ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი…

5 Comments


picture-025ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ჯერ კიდევ ვერ მქონდა შეგრძნებული რუსთაველის თეატრის დიდებულება (უკეთ რომ ვთქვათ, სიჯიგრე), გადავწყვიტე, სრულიად უცნობ სპექტაკლზე საკუთარი ნებით წავსულიყავი. თავისებური ხიბლი აქვს უცნობ სამყაროში მარტო მოგზაურობას. ეს მაინც სულ სხვა სიამოვნებაა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თუ რაიმე სასაცილო შეგემთხვა, შენიანი არავინ დაგცინებს, მერე მეორეც, რომ სპექტაკლის დროს საუბარსაც არავინ გაგიბამს.
ერთი კი უნდა ვთქვა: ნურავინ წავა სპექტაკლის პირველად სანახავად წინასწარ გამზადებული შთაბეჭდილებებით. “ვანილის მოტკბო, სევდიან სურნელზე” მე-2 კურსზე მსმენოდა რაღაც. რატომღაც ისე დამამახსოვრდა, თითქოს დრამა ყოფილიყოს. ჰოდა მეც შინაგანად ერთი წყვილის უბედური ისტორიის სანახავად გავემზადე. როგორც შემდეგ გაირკვა, სპექტაკლი “ფანტასმაგორიული კომედია ორ მოქმედებად” ყოფილა.
საათის ისარი 7-ს უახლოვდებოდა, როცა 5-ლარიანი ბილეთითა და თეთრი ბოტასებით “მოვაკეცინე” თეატრის ფოიეში. ჰოდა, ჰოი… ქალბატონი მერიკო?…
_გამარჯობა, როგორა ხართ?
_რავიცი, არა მიშავს, შენც აქ მოხვედი?….
ქალბატონი მერიკო ტორაძე ერთ-ერთი უსაყვარლესი და უტკბესი მოგონებაა VI კორპუსიდან. მის ლექციებზე შესაძლებლობა გქონდა, ყველაფერი გაგეგო ყველაფერზე. მხოლოდ ქნ. მერიკოს ლექციებზე შეგიძლია შეიგრძნო ნამდვილი, ანუ ზრდილობიანი თავისუფლება. ქალს მთელი XX საუკუნის ისტორია საკუთარ და თავისი მშობლებისა თუ ნათესავების ბიოგრაფიაზე აქვს გამოცდილი და გადატანილი. მეფის (ირაკლი ჩარკვიანის) უახლოესი ნათესავია. 9 აპრილის საკუთარი და პირისდამაღებელი ვერსია აქვს. “ჯინსების თაობის” მოვლენების ასევე ერთ-ერთი დაახლოებული ადამიანია. თითქმის, თვითმხილველი. უფრო შორს, სადღაც ბაბუამ თუ კიდევ იმისმა მამამ, ცნობილმა მხატვარმა თოიძემ, დახატა «Родина Мать Завет!» მისი ცნობილი წინაპრების ჩამოთვლას არ დავიწყებ, იმიტომ, რომ ყველაფერი არც მე ვიცი მათ შესახებ. დედამისი, ქნ. ჟანა თოიძე კი ვოკალში მამეცადინებს. ასე რომ ქალბატონი მერიკოს, სულ მცირე, ორჯერ მადლობელი ვარ.
ვინაიდან ქალბატონი მერიკო იმ მცირერიცხოვან ლექტორთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც სკოლაშიც ასწავლიან, ისიც საკუთარ კლასთან ერთად მოვიდა რუსთაველში. არც მას ჰქონია სპექტაკლი ნანახი. ის ვიცოდით, რომ დიდი სტურუა და ანდრო ენუქიძე იყვნენ რეჟისორები და სცენარის ავტორი _ ირაკლი სამსონაძე, ქნ. მერიკოს მეგობარი (აბა რა, ყველა მაგის მეგობარია, თანაც ძალიან ახლო. მოკლედ, რომ არ დაიღალოთ, “ქნ.”-სა და “ქალბატონს” აღარ ვიხმარ)…

