why not

სურათი ცოტათი ძველია, მაგრამ წავა

მგონი, საკმარისად დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე დავწერე, ვისაუბრე. ჩემს “რაღაცნაირ” მოგზაურობებს არ ვგულისხმობ. უბრალოდ, საკუთარი თავის ამბის მოყოლა მაქვს მხედველობაში. ჰოდა დღეს ის პატარა გამონაკლისი იყოს, როცა საკუთარ თავზეც დავწერ, why not ;)

GIPA–ში რომ ვსწავლობ ეს ვთქვი? უი, ჰო… მითქვამს. GePRA–ში რომ ვმუშაობ და პიარსკოლის ბლოგს ვკურირებ, ესეც იცით?  ანუ თან ვჟურნალისტობ და თან პიარში ვარ გარეული. ორ სხვადასხვა პროფესიას ვეჭიდები თუ ვეჭიდავები. GePRA ჩემი თავშესაფარია. მართალია, უხელფასოდ ვარ, მაგრამ იქიდან წამოსვლა არ მინდა. კარგად ავეწყვე, თან ბევრიც არ მავალია. რომც დამავალონ, ვერ მოვასწრებ. ჰოდა ქე ვარ ასე :)

ორიოდ თვის წინ ახალი სამსახური დავიწყე. ჟურნალ “ტაბულას” რედაქცია ეს–ეს არის, დაფუძნდა. მე კულტურის ბლოკში ვარ და თეატრები და მსგავსი რამე–რუმეები მაბარია. ძალიან მიხარია, რომ რაზეც მინდა, იმაზე ვწერ. მართალია, რბენა და დევნა კი მიწევს, მაგრამ ეგ ყოფილა ჟურნალისტის ბედი :) ისე, რბენა, ხვეწნა და წერა ვინც არ იცის, იმას ჟურნალისტობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

სწავლა 25–ში განგვიახლდა. ამერიკელი ლექტორი Leah გვიკითხავს. ტიპური ამერიკელია: თავისი საქმის დიდოსტატი, ჯიგარი ტიპი და არც ერთი ენა იცის ინგლისურის გარდა. ლექციაზე დაგვიანება ისჯება კარების ჩაკეტვით და აუდიტორიაში არშეშვებით, ანუ ლექციის გაცდენით, რაც საერთო შეფასების 20 პროცენტს ჩამოაჭრის სტუდენტს. ეს ყველაფერი კი 3 კვირის განმავლობაში უნდა ავიტანოთ. რავიცი, მე კი დავიზაფრე…

ვინაიდან ინგლისურ კურსს გავდივარ, აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები დაგვემატნენ. კარგი ტიპები არიან. ნუ მე ნორმალური პარტნიორი შემხვდა და მშვენიერი ურთიერთინტერვიუებიც გამოგვივიდა. ანნა ჰქვია. ჯერჯერობით აქაც კარგად მიდის გაცნობა–დამეგობრების საქმე.

დაკავებული ვარ. ჰოი, რა დღეში ვარ! აქეთ სწავლა და ორი სამსახური თავისი სოციალური მედიის კურირებითა და სტატიებით, იქით დასის აფიშა მაქვს დასახატი. გახსოვთ ალბათ, დასიდან რომ წამოვედი, აფიშებს მაინც მე გავაკეთებ–თქო აღვუთქვი ხალხს და აჰა… “სამანიშვილის დედინაცვალს” ვაკეთებ. რა ვქნა? ხატვაც მიყვარს და არ მინდა, შევეშვა. ჰოდა ვიჩეხები ამდენ საქმეში.

GIPA–დან GePRA–ში, მერე დასში, მერე მეგობრის ბებიის პანაშვიდზე, მერე ისევ  GePRA–ში (ბოთეს ბლოკნოტი დამრჩა). ამასობაში “ჯეოსტარელებს” ვურეკავდი ინტერვიუზე. გზაში ფენოვანებს ვყლაპავდი ფრიად გარდარეული სტომაქის დასაწყნარებლად…. აუჰ, რა ამოვქოქე!… :)

არადა, ამ დროს ადამიანი კარგად დაზეთილი ძრავასავით მუშაობს და უფრო შემოქმედებისუნარიანია, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. მთავარია, არ გადაიწვეს. ჩემი ახლადნაყიდი სათვალე, რომელმაც 3 კვირას ძლივს გაძლო, გუშინ გატყდა და ვზივარ კომპთან თვალებაწითლებული. თან მეყვინთება. 8–ზე უნდა ავდგე, რომ 10–ზე სოლივით ვერჭო ლექციაზე. დღეს ავტობუსმა ნახევარი საათით დააგვიანა მოთრევა და ნერვები მომისპო. არ მიყვარს გინება, მაგრამ დღეს ბორბლებიდან დაწყებული, “გლუშიტელით” დასრულებული (მაყუჩი ქვია ისე), ყველაფერი შევუკურთხე!

