ზოგს მალე მობეზრდება

კითხვები??? კითხვები??? კითხვები???

ბლოგები

ბლოგერები

მოდა

ჯერ odnoklassniki.ru იყო, რომელმაც 2 წელიწადს ძალიან მაგრად იმუშავა და ზენიტში იყო. ახლა Facebook ლიდერობს და ყველა აქ არის. მერე რა, რომ ზოგი აზრზე არ არის, თუ რა უნდა აქ. სხვა ხომ არის? ე.ი. თვითონაც უნდა იყოს. ამ სოც. ქსელისა არაფერი გამეგებოდა და თურმე ორჯერ დავრეგისრტირებულვარ სხვადასხვა მეილით. ის მეორე Zura Balanchivadze ახლაც ისეა მიგდებული.

ყველაფერი იწყება – ყველაფერი მთავრდება. ეს გარდაუვალია. უბრალოდ, გააჩნია, რამდენად გრძელი იქნება მათ შორის მოთავსებული დეფისი შენთვის. ზოგს მალე მობეზრდება ბლოგი.

ვინც მოდისათვის დაიწყო წერა, იგი მოდის გამო დაანებებს. გავა დრო და ნახავს, რომ მთელი ბლოგი სულ ტყუილად უწერია. წყალში გადაუყრია თითის ფალანგებზე მიმაგრებული მყესების გამალებული ვიბრირება კლავიატურის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ.

ზოგიც იმიტომ დაანებებს თავს, რომ სხვა ეგონა და სხვაგან მოხვდა. იმავე საქმიანობას კი სხვანაირად გამოხატავს და სხვა წყაროებით.

ზოგი სიყვარულს დაკარგავს და მერე რა დროს ბლოგია. ახლა გლოვისა და ჩოლკის შეჭრის დროა.

ზოგს ის გააღიზიანებს, რომ პოსტებზე მხოლოდ თავისი კომენტარები დევს და ვერ მიმხვდარა ამის მიზეზი, რომ მრავალმუხლიანი უსტარებია.

ზოგს მალე მობეზრდება წერა. გამოელევა ბარბები, პაკემონები, კევები, პომადები, მანიკურები, პუდრები და რუმიანები. რაღაზე დაწერს, როცა ყველა დათუნია, კურდღელი და ციყვი აღწერა და ისიც გაგვიმხილა, თუ რა თანმიმდევრობით იწვენს ლოგინში.

ისეთებიც დაანებებენ წერას თავს, რომლებიც ზედმეტად დეპრესიულები არიან და მათ მიერ მოქნეულ მრავალწერტილთა ჯაჭვების აზრს ყველა ვერ ჩაწვდება. ასეთები ცხოვრებაში კიდევ ერთ იმედგაცრუებას იპოვიან და რუდუნებით, ცრემლით შეინახავენ მთრთოლვარე ტკივილს თავიანთი ტვინის ხვეულების ყველაზე ფარულ ადგილებში. ბლოგის გარდაცვალებას ისინი იმას დაუკავშირებენ, რომ ვერავინ უგებს მათ.

ზოგიც დაწერს, რომ პაუზას აიღებს და აუცილებლად დაბრუნდება. მის ამ სიტყვებს კი ვებ მტვერი მოედება და ასეთად დარჩება, ვიდრე ბლოგის სისტება თვითონ არ გაუკეთებს ლიკვიდაციას.

ვინ იქნება შემდეგი, ამას ედვარდ ენიგმას მწვანე ფერის კითხვის ნიშნების ნისლი აკრავს.

საათი წიკწიკებს და ნელ–ნელა ენაგადმოგდებულ თავის ქალას ემსგავსება.

უთვისებო ბლოგერები მოდიან რწმუნდებიან და მიდიან.

P.S. მიყვარს მწვანე, შხამიანი ფერია ;)

