დასი – ჩემი ნახევრადწარსული

მიუხედავად იმისა, რომ აზროვნებისათვის საკმაოდ ღამეა, ამ პოსტს მაინც შემართებით ვწერ, რადგანაც პოსტმა სიგარეტის მოწევაზე 34 კომენტარი გამოიწვია. ახლა იცით, რაზე უნდა გამბოთ?Copy of IMG_3027კი, ეს დასია – ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ნათელი წერტილი. იმიტომ, რომ მე ოცნების ნაწილი სწორედ აქ ავისრულე. ბაშვობაში ბევრჯერ მიოცნებია მეფობაზე, კეისრობაზე. მიოცნებია, ვმდგარიყავი სცენაზე და მეთამაშა რომელიმე ტრაგიკული პერსონაჟი. ყოველივე ეს კი მესამე კურსზე ამიხდა, როცა თსუ–ს დასში მოვხვდი. მაშინ მაგრად ვბლატაობდი, არიქა, მიხვდნენ ჩემს ნიჭს, შემამჩნიეს და ამყვანეს–თქო… ახლა მეცინება. თუნდაც იმაზე, რომ ჩემ გარდა კიდევ ბევრი ამბობდა იმავეს :D მოკლედ, ყველაფერი რეპეტიციებიდან დაიწყო. დანიშნულების ადგილი – “თეატრი სხვენი”! Read the rest of this entry »

Le Petit Prince

Copy of Surati-2904ერთხელაც, როცა ძალიან მომინდა ფენოვანი (სრული სახელწოდებაა ცხელი ფენოვანი ხაჭაპური), გადავწყვიტე, მრგვალი ბაღისაკენ ამესეირნა. იქ 1,20 ლარად აღმოვაჩინე მშვენიერი სამკუთხა ფენოვანი. რა თქმა უნდა, ვიყიდე. ახლა უცებ ჩამოგითვლით ფენოვანის ძირითად ღირსებებს:
1. გემრიელია
2. ცხიმიანია (ყელისთვის არის მისწრება. ასე რომ, ვოკალისტებო, მიირთვით!)
3. მისართმევად არ სჭირდება დამატებითი ინსტრუმენტები ორი ხელისა და ერთი პირის გარდა. ჰა-ჰა ხელსახოცი დაგჭირდეთ
4. გემრიელია… არა, ეს ტავტოლოგია არ გეგონოთ. ფენოვანი მართლა გემრიელია და ამიტომაც მოვიხსენიე ორჯერ ;)
ავედი მრგვალ ბაღში. მოვთავსდი ერთ-ერთ “სკამეიკაზე” (ვაი ჩემს პატრონს, ამის ქართული შესატყვისი ვერ გავიხსენე). თან ვჭამდი, თან კუბაზე ვკითხულობდი Вокруг Света-ში და თან ვფიქრობდი. სწორედ ფიქრის გამო ვერ მოვახდინე კონცენტრირება სტატიაზე და ბოლომდე აღარ ჩავედი. ფენოვანი გათავდა თუ არა, წამოვდექი, ნამცეცები გადავიფერთხე და სეირნობა დავიწყე. ირგვლივ მიმოვიხედე და ახალგაზრდა დედა-შვილს მოვკარი თვალი. რაღაც მესიამოვნა, მერე ცოტათი შეშინებულმა გავიფიქრე, ეს ახალგაზრდა “ქალი” ქმარს ხომ არ გაშორებია-მეთქი? ისე მომრავლდა ახალგაზრდათა ქორწინება და განქორწინება, თითქოს შეყვარებულები იყვნენ. რაღაც გააუფასურეს ცოლ-ქმრობა. დაგევასება გოგოს ტრ… და ცოლად გინდა მოიყვანო, მერე აღმოჩნდება, რომ საერთოდ გეჯავრება ეგეთი ხასიათის ადამიანები და ეგრევე განქორწინება!… :| მოკლედ, ეს სხვა თემაა. ამ ახალგაზრდა დედა-შვილს კი დიდ სიყვარულს ვუძღვნი მთელი გულით.
…შემდეგ იქვე “გაშლილ” მტრედებს მოვკარი თვალი. დაგოგავდნენ, რა ექნათ. ხან მზესუმზირის კანებს კენკავდნენ, ხანაც ფუთფუთით გადააფრინდებოდნენ თავზე ერთმანეთს. ისე, რომ დაუკვირდეთ, მტრედი ფრთების მოქნევისას “ფუთ-ფუთს” იძახის ;)
…ერთი-ორი გაჩხაკუნების შემდეგ მტრედებსაც შევეშვი. თავი მოვაბრუნე და… ბრინჯაოს პატარა უფლისწულმა თვალი თვალში გამიყარა. თანაც ისე, რომ თავის პლანეტაზე ამოსული ვარდისთვის თვალი არ მოუშორებია.
…როგორ გავს ჟერარ ფილიპის ბავშვობას!…
…ან რა უნდა ამ ცოდვილ ადგილას? ზოგჯერ პატარა უფლისწული ძალიან მეცოდება, რომ შუა თბილისში დგას. იგი სადმე ხასხასა მოლით მოფენილ მდელოზე, აკაციების ჩრდილში ბუნების სიმწვანით ტკბებოდეს (ნუ, ეს ჩემი აზრია პრინციპში).

