ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ლუჩია დი ლამერმური

%(count)s კომენტარი


კომპოზიტორი გაეტანო დონიცეტი

კომპოზიტორი გაეტანო დონიცეტი

ოპერა “ლუჩია დი ლამერმური” (Lucia Di Lammermoor / ლუჩია ლამერმურიდან) ითვლება ერთ-ერთ წამყვან ნიმუშად იტალიური bel-canto-ს სტილში. გაეტანო დონიცეტიმ იგი 1835 წელს, სერ უოლტერ სკოტის რომანის “პატარძალი ლამერმურიდან” მიხედვით დაწერა.
არსებობს თქმულება, რომ აღწერილი ისტორიის მსგავსი მართლაც მოხდა შოტლანდიაში, ლამერმურის მთებში, 1669 წელს. გადმოცემის თანახმად, დარლიმპლების ოჯახმა ასული, მისი ნების წინააღმდეგ, სხვას მიათხოვა. ყოველივე აქედან კი იშვა ისტორია, რომლის საოპერო სახეც 1835 წელს ჩამოყალიბდა. 26 სექტემბერს ნეაპოლის თეატრ “სან-კარლოში” ოპერის პრემიერა შედგა. იტალიური ლიბრეტოს ავტორი სალვატორე კამარანოა. უნდა აღინიშნოს, რომ დონიცეტიმ ლუჩიას ფრანგულენოვანი ვარიანტიც შექმნა.
“ლუჩია დი ლამერმური” ერთ-ერთი ურთულესი ოპერაა თავისი მრავალრიცხოვანი პასაჟებითა და მაღალი ბგერებით დატვირთული არიებით. სიუჟეტი დრამატული, მისტიკური და შთამბეჭდავია. განსაკუთრებით დიდ მუშაობას მოითხოვს ე.წ. “ლუჩიას სიგიჟის სცენა”, რომელიც მთავარი როლის შემსრულებლის 18-წუთიან არიას მოიცავს. ქვემოთ მოთხრობილი იქნება ოპერის შინაარსისა და ლუჩიას პარტიის სამი გამორჩეული შემსრულებლის შესახებ, რომლებთანაც ასოცირდება ეს პერსონაჟი.
მოქმედება XVI საუკუნის შოტლანდიაში ხდება. მოვლენების ცენტრშია ლუჩია, ლორდ ჰენრი ეშტონის (ენრიკო) – ლამერმურთა საგვარეულო ციხესიმაგრის ბატონის _ და. მისი ოჯახი გვევლინება რავენსვუდების დინასტიის დაუძინებელ მტრად. ლუჩიას ფარულად უყვარს ედგარ რავენსვუდი (ედგარდო), რომელიც ერთადერთი ცოცხალი შთამომავალია საკუთარი გვარისა. ეშტონს გადაწყვეტილი აქვს, თავისი და ართურ ბეკლოუს (არტურო) მიათხოვოს და ამით პოზიციები განიმტკიცოს, მაგრამ ლუჩია უარზეა. ქალს საიდუმლო პაემნები აქვს ედგართან.
II სცენაში ლუჩია საყვარელთან კიდევ ერთი შეხვედრისათვის ემზადება. მას ცუდი წინათგრძნობა აწუხებს, რადგანაც ერთი ქალის მოჩვენება იხილა, რომელიც ოდესღაც მოეკლათ რავენსვუდებს. ამ დროს ჩნდება ედგარიც. მას გადაწყვეტილი აქვს, ბოლო მოუღოს საუკუნო მტრობას და ეშტონს მისი დის ხელი სთხოვოს. ლუჩია კაცს არწმუნებს, რომ შერიგება შეუძლებელია. ედგარი სატრფოს მარადიულ სიყვარულს ეფიცება და საფრანგეთში მიემგზავრება საკუთარი მხარდამჭერების ჩამოსაყვანად.