მაიკო და გურამი
მაიკო და გურამი

გამოგიტყდებით, სპექტაკლი პიველივე წუთებიდანვე რაღაც не то-დ მომეჩვენა. სცენაზე, ანუ ძველი სახლის “ზალაში” ახლადდაქორწინებული მაიკო და გურამი შემოდიან ბედნიერი სახეებით. თავზე ჩამოაფიფქავთ და ისმის “I’’m dreaming of a white Christmas”. ვიფიქრე, ასეთ რომანტიკულ დასაწყისს გამანადგურებელი და ცრემლადდამღვრელი ფინალი უნდა ჰქონდეს, მაგრამ აქაც მოვტყუვდი. ახალგაზრდულ დრამაზე წინასწარ შექმნილი შთაბეჭდილება ნელ-ნელა მიცრუვდებოდა. ქალბატონ მერის გადავხედე და მანაც გაკვირვებული სახით შემომხედა. რა უნდა გვექნა, დავიწყეთ მოვლენების განვითარებისათვის ცქერა რაიმე ბუმის მოლოდინში. ამასობაში გავიცანით გურამის მეზობელი ნოშრევანი, მაიკოს მშობლები ლადო და მერი. გარიკვა ისიც, რომ გურამის მამა ინჟინერი იყო, დედა კი დიასახლისი, _ ტიპური ოჯახი. ეს ვაჟბატონი კი მეცნიერებისკენ იხრება და ტაქიპოდიუმის ჯიშის კაქტუსი აქვს, რომელზეც გიჟდება. სიდედრი კი, წუნკალი მერი, ხან მისი გარდაცვლილი მშობლების სურათს მოისვრის სარდაფში, ხანაც ათასი დარიგებით უტენის ტვინს ახალდაქორწინებულებს. ბოლოს მაინც მოახერხებს და ტაქიპოდიუმს ჩაიგდებს ხელში, ანუ ჩანთაში.

მაგდა
მაგდა

ამ ოჯახურ დავიდარაბას ემატება ახალი თავსატკივარი, რომელიც პირდაპირ გურამზეა მიმართული. მას სახელად მაგდა ჰქვია და sexy ია სუხიტაშვილი ასრულებს. შემოვა თუ არა, ყველა (მეც მათ შორის) პირს დააღებს და ვნებისგან აენთება. თან ისე დააბიჯებს, როო… კარგი, მოვეშვათ, თორემ ტიპურ გამოლენჩებულ მამაკაცებს დავემგვანები. ამასობაში ისიც ირკვევა, რომ მაგდა და მაია ორივენი ნიუ იორკში ბოზობდნენ. ნიუ იორკიდან კი მეზობელ ნოშრევანს შვილი ამანათით ვანილის ტორტს უგზავნის და სწერს, “შეიძლება, ლადიოტანტადაც მოგევლინოთ”-ო. მერე ამაზე ატყდება ერთი ამბავი, თუ რა სიკვდილია ეს ლადიოტანტი. რა თქმა უნდა, ვერ მიხვდებიან, რადგან მთელი Gოოგლე გადავაბრუნე და იქაც ვერ მივაგენი პასუხს (ავტორი გაგვეკაიფა და თან მაგრად).
როცა მეგონა, რომ, თითქოს, მოქმედების შემდგომი განვითარება გამოიკვეთა, ანუ აქ არაფერი სევდიანი, ვანილი და სურნელი არ იქნება, სცენის თავიდან, სულ მაღლიდან გაისმა კაცის ხმა. ხის ფიცრის ჭრიჭინის მსგავსად მოსაუბრე ხმა. მე და მერიკომ ერთმანეთს ისევ გადავხედეთ და ორივეს სახე გაგვიცისკროვნდა: “ზაზააააააააა!” დიახ, ეს იყო ზაზა. ზაზა პაპუაშვილი, რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი უძლიერესი მსახიობი, რომლის თითოეული სიტყვა სცენაზე პატარ-პატარა სიცილისა და გაკვირვების ენციკლოპედიებია.
შემოვიდა და თხლიშა ეგრევე 12-წუთიანი მონოლოგი.