მოკლედ ასეა ჩემი ამბავი: ნერვების ხარჯზე ვცოცხლობ. ერთთვიანი დასვენება პატრონს ჩაბარდა. ისევ პატარა ბინაში ვარ, რომელიც არც ერთი აქ მცხოვრებისა არ არის. ოჯახში მატებაა და ახლა ექვსნი ვართ. პაატალა “კუუუუსსსა” შეეძინა ბიძაჩემს :) “ჩემს” ოთახში ისევ ქაოსია. ისევ პატარების წივილ–კივილი, ტელევიზორში “სანტა მარია ანტუანეტა ხეორხია ალონსო დე გვადალუპე სანჩეს რივიერა დე ბროსო დე ალესიო პადილა დე პქერუნვაირუაფნაიერჯჰადჯ” გადის და ბებიაჩემიც არც ერთ სერიას არ ტოვებს. მიკვირს, როგორ ამახსოვრდება ამდენი.

აუ, რამდენი დამიწერია. სტოპ!… ესეც გეყოფათ თქვენ. გილოცავთ, ვისაც ბოლომდე წაკითხვა არ დაგეზარათ. ისე მეძინება, დავაფაბლიშებ და გრამატიკული შეცდომების გასწორება თქვენთვის მომიდია, why not :)

ჩუმად იყავი და ყველაფერი თავისით მოხდებაო

"ლექცია"

ერთი კვირის წინ, პარასკევს GIPA–ში სერიოზული შეხლა–შემოხლა მქონია თურმე. როგორც ყოველთვის, მე რომ დავიქოქები, თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ასე დამემართა გუგა სულხანიშვილის ლექციაზე. რამდენიმე შეცდომა არ ვაპატიე და არგუმენტებს სულ ყვირილით ვაფრქვევდი. თურმე მთელი დარბაზი ჩემს გაწითლებულ სახეს გაოცებული უყურებდა და ხან ასევე გაოცებულ ლექტორს გახედავდა. :)

ნერვები მაქვს დაწყვეტილი, ნერვები! ადამიანები ძალიან მიყვარს, მაგრამ როდესაც 24 საათიდან 20 საათს არ გასვენებენ და შენს ეგოსა თუ ინტიმურ ზონაში (ამათი არსებობის დაჯერებაც დავიწყე, მგონი) ინტენსიურად შემოდიან და სიტყვიერ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ, შეიშლები ადამიანი, აბა რა!

ორიოდ დღის წინ, ხუთშაბათს, მეგობრებმა რჩევა–დარიგებები დამაყარეს, რომ ხვალ ანუ პარასკევს ბოლო შანსი მაქვს, შელახული რეპუტაცია აღვიდგინო და ლექტორს ლექციის ჩატარება ვაცალო. მეც დავეთანხმე. სახლში კი დავფიქრდი სერიოზულად, მართლა ხომ არ გავრეკე–მეთქი? მაგრამ მერე გამახსენდა, რომ გიჟები თავიანთ სიგიჟეს ვერ ხვდებიან, მე კი მივხვდი და გულზე მომეშვა :) Read the rest of this entry »

1992 წელი ათიოდ წუთით

დღეს ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან პოსტს ვწერ, ე.ი. რაღაც მოხდა.

უკვე რამდენი ხანია, თოვლს ველით ზამთარს დახამებული ახალგაზრდები. პირადად მე ფიფქების ჰაერში პირით დაჭერა მიყვარს…

კარგი დღე იყო, გადასარევი. ჯერ GIPA, მერე GEPRA, მერე თსუ–ში თაზომ შეგვკრიბა და ახალი ჟურნალის გეგმები გაგვაცნო. წამოვედით ბედნიერები და რავი, კარგ ხასიათზე მყოფნი. სახლის კიბეებს სულ სტვენა–სტვენით ამოვუყევი. თან სტვენის ტემბრში რაღაც ფერთა სიუხვე და სისუფთავე შეინიშნებოდა (მოკლედ, როცა სიმღერა მიჭირს, ჩემი ხორხი მაშინ გადასარევად სტვენს). ჰოდა ასე საუნდტრეკების ჭიკჭიკში გავაღე სახლის კარი…

_ეთო ცუდად არის!… _ ბებიაჩემი.