II მოქმედება: ეშტონს უკვე დანიშნული აქვს ქორწილის თარიღი და ლუჩიას აიძულებს, დასთანხმდეს მის წინადადებას. ამისათვის იგი იყენებს, ვითომ-და, ედგარისგან გამოგზავნილ წერილს, რომელშიც მისი ღალატის შესახებაა მოთხრობილი. სასოწარკვეთილებაში მყოფი ლუჩია ხელს აწერს საქორწინო კონტრაქტს, რომელიც მას ართურ ბეკლოუს ცოლად ამტკიცებს.
ამ დროს დარბაზში ედგარი შემოიჭრება და სიყვარულს ეფიცება ქალს, ეშტონი მას საქორწინო კონტრაქტს უჩვენებს და ეუბნება, რომ ლუჩიამ თავისი ბედი თავადვე გადაწყვიტა (აქ იქმნება მუსიკალური სექსტეტი. არია გაოცებას იწვევს თავისი პარადოქსულობითა და მუსიკალური სიმდიდრით). გამწარებული ედგარი ქალზე უარს ამბობს და ფარულად გაცვლილ ნიშნობის ბეჭედს სახალხოდ ესვრის მას.
III მოქმედება: იმართება ქორწილი. სტუმართა მხიარულებას ბოლოს უღებს შოკისმომგვრელი ცნობა: ლუჩია მწუხარებისგან ჭკუიდან შეიშალა და საწოლში მახვილით მოკლა ქმარი…
ამასობაში ხალხის გროვა შუაზე იხსნება და გამოჩნდება მოჩვენებასავით გაფითრებული, გასისხლიანებულ საქორწინო კაბაში გამოწყობილი პატარძალი. ლუჩიას სახეზე ბედნიერი გამომეტყველება აქვს, რადგან ედგარი ელანდება და ჰგონია, ჯვარს მასთან იწერს. იგი გრძნობს, რომ სიკვდილი მალე დადგება და ზეცაში იქნება ბედნიერი საყვარელ ადამიანთან ერთად. არია “Spargi d’amaro pianto”-ს (“მწარე ცრემლები იღვრება ჩემს უსარგებლო ვუალზე”) შესრულების შემდეგ ლუჩია უსულოდ ეცემა. ცოტა ხნის მერე სასოწარკვეთილი ედგარიც თავს იკლავს…
ლუჩიას პარტია, ძირითადად, სრულდება კოლორატულული სოპრანოების მიერ. მათი ხმის ტემბრი და შესრულების ტექნიკა bel-canto-ს სტანდარტებში ჯდება. ასევე შეუძლიათ, აიღონ ისეთი მაღალი ბგერა, როგორიც III ოქტავის მი-ბემოლია (ასეთი კი ზემოაღნიშნულ ოპერაში, მინიმუმ, ორჯერ გვხვდება).
კარუზოს გარდაცვალებისა და II მსოფლიო ომის შემდეგ ოპერის კრიზისი დაიწყო. bel-canto-ს ურთულესი და, ამავდროულად, მაღალპროფესიონალური სტილით მღერა გაქრობის ზღვარზე დადგა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა სოპრანო, რომელმაც აღადგინა მივიწყებული ტრადიციები ოპერაში. ეს გახლდათ წარმოშობით ბერძენი _ მარია კალასი (Maria Callas). მასზე ამბობდნენ: “როგორც იქნა, ვიხილეთ სოპრანო, რომელსაც შეუძლია ნაწარმოებების შესრულება გაუმარტივებლად, დედნის სიზუსტით.” “ლუჩია დი ლამერმურის” აღდგენაც სწორედ კალასის სახელს უკავშირდება. უკვე 50 წელი იყო გასული, რაც იგი ბოლოჯერ იმღერეს.

