why not

სურათი ცოტათი ძველია, მაგრამ წავა

მგონი, საკმარისად დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე დავწერე, ვისაუბრე. ჩემს “რაღაცნაირ” მოგზაურობებს არ ვგულისხმობ. უბრალოდ, საკუთარი თავის ამბის მოყოლა მაქვს მხედველობაში. ჰოდა დღეს ის პატარა გამონაკლისი იყოს, როცა საკუთარ თავზეც დავწერ, why not ;)

GIPA–ში რომ ვსწავლობ ეს ვთქვი? უი, ჰო… მითქვამს. GePRA–ში რომ ვმუშაობ და პიარსკოლის ბლოგს ვკურირებ, ესეც იცით?  ანუ თან ვჟურნალისტობ და თან პიარში ვარ გარეული. ორ სხვადასხვა პროფესიას ვეჭიდები თუ ვეჭიდავები. GePRA ჩემი თავშესაფარია. მართალია, უხელფასოდ ვარ, მაგრამ იქიდან წამოსვლა არ მინდა. კარგად ავეწყვე, თან ბევრიც არ მავალია. რომც დამავალონ, ვერ მოვასწრებ. ჰოდა ქე ვარ ასე :)

ორიოდ თვის წინ ახალი სამსახური დავიწყე. ჟურნალ “ტაბულას” რედაქცია ეს–ეს არის, დაფუძნდა. მე კულტურის ბლოკში ვარ და თეატრები და მსგავსი რამე–რუმეები მაბარია. ძალიან მიხარია, რომ რაზეც მინდა, იმაზე ვწერ. მართალია, რბენა და დევნა კი მიწევს, მაგრამ ეგ ყოფილა ჟურნალისტის ბედი :) ისე, რბენა, ხვეწნა და წერა ვინც არ იცის, იმას ჟურნალისტობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

სწავლა 25–ში განგვიახლდა. ამერიკელი ლექტორი Leah გვიკითხავს. ტიპური ამერიკელია: თავისი საქმის დიდოსტატი, ჯიგარი ტიპი და არც ერთი ენა იცის ინგლისურის გარდა. ლექციაზე დაგვიანება ისჯება კარების ჩაკეტვით და აუდიტორიაში არშეშვებით, ანუ ლექციის გაცდენით, რაც საერთო შეფასების 20 პროცენტს ჩამოაჭრის სტუდენტს. ეს ყველაფერი კი 3 კვირის განმავლობაში უნდა ავიტანოთ. რავიცი, მე კი დავიზაფრე…

ვინაიდან ინგლისურ კურსს გავდივარ, აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები დაგვემატნენ. კარგი ტიპები არიან. ნუ მე ნორმალური პარტნიორი შემხვდა და მშვენიერი ურთიერთინტერვიუებიც გამოგვივიდა. ანნა ჰქვია. ჯერჯერობით აქაც კარგად მიდის გაცნობა–დამეგობრების საქმე.

დაკავებული ვარ. ჰოი, რა დღეში ვარ! აქეთ სწავლა და ორი სამსახური თავისი სოციალური მედიის კურირებითა და სტატიებით, იქით დასის აფიშა მაქვს დასახატი. გახსოვთ ალბათ, დასიდან რომ წამოვედი, აფიშებს მაინც მე გავაკეთებ–თქო აღვუთქვი ხალხს და აჰა… “სამანიშვილის დედინაცვალს” ვაკეთებ. რა ვქნა? ხატვაც მიყვარს და არ მინდა, შევეშვა. ჰოდა ვიჩეხები ამდენ საქმეში.

GIPA–დან GePRA–ში, მერე დასში, მერე მეგობრის ბებიის პანაშვიდზე, მერე ისევ  GePRA–ში (ბოთეს ბლოკნოტი დამრჩა). ამასობაში “ჯეოსტარელებს” ვურეკავდი ინტერვიუზე. გზაში ფენოვანებს ვყლაპავდი ფრიად გარდარეული სტომაქის დასაწყნარებლად…. აუჰ, რა ამოვქოქე!… :)

არადა, ამ დროს ადამიანი კარგად დაზეთილი ძრავასავით მუშაობს და უფრო შემოქმედებისუნარიანია, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. მთავარია, არ გადაიწვეს. ჩემი ახლადნაყიდი სათვალე, რომელმაც 3 კვირას ძლივს გაძლო, გუშინ გატყდა და ვზივარ კომპთან თვალებაწითლებული. თან მეყვინთება. 8–ზე უნდა ავდგე, რომ 10–ზე სოლივით ვერჭო ლექციაზე. დღეს ავტობუსმა ნახევარი საათით დააგვიანა მოთრევა და ნერვები მომისპო. არ მიყვარს გინება, მაგრამ დღეს ბორბლებიდან დაწყებული, “გლუშიტელით” დასრულებული (მაყუჩი ქვია ისე), ყველაფერი შევუკურთხე!