_რა მოუვიდა?

_გული წაუვიდა. სახეზე სულ შავი იყო. ახლა მოვაბრუნეთ.  სასწრაფო უკვე გამოვიძახეთ.

_ბინაში წყლის მილი გასკდა და წყალი არ გვაქვს, _დაამატა მეზობელმა.

არიქა, დავფაცურდით. თურმე გაუწყლოვანება სჭირს ეთოს, გულისრევა და ა.შ. მთელი დღე ცუდად იყო და ბევრი სითხე დაკარგა. მე აფთიაქში ჩავირბინე და ამასობაში სასწრაფოც მოვიდა.

_ამ ქალბატონს აქ ვერ ვუმკურნალებთ, გადასხმებია საჭირო. საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ, _ ამბობს ექიმი.

მანამ, სანამ ჩვენ პირის დაღებას და მოუმზადებელი არეულობის გააზრებას ვუნდებოდით, დენი ჩაქრა. გამოვშტერდით. ამ დროს ჩემს უფროს ბიძაშვილს, 4 წლის ნიკას, უეცარი და წინასწარდაუგეგმავი ჩაბნელების შეეშინდა და ატირდა. ამ ხმაზე კი მისმა ძმამ, 1 თვის სანდრომ გაიღვიძა და ატყდა წივილ–კივილი.

გადავწყვიტე, 1–2 კურსებზე შესწავლილი ძიძაობის პროფესია გამეხსენებინა (მაშინ ნიკას ვაძინებდი) და დავიწყე “კალიასკის” აქეთ–იქით ქანაობა. თან პატარა რომ “სოსკას” გადმოაგდებდა, მობილურის შუქით ვეძებდი და ისევ დაღებულ ხახაში ჩავჩრიდი :)

პატარა სანდრო კი (მე “კუსას” ვეძახი) იწვა არხეინად და ხანდახან თუ წამოიკნავლებდა. დავფიქრდი…

ნეტა, სიბნელეში ახლა ვინმე მაძინებდეს. ხომ სულ დავიკიდებდი ნახევარ დედამიწის სფეროს.

ხომ სულ დავივიწყებდი, რომ შუქი არ არის და წყლის მილია გახეთქილი.

ბებიაჩემსაც სულ ცოტა ხნით დავივიწყებდი (წამლების გაკეთება მოასწრეს ექიმებმა).

არც ის მეხსომებოდა, რომ ბევრი მაქვს წასაკითხი ხვალისათვის.

აღარც იმაზე ვინერვიულებდი, რომ ღორის გრიპი უფრო მადარდებს, ვიდრე 2012.

მოკლედ, როდესაც ოროთახნახევრიან ბინას უცებ 12 კაცი გაავსებს და, ამავდროულად, არც წყალი იქნება და არც შუქი, დადგება მისტიკური ხანა, რომელსაც 1992 ჰქვია. ნეტა, ორუელს ამ თარიღზეც დაეწერა რაიმე წიგნი…

შუქი 10 წუთში მოვიდა და ყველამ ამოვისუნთქეთ. ეთო სასწრაფომ წაიყვანა საავადმყოფოში და, იმედია, ხვალ უკვე დააბრუნებენ გადასხმულ–მოსულიერებულს. მე კი დავჯდები და ცოტას ვინერვიულებ :)

მარტო სკვერში

დღეს საინტერესოდ დატვირთული დღე მქონდა: ჯერ GIPA, მერე GEPRA, მერე თარგმანების კვირეული… ამ უკანასკნელზე წავედი 7 საათისთვის “კავკასიურ სახლში”. ძალიან ცხელოდა, იქაური პატარა დარბაზი ხალხით იყო გადავსებული. გამომსვლელთა სახელები და გვარები ჩავიწერე და გამოვიქეცი ისე, რომ სპარსული პოეზია გვერდზე მომრჩა ;)

მშიოდა. პოპულიში შევიარე და “სანტალის” წვენი, შემწვარი თევზი და 2 ცალუკა პური ვიყიდე. სადმე ხომ უნდა მეჭამა? გვერდით არავინ მყავდა. მარტო ვიყავი. რაო, მარტო? დიახაც, მარტო!