ლადიოტანტი, იგივე სევდიანი უცნობი
ლადიოტანტი, იგივე სევდიანი უცნობი
ჩემი სიყვარული… სა სიქვტილში წავიდა ჩემი სიყვარული?!…

მხოლოდ გაჭრრრრრილი ტორრრრრრრრტიდან შეიგრძზზზზზზზზნოოოოოჰობთ ვანილის მოტკბო, მაგრამ სევდიან სურნელს…

…და ასე შემდეგ. პირადად მე სპექტაკლის ათვლა ზაზას, იგივე სევდიანი უცნობის, იგივე ლადიოტანტის გამოჩენიდან დავიწყე. მიკვირდა კიდეც, რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა ძირითადი მოქმედება მოება შედარებით მშრალი და ყოფიერი სცენისათვის? პასუხს პირველ სპექტაკლზევე ვერ მივხვდი. შემოვიდა ლადიოტანტი, არივ-დარია ყველაფერი, განაცხადა “მე მიიიიიინდა მანჰეეეეეეეეეტენი!”-ო და ყველა გადარია.

ლადიოტანტი და ზიგი
ლადიოტანტი და ზიგი

II მოქმეებაში ლადიოტანტს ძაღლი ზიგი შემოჰყვა, რომელსაც გოგა ბარბაქაძე (ჰო, კაი, “შუა ქალაქში”-ს დათო) ასრულებს. იმან ხომ ცალკე დაატრიალა თავისი ხრიკები. ხან მეცინებოდა და ხან ვფიქრობდი სპექტაკლში ჩადებულ ოსტატურ მინი-მინი ნაღმებზე, რომლებიც ყოფიერების ალეგორიებია. ლადიოტანტი იმ ნოშრევანის ვაჟი გიორგი აღმოჩნდა. მანჰეტენმა ისე აურია თავგზა და გადააკეთა, რომ საკუთარ მამასაც ვერ ცნობს. მას არ აინტერესებს არაფერი, გარდა “მანჰეეეეეეეეეეტენი”სა და საკუთარი ახალი ეგოს ჩამოყალიბებისა. ფროიდის მიმდევარ ფსიქოანალიტიკოსს ურჩევია “თვითრეფორმა, თვითრეფორმააოჰო!” და ესეც ყოველწუთას გულდასმითა და საფეთქლების ზელით იმეორებს ამას. კულმინაციურ მომენტებში, როცა რაიმე ყვირილს ან შეძახილს უნდა ელოდო, ისმის “წკპ!”… (თითქოს ყველას თავში რაღაც გადაუტრიალდა). ეს ახალი იდეის დაბადება ან კარგად დავიწებული ძველის გახსენებაა. ვისთვის როგორ. ლადიოტანტისთვის ეს ბავშვობაში ჩარჩენილი დედის მიერ გამოცხობილი ვანილიანი ტორტის მოტკბო, სევდიანი სურნელია… თქვენთვის?
კიდევ ერთი ცნობილი ფრაზა:

“კაცი კაცითაო, ღობე – სარითაო!.. ხალხური”

ასეთებს იმდენს ისრვრის, რომ სჯობს, სპექტაკლზე მოუსმინოთ. ერთსაც გაგიმხელთ: ვანილის ტორტი, რომელიც ზიგის გულზე ადევს და რომელშიც ლადიოტანტი მთელი ძალით ჰყოფს ხელს და კრემს სახეზე ისვამს, ნამდვილია!…

