრიალა ზარებმა. მრევლი სანთლებითა და გალობით მიიკვლევდა გზას უკუნეთ სიბნელეში, რათა სააღდგომო ლიტანიობა შეესრულებინა. დაბალჭერიან ბაზილიკაში ჩახუთული ჰაერი იდგა. ყველა შეძლებისდაგვარად, მაგრამ რწმენით ახერხებდა საზეიმო წირვა-ლოცვის მოსმენას. შემდეგ იყო ქადაგება. გადაღლილი მოძღვარი მთელი შემართებით ლოცავდა და შეახსენებდა მრევლს, რომ უფლის მიერ მოვლენილი ზეციური ცეცხლი კიდევ ერთი შანსია კაცობრიობის თვითგამოსარკვევად. “დღეს სიხარულის დღეა და სასაფლაოებზე არ გავდივართ. აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება!”…
მეექვსეკლასელი ბიჭი დილის 6 საათისთვის დაბრუნდა შინ. სახლის კარი არ დაუკეტავთ. ჩუმად შეაბიჯა საწოლ ოთახში, თუმცა სააღდგომო ეიფორია არ ასევენებდა. ეგონა, ძილი არ მიეკარებოდა, მაგრამ დაწოლისთანავე “გაითიშა”. 10 საათისთვის შეშინებული წამოხდა ფიქრით _ ხომ არ დამტოვესო, მაგრამ მალევე დამშვიდდა. ჯერ არ წასულან.
ქუთაისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ვერ მოეშალა ძველი წამზერიობა და ამიტომ სასაფლაოებზე, ორშაბათის ნაცვლად, კვირა დილას გადიოდა. ბიჭიც იქითკენ მიიჩქაროდა. ოღონდ მას საკუთარი ინტერესი გააჩნდა: თიხის კვერცხი.
გაწვიმებულიყო. უმზეო დილა ღრუბლის ვუალის მიღმა მალავდა სასიხარულო განწყობილებას. მასაც უხაროდა, მაგრამ რაღაც, ხასიათზე ვერ იყო. სასაფლაოები, როგორც მოელოდა, ხალხით იყო სავსე. ყველანი უთავბოლოდ ირეოდნენ აპრილის წვიმით გაბრუებულ ქვიტირში. გაუნძრევლად წოლისგან გადაღლილი განსვენებულები მოუთმენლად მოელოდნენ ნიადაგის ზედაპირზე კვერცხის გადაგორების ხმის გაგონებას. ცუდი ის იყო, რომ ზოგი “სააღდგომო სტუმარი” თავიანთი ნათესავების გადავიწყებულ საფლავებს ძლივს აგნებდა… მაგრამ აქ შეკრებილი უბრალო მოკვდავები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ “კვერცხთამსხვრეველი ტერმინატორი” გამოეცხადათ! მას შემდეგ, რაც ნათესავთა “მინისასახლეები” მოინახულა, ჩასუქებული ლოყებღაჟღაჟა ბიჭი დასახული ამოცანის მეორე ეტაპზე გადავიდა: რაც შეიძლება, მეტი კვერცხის შეგროვება, რათა სახლი რეზერვუარი დროზე არ ამოეწუროს. მას ხომ ასე ძალიან უყვარს სააღდგომო კვერცხი. ამისთვის ხომ მთელ 47 დღეს იმარხულა!
მარჯვენა ხელში ოსტატურად ჩაებღუჯა წითლად შეღებილი თიხის სათაყვანებელი “სატყუარა” და ჟანგმოკიდებულ, მოჩუქურთმებულ ღობეებს შორის ბავშვური გულუბრყვილო ნაბიჯებით “მიშტერაობდა”. ყველა მხრიდან გამომეტყველებით მომზირალი, მაგრამ გაქვავებული სახეები უცქერდნენ. ბიჭიც მორიდებით და გაკვირვებით გახედავდა მათ. გულის სიღრმეში ეშინოდა: ვაითუ საიდუმლოს მიმიხვდნენ და გამთქვანო! ცოტა ხანში სხვა, უფრო უცნაურმა აზრმა აიყოლია: “რამდენი მოთქმა და ცრემლი ახლავს თითოეულ დაკრძალვას… რა საშინელება იქნება, ყველა კივილი და კვნესა ერთ დღეს ერთხმად რომ გაისმას! ყველა ცრემლი ერთადროულად რომ დაიღვაროს!…”
თუმცა, ახლა რა დროს ეგაა: პირველი “მსხვერპლი” გამოჩნდა _ ვიღაც ქერათმიანი ბიჭი, რომელსაც კვერცხის დაჭახუნება სურს… ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც პუტკუნა მეექვსეკლასელს სურდა. მარჯვენა ჯიბეში ნადავლი გაჩნდა. იგი უკვე კმაყოფილებით აგრძელებდა გზას. ცოტა ხანში იგივე განმეორდა: სამს გაუტეხა.
_ აუ, ჩაკირული კვერცხი გამიტეხა. ბიჯო, რაია ამნაირი?
_ კვერცხია, რა იქნება სხვა! დავაი, ციცარზე დაგირტყამ!
ციცრის კვერცხის ციცქნა, წაწვეტებულ თავზე ბზარი ელვასავით გაიკლაკნა.
_ აუ!!! გადი, ბიძია! დამანებე თავი! ამფერი არაფერი მინახია.
ბიჭმა ნახევარ საათში ამ “გლახაობაში” (როგორც ქუთაისში იტყვიან) უკვე 10-ზე მეტი კვერცხი მოაგროვა. გეგმა შესრულებულია. არა, ამდენს კარგა ხანს ვერ მოერევა. ანდა, რად უნდა? ცოტას ისევ საფლავებზე გადააგორებს. მერე სადმე ჩამოჯდება და დანარჩენებს დააგემოვნებს.
სწორედ ამ ფიქრებით იყო გართული, რომ ორ მასზე უფროს ახალგაზრდას მოჰკრა თვალი. ისინი “ჩაკუნცხულიყვნენ” და აბოლებდნენ.
_ კაროჩე, ვანოიის ბიძაშვილი რო მოვა, ბულდოგას საფლავზე მერე გევიდეთ.
_ ბარემ, მაგის ძმაკაცი რო იყო, გრუჩიტელა, იმასაც გოვუაროთ. საცხა აქანე დოუმარხიათო მაგიც.
მეექვსეკლასელ “ტერმინატორს” მათი საუბარი არ გაუგონია. იგი ისე იყო გაოგნებული თავისი წარმატებებით, რომ ერთხელ კიდევ მოუნდა ბედის ცდა. ამჯერად ეს ბოლო იქნებოდა. უბრალოდ, დიდებთან გაჯიბრება სურდა.
_ ბარო, კვერცხი გააქ?
_ რა?
_ კვერცხი თუ გაქ, რო დამიჭახუნო?
_ აუ, ჩემი!… ხო, მაქ, მოდი!
შავი ტყავის ქურთუკი სასაფლაოს დრომოჭმულ ღობეზე გადაკიდა. იქიდან სისხლივით წითელი კვერცხი ამოაცურა და მოქნევით დაარტყა თიხისას… ყველაფერს მიხვდა. “უძინართა მზის” დათოსავით გაბოროტებით ამოხედა. ერთიც შეიგინა. თიხის “სატყუარა” ხელიდან გამოგლიჯა და შუბლზე დააფშვნა…
“აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება!”… მაგრამ ბიჭისთვის, რომელსაც ახალი მეგობარი გასჩენოდა სისხლიანი კოპის სახით, ამ რჩევას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ტკიოდა. ციოდა. წვიმდა. თითქოს, ყველა საფლავიდან ერთხმად იფეთქა კივილისა და კვნესის ხმამ. თითქოს არემარე ცრემლთა ტალღამ გადარეცხა.
შიში… შიში გათხრილი პრიდაღებული სამარისა… შიში მარტოობისა… შიში მიწის ბელტების რაკუნის ხმისა…
წვიმით მოწყენილი მიყრუებული სასაფლაოს ატალახებულ მიწაზე დამტვრეული კვერცხების გროვაში ეგდო მეექვსეკლასელი ბიჭი. თავბრუ ესხმობდა. სიცივისგან აჭარხლებულ ლოყებზე ცხელი ცრემლისა და ცივი წვიმის წვეთები ერთმანეთს თავიანთს გულისტკივილს უყვებოდნენ. შავი ქვიდან მომზირალ უცნობ სახეებს მიშტერებოდა…
…იქნებ მათ გასცეს? იქნებ მათ გაამხილეს თიხის კვერცხის ამბავი? რა აქვთ მეტი საქმე?!
…თან გაუცნობიერებლად სლუკუნებდა: “აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება! აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება!…”