როგორ მომნატრებია მარტოობა! სიცივეში, სიცხეში, ქარსა და ყინვაში სულ ჩემს თავთან ერთად რომ დავდიოდი და მას ვუყვებოდი რაღაც–რაღაცებს. ვმღეროდით, ვხუმრობდით. მარტოობაც ნოსტალგიაა, ბევრი ამას ვერ ხვდება.

ასე და ამგვარად, გავემართე კოლმეურნეობის მოედანთან, სკვერისაკენ. დაღმართზე მივაბიჯებდი, როცა წინ ჩემი მარტოობის დამადასტურებელმა ეულმა ჩრდილმა გამისწრო: მობერეტო ქუდი, გრძელი “დუბლიონკა” და მხარზე გადაკიდებული ჩანთა. ნელ–ნელა ვემგვანები იმას, ვინც მინდა, რომ ვიყო. ვინ მინდა ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ არ ვიცი.

ჰოდა ამოვალაგე ჩემი თევზის ნაჭრები და 2 ცალუკა პური, მივუდგი “სანტალის” ვაშლის წვენი და შევექეცი მნია–მნიობას. თან ამ პოსტის დაწერაზე ვფიქრობდი.

გარშემო არავინაა, არავინ მაქცევს ყურადღებას. ვინმე ნაცნობმა რომ ჩამიაროს, შემრცხვება? რომ შემრცხვეს, სად დავიმალო? რომ არ შემრცხვეს, ე.ი. ბომჟი ვიქნები? რა საინტერესო იქნებოდა, თუკი ვინმე დამაკვირდებოდა. ნეტა, ვინ ვეგონებოდი: ახლადგაღატაკებული ვიღაც თუ შეპერტყილი ახალგაზრდა?

… თევზი და პური კი გემრიელად მითავდებოდა ნელ–ნელა, გამოზომილად. წვენიც საამოდ მივაშლიანებდა პირის ღრუს. ერთი ნაჭერი თევზი და ერთი ცალუკა პურიც ერთდროულად გათავდა. შიმშილიც ცოტათი დაცხრა. სკვერს თვალი მიმოვავლე: ისევ ცივა, შორიახლოს არავინ ზის, არავინ მითვალთვალებს. წავიდა მეორე “პორციაც”!…

ისევ კითხვები: რა მოხდება, რომ ვინმემ ჩუმად ყველაფერი ეს გადაიღოს და სადმე აჩვენოს? რას იფიქრებენ ჩემი ნაცნობები? ამას ფინანსურ კრიზისად აღიქვამენ, ჟურნალისტურ ექსპერიმენტად თუ შიზოფრენიად?

პასუხი კი ძალიან მარტივია:  გვიან ღამით არ ვჭამ, რადგან მიდრეკილება მაქვს გასუქებისკენ. გარდა ამისა, ძალიან მშიოდა. ამასთან ერთად, ხვალ თევზი არ შეიძლება (მარხვაზე ვარ) და მე კი თევზი ძალიან მინდოდა. ეს იყო და ეს :)

P.S. მიყვარს არასტანდარტულ გარემოში მარტო ან მეგობრებთან ერთად კიშკაობა ;)

“ბოდიში” სოფოს

ამ სურათზე ორივენი მარტო ვართ: მეც და ვარდიც

ამ პოსტის იდეა ფიქროს ფურცლებმა გამიჩინა. ბოლო ხანებში საგრძნობლად გულჩათხრობილი გავხდი და ჩემს გრძნობებს აღარავის ვუზიარებ. ყოველივე ამას კი ჩემი არაადეკვატური ანუ ჩვეული საქციელით ვფარავ და შეუმჩნეველს ვხდი. რატომ? საკუთარი თავისაც არ მესმის. ვხატავ ბოლო ხანებში და, ალბათ, ამიტომაც.

დღეს ჩემს მეგობარსა და სიცოცხლეს, სოფოს, GIPA–ელ მეგობარს, ვაწყენინე. გამოცდა გვქონდა ერთ–ერთ საგანში. ჩემი პრეზენტაცია Odnoklassniki VS Facebook იყო, რომელიც ჩემს ჟურნალისტურ ბლოგზე მიდევს. სოფოს პრეზენტაცია თსუ–ს განახლებას ეხებოდა. ჩემსას რომ მოვრჩი, კაფეში ჩავედი… მოკლედ,  მის პრეზენტაციას არ დავსწრებივარ, არადა გულით უნდოდა. 2 კვირის წინ კიდევ ვაწყენინე სხვა რამეზე და მაშინ დავიწყე ხატვა ნახატისა “ბოდიში”. გუშინ მოვრჩი. ამასობაში შევრიგდით. დღეს ისევ გაცივდა ურთიერთობები და სწორედ დღეს ვაჩუქე “ბოდიში” სოფოს.