მოკლედ ასეა ჩემი ამბავი: ნერვების ხარჯზე ვცოცხლობ. ერთთვიანი დასვენება პატრონს ჩაბარდა. ისევ პატარა ბინაში ვარ, რომელიც არც ერთი აქ მცხოვრებისა არ არის. ოჯახში მატებაა და ახლა ექვსნი ვართ. პაატალა “კუუუუსსსა” შეეძინა ბიძაჩემს :) “ჩემს” ოთახში ისევ ქაოსია. ისევ პატარების წივილ–კივილი, ტელევიზორში “სანტა მარია ანტუანეტა ხეორხია ალონსო დე გვადალუპე სანჩეს რივიერა დე ბროსო დე ალესიო პადილა დე პქერუნვაირუაფნაიერჯჰადჯ” გადის და ბებიაჩემიც არც ერთ სერიას არ ტოვებს. მიკვირს, როგორ ამახსოვრდება ამდენი.

აუ, რამდენი დამიწერია. სტოპ!… ესეც გეყოფათ თქვენ. გილოცავთ, ვისაც ბოლომდე წაკითხვა არ დაგეზარათ. ისე მეძინება, დავაფაბლიშებ და გრამატიკული შეცდომების გასწორება თქვენთვის მომიდია, why not :)

1992 წელი ათიოდ წუთით

დღეს ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან პოსტს ვწერ, ე.ი. რაღაც მოხდა.

უკვე რამდენი ხანია, თოვლს ველით ზამთარს დახამებული ახალგაზრდები. პირადად მე ფიფქების ჰაერში პირით დაჭერა მიყვარს…

კარგი დღე იყო, გადასარევი. ჯერ GIPA, მერე GEPRA, მერე თსუ–ში თაზომ შეგვკრიბა და ახალი ჟურნალის გეგმები გაგვაცნო. წამოვედით ბედნიერები და რავი, კარგ ხასიათზე მყოფნი. სახლის კიბეებს სულ სტვენა–სტვენით ამოვუყევი. თან სტვენის ტემბრში რაღაც ფერთა სიუხვე და სისუფთავე შეინიშნებოდა (მოკლედ, როცა სიმღერა მიჭირს, ჩემი ხორხი მაშინ გადასარევად სტვენს). ჰოდა ასე საუნდტრეკების ჭიკჭიკში გავაღე სახლის კარი…

_ეთო ცუდად არის!… _ ბებიაჩემი.

_რა მოუვიდა?

_გული წაუვიდა. სახეზე სულ შავი იყო. ახლა მოვაბრუნეთ.  სასწრაფო უკვე გამოვიძახეთ.

_ბინაში წყლის მილი გასკდა და წყალი არ გვაქვს, _დაამატა მეზობელმა.

არიქა, დავფაცურდით. თურმე გაუწყლოვანება სჭირს ეთოს, გულისრევა და ა.შ. მთელი დღე ცუდად იყო და ბევრი სითხე დაკარგა. მე აფთიაქში ჩავირბინე და ამასობაში სასწრაფოც მოვიდა.

_ამ ქალბატონს აქ ვერ ვუმკურნალებთ, გადასხმებია საჭირო. საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ, _ ამბობს ექიმი.

მანამ, სანამ ჩვენ პირის დაღებას და მოუმზადებელი არეულობის გააზრებას ვუნდებოდით, დენი ჩაქრა. გამოვშტერდით. ამ დროს ჩემს უფროს ბიძაშვილს, 4 წლის ნიკას, უეცარი და წინასწარდაუგეგმავი ჩაბნელების შეეშინდა და ატირდა. ამ ხმაზე კი მისმა ძმამ, 1 თვის სანდრომ გაიღვიძა და ატყდა წივილ–კივილი.

გადავწყვიტე, 1–2 კურსებზე შესწავლილი ძიძაობის პროფესია გამეხსენებინა (მაშინ ნიკას ვაძინებდი) და დავიწყე “კალიასკის” აქეთ–იქით ქანაობა. თან პატარა რომ “სოსკას” გადმოაგდებდა, მობილურის შუქით ვეძებდი და ისევ დაღებულ ხახაში ჩავჩრიდი :)

პატარა სანდრო კი (მე “კუსას” ვეძახი) იწვა არხეინად და ხანდახან თუ წამოიკნავლებდა. დავფიქრდი…

ნეტა, სიბნელეში ახლა ვინმე მაძინებდეს. ხომ სულ დავიკიდებდი ნახევარ დედამიწის სფეროს.

ხომ სულ დავივიწყებდი, რომ შუქი არ არის და წყლის მილია გახეთქილი.

ბებიაჩემსაც სულ ცოტა ხნით დავივიწყებდი (წამლების გაკეთება მოასწრეს ექიმებმა).

არც ის მეხსომებოდა, რომ ბევრი მაქვს წასაკითხი ხვალისათვის.