მარია კალასი ლუჩიას როლში

მარია კალასი ლუჩიას როლში

კალასმა ლუჩია პირველად 1952 წლის 25 იანვარს რომში იმღერა, რასაც დიდი აღტაცება მოჰყვა. თუმცა, აღსანიშნავია აგრეთვე კრიტიკოსთა არაერთგვაროვანი შეფასებაც: კალასის დრამატული და მძიმე ტემბრი არ შეესაბამება კოლორატული სოპრანოს მსუბუქ და “მოფარფატე” ხმას, რითაც უნდა შესრულდეს ასეთი პარტიები. მიუხედავად ამისა, კალასმა ყველაფერი გააკეთა ლუჩიას გმირის გასაცოცხლებლად.
აუდიტორია, რომელსაც კალასის მიერ შესრულებული ლუჩია საკუთარი თვალით ენახა, გაოგნებული რჩებოდა. სოპრანო უშეცდომოდ მღეროდა თითოეულ ურთულეს პასაჟს, იღებდა დამთრგუნავი სიძლიერის მაღალ ბგერებს და ქმნიდა ისეთ დრამატულ ატმოსფეროს, როგორიც სჭირდებოდა მის პერსონაჟს: სასოწარკვეთილ, სიგიჟისაგან მკვლელად ქცეულ ქალს. ყოველივე ამას ემატებოდა კალასის გასაოცარი მსახიობური ნიჭი, რომლის წყალობითაც მას შეეძლო თითქმის ასი პროცენტით წარმოეჩინა სცენაზე ნებისმიერი პერსონაჟი. არამხოლოდ, ემღერა მისი პარტია, არამედ გაეხსნა ამ ადამიანის შინაგანი სამყარო. სწორედ ამას ეწოდებოდა “შელოცვა”, რომელსაც კალასი მაყურებელზე ახდენდა.
სამწუხაროდ, არ არსებობს კალასის მიერ შესრულებული ლუჩიას არც ერთი ვიდეოჩანაწერი, მაგრამ არის საკმაოდ დიდი აუდიობაზა. ადრეულ ხანებში გაკეთებული ლივე-ჩანაწერების წყალობით შესაძლებელია, მოვისმინოთ აღფრთოვანებული მაყურებლის ოვაციები თითოეული არიის დასასრულისას.
უნდა აღინიშნოს, რომ ლუჩია არ იყო ის ოპერა, რომელმაც კალასს აღიარება მოუტანა. ეს ბედი ერგო ავსტრალიელ სოპრანოს _ ჯოან საზერლენდს (Joan Sutherland), რომელმაც იგი უფრო მოგვიანებით, 1959 წელს ბრიტანეთის სამეფო ოპერაში იმღერა. ორკესტრს ტულიო სერაფინი დირიჟორობდა, რეჟისორი კი ფრანკო ძეფირელი გახლდათ.