ჩემში ცივი სიცარიელეა. უდაბნოში სინაცრეა, ქვიშის ნაცვლად ფერფლი ყრია, რომლის ქვეშაც მგრგვინავი ემოციაა დამარხული. საკმარისია, ფეხით ფერფლი ოდნავ გაქექო, რომ ლავასავით გავარვარებული ცრემლის გეიზერები ამოხეთქავს და ჩემი ბღავილი დააყრუებს ყველაფერს…

ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი. ბევრს თვითგვემის მოყვარული ვგონივარ, მაგრამ მე კი კარგად ვიცი, როდის რას ვიმსახურებ. როცა რამეს ვაშავებ და არავინ მსჯის, მაშინ იძულებული ვარ, საკუთარ თავს სამაგიერო თვითონ გადავუხადო! არც მათრახს ვირტყამ, არც კედლებს ვანგრევ. უბრალოდ, ვზივარ და ვფიქრობ, რაოდენ ცუდი ადამიანი ვარ. უნდა ვიყო მარტო, რომ სიმარტოვემ გამომაშროს, გამაარაადამიანოს და მათთან აღარასოდეს გამაკაროს :|

არადა დღეს სულ სხვა თემაზე უნდა დამეწერა. არა, ტრაგედია და უბედურება ნამდვილად არ მჭირს. არც დიდი ემოციით ვწერ. უბრალოდ, გადავწყვიტე, დღეს ბუნება და მეცნიერება იქით გადავდო და ერთ პოსტში საკუთარ თავზე ვისაუბრო.

დღევანდელ განცდას, რატომღაც, ეს სლაიდშოუ შევუსაბამე, რომელიც YouTube–ზე კარგა ხნის წინ ავტვირთე. სლაიდშოუებ ის კეთება ჩემი ერთ–ერთი ჰობია და მალე ისევ მივუბრუნდები. ზამთრობით მათი მუზა მეხსნება ხოლმე.

დღეს სევდიანი დღეა და ამბავიც სევდიანია, უკვე გაბანძებული სათაურით “Lovestory”.

დასი – ჩემი ნახევრადწარსული

მიუხედავად იმისა, რომ აზროვნებისათვის საკმაოდ ღამეა, ამ პოსტს მაინც შემართებით ვწერ, რადგანაც პოსტმა სიგარეტის მოწევაზე 34 კომენტარი გამოიწვია. ახლა იცით, რაზე უნდა გამბოთ?Copy of IMG_3027კი, ეს დასია – ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ნათელი წერტილი. იმიტომ, რომ მე ოცნების ნაწილი სწორედ აქ ავისრულე. ბაშვობაში ბევრჯერ მიოცნებია მეფობაზე, კეისრობაზე. მიოცნებია, ვმდგარიყავი სცენაზე და მეთამაშა რომელიმე ტრაგიკული პერსონაჟი. ყოველივე ეს კი მესამე კურსზე ამიხდა, როცა თსუ–ს დასში მოვხვდი. მაშინ მაგრად ვბლატაობდი, არიქა, მიხვდნენ ჩემს ნიჭს, შემამჩნიეს და ამყვანეს–თქო… ახლა მეცინება. თუნდაც იმაზე, რომ ჩემ გარდა კიდევ ბევრი ამბობდა იმავეს :D მოკლედ, ყველაფერი რეპეტიციებიდან დაიწყო. დანიშნულების ადგილი – “თეატრი სხვენი”! Read the rest of this entry »

კბილებით დაცული 97 ქულა ანუ დაიკიდეთ დარბაზი ;)