საბრალო ზიგი
საბრალო ზიგი
ოთარი მაგდას ...ს უმზერს
ლადო მაგდას …აკს უმზერს
vanil_01
ორსული მაიკო მერისა და ნოშრევანს შორის
uniinchj
არ ეტყობა, ვისგანაც არის ორსულად? .. :)))

ladiotanti1სევდიანი უცნობის მონოლოგები იმდენად სატირალია, რამდენად სასაცილოც. ეს არის ერთი ჩვეულებრივი დაბნეული ადამიანის ტკივილი, რომელიც ორი: ქართული და ამერიკული ფსიქოლოგიის ზეწოლას განიცდის და ურთიერთგამომრიცხავ რამეებს სჩადის. ფროიდის დედას ისე მიაჩმორებს, რომ სიცილით გაიგუდები და ჯერ პირიდან ხელი არ ჩამოგიღია, რომ უკვე განაბული უსმენ… და თუ აგიყოლია, ჯერ ცრემლები მოგადგება, შემდეგ კი გამოშტერებული უკრავ ტაშს. ო, ეს მე გამოვცადე და თქვენც გირჩევთ!…
საბოლოო ჯამში, დაიბადება ბავშვი (მაიკოს შეეძინება), რომელიც გურამს თავისი ჰგონია, მაგრამ ლადიოტანტისა აღმოჩნდება, ჯერ კიდევ ნიუ იორკში ჩასახული. სპექტაკლის ბოლო სიტყვები ნამდვილად არ მახსოვს. თითქოს უდროოდ მთავრდება, მაგრამ სათქმელი ნათქვამია და მას ლადიოტანტი ამბობს: “ჩვენს შვილს ექნება სრუუუუუუული ეგო”… მერედა რა? რა მოხდა? არაფერი. არც არაფერი. უბრალოდ, დაფიქრდები და რაღაც ინდივიდუალურ დასკვნებს გამოიტან ალბათ.

P.S. ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, პირველ ჯერზე ვერ მივხვდი. თეატრში მეორედ და მესამედ მისვლაც კი დამჭირდა. მაგარი იყო: რეალური ფაქტებიდან და სიტუაციებიდან ნელ-ნელა გადადიხარ აბსურდში და ამას უკვე მაშინ გრძნობ, როცა სპექტაკლი უკვე აბსურდულად დასრულებულია.

Advertisements

5 thoughts on “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი…

  1. ამ სპექტაკლზე მეც ვიყავი ერთი თუ ორი წლის წინ. კარგად ვერც მე გავიგე და მხოლოდ ის მახსოვს, რომ ახლადშექმნილ ოჯახზე იყო:| არ მომეწონა “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი”, შესაძლოა იმიტომ რომ თეატრის დიდი მოყვარული არ ვარ, ან ვერ ჩავწვდი ამ სპექტაკლის აზრს 😐

  2. ვანილის მოტკო სურნელი აღვიქვი როგორც მარსელ პრუსტის დაკარგული დროების ძიებაში. იქაც ერთ გმირს ჩაის გემოზე მთელი ავშვოა ახსენდება და მთელი რომანი იმ ჩაის გემოსდროინდელი დაკარგული ტკბილი მოგონებების ძიებაა… ვანილის მოტკბო გემო იმ დროებას მისტირის, როცა ჩვენში არ იყო ასე შემოჭრილი ამერიკანიზაცია და რავი…
    მე მაგრა დამევასა და ამ კუთხით აღვიქვი. სენტიმენტალური არ ვარ მაგრამ კინაღამ ცრემლიც კი წამომივიდა…

  3. მანდ მაგდას (ია სუხიტაშვილის) გამოჩენაზე ან შამპანურს რომ სვამს მაშინ, არის მუსიკა, ძველი, ბლუზის სტილში, ძალიან ცნობილი, იქნებ სახელი და შემსრულებელი იცოდეთ ვინმემ?

  4. რომ ვკითხულობდი მეგონა სხვა სპექტაკლზე ვიყავი, ეტყობა ხედვა არ მეყო. ავტორს დაუმუღამებია. ისე რობიკოს სპექტაკლების ნახვის შემდეგ ყოველთვის მახსენდება მოარული ჭორი რობიკოს არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s