იქნებ სწორიცაა, რომ შუა ქალაქში დგას მისი ქანდაკება. იქნებ ამით ხალხის ყურადღების მიქცევა უნდოდა ავტორს? დაენახვებინა, რომ დედამიწა საბოლოო ჯამში მაინც წარმავალი კი არა, მარადიული ღირებულებების მატარებელი პლანეტაა. იქნებ ამ ჟესტით ავტორმა გადაწყვიტა, რაც უფრო მეტი შეხედავდა პატარა ბიჭის დადარდიანებულ და მარტოსულ სახეს, მით უფრო მეტი შეიგრძნობდა ამაოების ამაოებას.
…მე მაინც ვფიქრობ, რომ პატარებისათვის “პატარა უფლისწულის” წაკითხვა არ არის რეკომენდებული. ეს არის ნოსტალგიური ისტორია. ისტორია, რომელიც დანანებით მოგაგონებს განვლილ წლებს, ფლომასტერებით დახატულ “მსოფლმხედველობას”, უნაოჭო სახეს, პატარა ბზინვარე ცხვირს, ყველაფრის ათვისებისა და დამახსოვრების ნიჭს, ყველაფრის პირველად განცდის სიხარულს…
“პატარა უფლისწული” ნოსტალგიაა პატარა უფლისწულობაზე. ბავშვებს ანუ პატარა უფლისწულებს საკუთარ თავზე ნოსტალგია ვერ ექნებათ, რადგან შეუძლებელია იმაზე გაგიჩნდეს ნოსტალგია, რაც იმ წუთას შენ ხარ. ამასთან ერთად პატარამ არ იცის, რა არის, იყო დიდი. შესაბამისად, სანამ არ გაიზრდება, მანამ ვერ დააფასებს, რას ნიშნავს, იყო პატარა.
სანამ პატარა უფლისწული ისე არ “დაბინძურდება”, რომ გაიზარდოს, მანამდე ვერ შეიგრძნობს უფლისწულობის  სისპეტაკეს. მხოლოდ დიდს შეუძლია პატარას პირით თქვას “დიდები მართლაც უცნაური ხალხია” და სიტყვა “უცნაურში” გადატანითი მნიშვნელობით ყველაფერი იგულისხმოს, გარდა “უცნაურისა”.  :(
“…მხოლოდ გული ხედავს კარგად. თვალს არ ძალუძს, დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი…”
ამ ფიქრებში გართულმა პატარა უფლისწულს რამდენიმე სურათიც გადავუღე.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.