0504-35 085-Lროგორც იქნა, გამოცდებს მოვრჩი და აწ დამტკიცებულად ძალმიძს, ვუწოდო თავსა თვისსა დიპლომირებული ბაკალავრი. მართალია, ჯერ არ ამიღია, და ერთ-ორ თვეს ვერც ავიღებ, მაგრამ ჩემია, სად გამექცევა :P
ბოლო და ყველაზე ნერვებისმომშლელი, რა თქმა უნდა, სადიპლომო ნაშრომის პრეზენტაცია-დაცვა იყო. ხომ გავწამდით და გავხოხდით ეს სტუდენტები! მრავალი პრობლემის გამო, ნაშრომი გვიან ჩავაბარეთ, მაგრამ გაგვიმართლა და ლმობიერი რეცენზენტი შეგვხვდა, რომელმაც ნაწვალები პროექტი მოგვიწონა და დაგვიფასა.
მოკლედ, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა საზოგადოებრივ-შემეცნებითი ჟურნალის პროექტი: რის ვაივაგლახით მოვიძიეთ ინფორმაციები, გავერკვიეთ საკითხებში, ჩვენი ფანტაზიაც ჩავრთეთ და “ელიტ-კოქტეილიც” გამოვაცხვეთ :) შემდეგ, როგორც გაირკვა, ჟურნალის პირველი ნომერიც უნდა აგვეწყო. გადაგვიცივდა გული, მაგრამ რა უნდა გვექნა? ჯგუფის თითოეულ წევრს რამდენიმე ინტერვიუს გაკეთება მოგვიწია, რაც რამდენიმე რესპონდენტის “შეხუჭუჭებასა” და მერე დიქტოფონით ჩაწერილის გაშიფრვის დამღლელ პროცესს მოიცავდა. ჰოი, რა გაწამაწიაში ვიყავით! მაგარი ნერვებისწყვეტა გადავიტანეთ. ბოლო დღეებში, პირადად მე, ისე გავჭედე, რომ ყველას და ყველაფერს ვუღრენდი. ამიტომაც მომიწია Вечернее-ს აბების მიღებაVechernee_Biokor_60dr ძილის წინ. სხვათა შორის, მიშველა და ისევ შემაგნებინა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და, თანაც, ბრუნვადი :)
დაცვის დღეს საერთოდ არ ვნერვიულობდი. იმიტომ, რომ საკუთარი თავის იმედი მქონდა. სხვათა შორის, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას საერთოდ არ ვღელავ. პირიქით, ძალიან მსიამოვნებს. არადა, ადრე სულაც არ იყო ასე. ხომ იცით, ტრადიციული “ვაი, ტექსტი არ დამავიწყდეს” და ა.შ… გასწავლოთ, როგორ უნდ დაძლიოთ ყოველივე ეს? :P
წარმოიდგინეთ, რომ დარბაზში, რომელშიც თქვენ გამოდიხართ, დებილი და უღირსი ხალხი ზის, რომელსაც თქვენ ერთი თითის აქნევითაც კი აჯობებთ. ჰოდა თქვენც ისე გადით მათთან შესახვედრად, ვითომ ამ ერთხელაც გინდათ კიდევ ერთხელ დაუმტკიცოთ, რომ უპრობლემოდ იმორჩილებთ მას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, დაიკიდეთ დარბაზი! “დაიკიდე”-ს კი, რა თქმა უნდა, “მოგეშვება” მოჰყვება და დამშვიდებაც გარანტირებულია. ;)
რა თქმა უნდა, ამით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ეგ არც იფიქროს ვინმემ. უბრალოდ, მე ერთი ექს-დარბაზისკომპლექსიანი ადამიანი ვარ, რომელმაც ამ შიშის დაძლევის თავისებური გზა იპოვა და ახლა თქვენ გიზიარებთ.
მოკლედ და კონკრეტულად, პრეზენტაცია უსაშველოდ გაგვიგრძელდა. უამრავი შეკითხვა დაგვაყარეს, რომელზეც დამაკმაყოფილებელი პასუხები გავეცით. ჩვენი პროექტიც დადებითად შეაფასეს და გვითხრეს, რომ მართლა რეალურია და მშვენივრადაც განხორციელდება, თუკი სპონსორს მოვიძიებთ. ისიც დასძინეს, რომ პროექტი უკეთესია, ვიდრე თვითონ აწყობილი ჟურნალი. ეს გასაგებიცაა, რადგან “ელიტ-კოქტეილის” პროექტში უფრო მეტი შესაძლებლობა და ვარიანტები გავითვალისწინეთ, თსუ-ს ბაზა კი, რა თქმა უნდა, ამდენის საშუალებას არ გვაძლევდა. მიუხედავად ამისა, რაღაცას მაინც დავამგვანეთ ჩვენი იდეები და ახლა კეთილი ინებეთ და გადაიკითხეთ :)

ჟურნალი “ელიტ-კოქტეილი” დიიიდი მადლობა ;)

P.S. ახლა ქეთი მელუას კონცერტს ვუყურებ და თუ ეგ გოგო შემიყვარდა, მერე რაღა მეშველება? ;( …

Follow

Get every new post delivered to your Inbox.