აღარც იმაზე ვინერვიულებდი, რომ ღორის გრიპი უფრო მადარდებს, ვიდრე 2012.

მოკლედ, როდესაც ოროთახნახევრიან ბინას უცებ 12 კაცი გაავსებს და, ამავდროულად, არც წყალი იქნება და არც შუქი, დადგება მისტიკური ხანა, რომელსაც 1992 ჰქვია. ნეტა, ორუელს ამ თარიღზეც დაეწერა რაიმე წიგნი…

შუქი 10 წუთში მოვიდა და ყველამ ამოვისუნთქეთ. ეთო სასწრაფომ წაიყვანა საავადმყოფოში და, იმედია, ხვალ უკვე დააბრუნებენ გადასხმულ–მოსულიერებულს. მე კი დავჯდები და ცოტას ვინერვიულებ :)

მარტო სკვერში

დღეს საინტერესოდ დატვირთული დღე მქონდა: ჯერ GIPA, მერე GEPRA, მერე თარგმანების კვირეული… ამ უკანასკნელზე წავედი 7 საათისთვის “კავკასიურ სახლში”. ძალიან ცხელოდა, იქაური პატარა დარბაზი ხალხით იყო გადავსებული. გამომსვლელთა სახელები და გვარები ჩავიწერე და გამოვიქეცი ისე, რომ სპარსული პოეზია გვერდზე მომრჩა ;)

მშიოდა. პოპულიში შევიარე და “სანტალის” წვენი, შემწვარი თევზი და 2 ცალუკა პური ვიყიდე. სადმე ხომ უნდა მეჭამა? გვერდით არავინ მყავდა. მარტო ვიყავი. რაო, მარტო? დიახაც, მარტო!

როგორ მომნატრებია მარტოობა! სიცივეში, სიცხეში, ქარსა და ყინვაში სულ ჩემს თავთან ერთად რომ დავდიოდი და მას ვუყვებოდი რაღაც–რაღაცებს. ვმღეროდით, ვხუმრობდით. მარტოობაც ნოსტალგიაა, ბევრი ამას ვერ ხვდება.

ასე და ამგვარად, გავემართე კოლმეურნეობის მოედანთან, სკვერისაკენ. დაღმართზე მივაბიჯებდი, როცა წინ ჩემი მარტოობის დამადასტურებელმა ეულმა ჩრდილმა გამისწრო: მობერეტო ქუდი, გრძელი “დუბლიონკა” და მხარზე გადაკიდებული ჩანთა. ნელ–ნელა ვემგვანები იმას, ვინც მინდა, რომ ვიყო. ვინ მინდა ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ არ ვიცი.

ჰოდა ამოვალაგე ჩემი თევზის ნაჭრები და 2 ცალუკა პური, მივუდგი “სანტალის” ვაშლის წვენი და შევექეცი მნია–მნიობას. თან ამ პოსტის დაწერაზე ვფიქრობდი.

გარშემო არავინაა, არავინ მაქცევს ყურადღებას. ვინმე ნაცნობმა რომ ჩამიაროს, შემრცხვება? რომ შემრცხვეს, სად დავიმალო? რომ არ შემრცხვეს, ე.ი. ბომჟი ვიქნები? რა საინტერესო იქნებოდა, თუკი ვინმე დამაკვირდებოდა. ნეტა, ვინ ვეგონებოდი: ახლადგაღატაკებული ვიღაც თუ შეპერტყილი ახალგაზრდა?

… თევზი და პური კი გემრიელად მითავდებოდა ნელ–ნელა, გამოზომილად. წვენიც საამოდ მივაშლიანებდა პირის ღრუს. ერთი ნაჭერი თევზი და ერთი ცალუკა პურიც ერთდროულად გათავდა. შიმშილიც ცოტათი დაცხრა. სკვერს თვალი მიმოვავლე: ისევ ცივა, შორიახლოს არავინ ზის, არავინ მითვალთვალებს. წავიდა მეორე “პორციაც”!…

ისევ კითხვები: რა მოხდება, რომ ვინმემ ჩუმად ყველაფერი ეს გადაიღოს და სადმე აჩვენოს? რას იფიქრებენ ჩემი ნაცნობები? ამას ფინანსურ კრიზისად აღიქვამენ, ჟურნალისტურ ექსპერიმენტად თუ შიზოფრენიად?

პასუხი კი ძალიან მარტივია:  გვიან ღამით არ ვჭამ, რადგან მიდრეკილება მაქვს გასუქებისკენ. გარდა ამისა, ძალიან მშიოდა. ამასთან ერთად, ხვალ თევზი არ შეიძლება (მარხვაზე ვარ) და მე კი თევზი ძალიან მინდოდა. ეს იყო და ეს :)

P.S. მიყვარს არასტანდარტულ გარემოში მარტო ან მეგობრებთან ერთად კიშკაობა ;)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.