ჯოან საზერლენდი ლუჩიას როლში

ჯოან საზერლენდი ლუჩიას როლში

აუდიტორიამ მოისმინა აქამდე უცნობი ინტერპრეტაცია ამ საოცრად რთული პარტიისა. საზერლენდის მსუბუქი და, ამავდროულად, ძლიერი ხმა წარმოუდგენელი სიადვილით ასრულებდა ტრიოლებს, კაბალეტებს და იღებდა ძალიან მაღალ ბგერებს. 33 წლის სოპრანო იმ საღამოს გახდა საოპერო ვარსკვლავი და, მას შემდეგ, მოიხსენიებენ, როგორც La Stupenda (გასაოცარი). ცნობისათვის, კალასის “ტიტული” გახლდათ La Divina (ღვთაებრივი).
საზერლენდისეული ინტერპრეტაცია ოპერისა “ლუჩია დი ლამერმური” მიჩნეულია ეტალონად. 1960 წელს მან ჩაწერა ალბომი “პრიმა დონას ხელოვნება”, რომელიც დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანია. კალასისგან განსხვავებით, საზერლენდი “სიგიჟის სცენაში” უმატებდა საკუთარ ინტერპრეტაციებს და ამით მუსიკალურად ამდიდრებდა არიას. ამასთან დაკავშირებით გამართულა უამრავი დისკუსია, თუ რომელი ვერსია იყო მისაღები. ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, რადგანაც კალასისეულსაც და საზერლენდისეულ შესრულებებსაც აქვთ თავიანთი დადებითი და უარყოფითი.
ჯოან საზერლენდის ერთადერთ მინუსად ლუჩიაში, შეიძლება, ჩაითვალოს ერთი ფაქტორი: კალასთან შედარებით, ის საერთოდ არ იყო მსახიობი. საზერლენდი აქცენტს აკეთებდა როლის მუსიკალურ ნაწილზე და ამით აჯადოებდა მსმენელს. კალასი კი ხაზს უსვამდა როგორც მუსიკალურ, ისე არტისტულ მხარესაც, რითაც თავის სათქმელს უნაკლოდ გადმოსცემდა…
მესამე სოპრანო, რომელიც დღეს დიდების ზენიტშია, ფრანგი ნატალი დესეა (Natalie Dessay). მის მიერ შესრულებული ლუჩია აღფრთოვანებას იწვევს მაყურებელში. 2007 წლის 29 სექტემბერს, მასზე დაიწერა, რომ ნიუ იორკის მაყურებელს, კალასის დიდებული წარმოდგენების შემდეგ, არ ენახა ასეთი საოცრება. დესე თავის თავში აერთიანებს ფენომენალურ ვოკალურ მონაცემებსა (მისი ყველაზე მაღალი ნოტია III ოქტავის სოლ-ძიეზი) და გასაოცარ არტისტულ ტალანტს. თავად აცხადებს, რომ ოპერაში შემთხვევით მოხვდა. მას ჯერ ბალერინობა, შემდეგ კი მსახიობობა სურდა. 20 წლის ასაკში ხმა აღმოაჩნდა და ყველაფერი იქიდან დაიწყო.

ნატალი დესეი ლუჩიას როლში ნიუ იორკში, რომელმაც ფურორი მოახდინა

ნატალი დესე ლუჩიას როლში ნიუ იორკში, რომელმაც ფურორი მოახდინა

ნატალი დესესთვის ლუჩიას პარტია ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგანაც უყვარს “ექსტრემალური სიტუაციები, დიდი ემოციები და სისხლი.” მისი იდეალი ჯოან საზერლენდია, რადგანაც თვლის, რომ ამ ქალბატონის ხმა ყველაზე ახლოა სრულყოფილებასთან. იქვე დასძენს, რომ არტისტიზმის მხრივ, კალასი სოპრანოთა დედოფალია. სწორედ მას ბაძავს დესე, როდესაც ტრაგიკულ პერსონაჟს ასახიერებს. ამ ორი დიდი მომღერლის სინთეზს ქმნის ნატალი დესე სცენაზე, რაც მაყურებელში გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს.
ლუჩიას რამდენიმე შესრულებისას დესემ მი-ბემოლი მოძრაობაში აიღო: მას მიათრევენ და ხელში აჰყავთ(!) სხვა შემთხვევისას კი იმავეს საქანელაზე ქანაობისას აკეთებს.
“ლუჩია დი ლამერმური” იქცევა ნამდვილ გამოცდად მათთვის, ვისაც სერიოზულად გადაუწყვეტია მისი შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი სოპრანო მღერის მას, ბევრს არ შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს მასში და ინდივიდუალური ხელწერა დაუტოვოს ისტორიას. ასე კი სამი სოპრანო მოიქცა: მარია კალასი, რომელმაც ლუჩია მკვდრეთით აღადგინა; ჯოან საზერლენდი, რომელმაც იგი, თითქმის, მუსიკალურ სრულყოფილებამდე აიყვანა და ნატალი დესე, რომლის დამსახურებაც ამ ოპერის დღემდე საუკეთესო ინტერპრეტაციით შემონახვაა.

Advertisements

One thought on “ლუჩია დი ლამერმური

  1. რა გემრიელი წერილები გაქვს. გითრევს და გინდა სულ იკითხო თანაც ბოლომდე და ბოლოს რომ გახვალ დასრულება არ გინდა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s