Advertisements

2 thoughts on ““აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება!”

  1. რამდენიმე დღის წინ დავიწყე ამ ჩანახატის კითხვა,მაგრამ მხოლოდ დღეს დავამთავრე ბოლომდე(დროის ბრალია უფრო)…ძალიან საინტერესო ჩანახატია…მოულოდნელი დასასრულით…რაც საერთოდ ნაწარმოებში ძალიან დიდ როლს თამაშობს…თითქოს ყველაფერი მშვიდად მიედინება,მაგრამ უეცრად ბიჭის საიდუმლო მჟღავნდება…მის მიერ შექმნილი სამყარო ინგრევა…წითელი კვერცხი მისი პიროვნული ღირსების და სიძლიერის ალეგორიული სახეა…”აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება”..ეს ფრაზა ლაიტმოტივად გასდევს მთელ ჩანახატს,რითაც მკითხველი უფრო დიდი გულისყურით ადევნებს თვალს ამბის განვითარებას…აღდგომის ღამის სურათმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე…რთულია აღდგომის მადლითა და სიხარულით სავსე ღამის სურათი სიტყვით გადმოსცე…ძალიან კარგია,რომ დადე ეს ჩანახატი…იმედია სხვებსაც დადებ…წარმატებებს გისურვებ!

  2. …აუ, ამდენი კი არ მიფიქრია ამის წერის დროს :d 😀 😀 გაიხარე!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s