როგორ ფიქრობთ, ვნანობ?…

Books02-619x685

სიგარებს ან შოკოლადის "ტრუბოჩკებს" არ ჰგვანან? :P

დღეს ბლოგების თვალიერებას მივყავი ხელი. წავიკითხავდი 2 აბზაცს, შემდეგ ნახევარ საათს არაფერზე ვფიქრობდი. კიდევ 2-3 აბზაცი და კიდევ იდიოტურად ჯდომა არაფერზე ფიქრთან ერთად. მაღაზიაში ჩასვლისას კი კიბეზე ჭეშმარიტებამ გამინათა გონება: კითხვის ნიჭი არ მქონია.
თვალი რომ გადავავლე ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ სულ ასეთ მდგომარეობაში ვარ. ჯერ იყო და სკოლის პერიოდში, თითქმის, სულ დედაჩემს ვაკითხებდი ყველაფერს და მე მოსმენით ვიმახსოვრებდი (მეხსიერება კი ისეთი მქონდა, ახლა იმის მეათედი რომ მომცა, 10 დღეში ჯიგრულ სამსახურს გავჩითავდი). მე-9 კლასიდან დაიწყო ჩემი წამება. უი, კითხვა. უი, წასაკითხი. აუ, რამხელაა!… და ა.შ. არადა, მეუბნებოდნენ და მიჩიჩინებდნენ: “ზურიკო, იკითხე! ზურიკო, გაგიჭირდება მერე და ინანებ!… “მე კი ფეხზე მეკიდა ეს ყველაფერი და სულ ვხატავდი, ვთამაშობდი ან დავბოდიალებდი აქეთ-იქით. არადა, რა მენაღვლებოდა? ფრიადოსანი მაინც ხომ ვიყავი.
პირველი წიგნი მე-5 კლასში წავიკითხე და სახელი ახლაც მახსოვს: “მზის ბაჭიების ქვეყანაში”. ფრიად მშვენიერი ზღაპარი იყო ჭორფლის წარმოშობის შესახებ :) შემდეგ დავაპირე თედო რაზიკაშვილის რაღაც არწივთან დაკავშირებული წიგნის წაკითხვა. სკოლის ბიბლიოთეკიდან გამომატანეს თავიანთი ნება-სურვილით: შენ ხუთოსანი და ნაკითხი ბიჭი ხარ და ეს მოგეწონებაო. 2 წელი გავიდა მას შემდეგ და მე-7 კლასში დავუბრუნე ბიბლიოთეკას, რა თქმა უნდა, წაუკითხავი. გაუკვირდათ კიდევაც: ჩვენ დაკარგული გვეგონაო.
წიგნების კითხვის ყველაზე დიდი ჯაჭვი აბიტურიენტობის პერიოდიდან დავიწყე. ამ დროს, ყველამ ვიცით, რამდენის წაკითხვა და სწავლა გვიწევს. აღმოჩნდა, რომ ჰაგიოგრაფია ძალიან მიყვარდა. თანაც, იმდენად, რომ მხატვრული ლიტერატურის წასაკითხ დროს გამოვძებნიდი ხოლმე. ჰოდა “პაგანინის განკიცხვამ” ისე შემიყოლია, რომ თვენახევარში დავამთავრე. არადა, 1 კვირაშიც მშვენივრად წაიკითხავდა კითხვის მოყვარული. ისე, ძალიან, ძალიან კარგი წიგნია!
ახლა კი, გავკადნიერდები და ჩემ მიერ წაკითხული წიგნების სიას გამოვაქვეყნებ და თავად იმსჯელეთ ჩემზე. თუმცა აქვე დავძენ, რომ არც მთლად იდიოტი ვარ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ეგვიპტის ისტორიაზე ვკითხულობდი ენციკლოპედიებს. ბავშვობის დაუზარებლობის პერიოდი ამ საოცარი ქვეყნის “აღმოჩენას” შევწირე და კიდევ გავაგრძელებ. ახლა კი დაპირებული სია (ქრონოლოგია არეულია):
“პაგანინის განკიცხვა”
“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”
“პარმის სავანე”
“პარფიუმერი”
“კრძალვით და ცახცახით”
“კატილინას წინააღმდეგ”
“ედიტ პიაფი”
“გიორგი სააკაძე”
“ალექსანდრე მაკედონელი”
“მარტოობის 100 წელი”
“მარგარიტა გოტიე”
“რემბრანტი”
“მეფე ლირი”
“სამი მეგობარი”
კიდევ ერთი რაღაც ალბერ კამიუს დაწერილი, მაგრამ სახელი არ მახსოვს, იმიტომ, რომ ვერ გავიგე.
გარშემო უამრავი ნაკითხი და კითხვისგან ტვინგამსკდარი მეგობარი დამტრიალებს. მეც ვარ, რა. თქვენც კარგად იცით, როგორც ვარ: თუ რამე მომწონს _ ვაღმერთებ, რაც არ მომწონს _ ვამხობ. ვარ გადარეულად გადარეული და საზიზღრად მწუხარე. არ ვიცი ზღვარი და “ოქროს შუალედი”. დამიანებთან ურთიერთობაში ბევრჯერ მიმიქარავს და შემიცოდავს. წიგნებს ვყიდულობ უამრავს, მაგრამ კითხვა მეზარება. კრემისფერი შურით მშურს ნაკითხი და განათლებუი ადამიანებისა.
მეუბნებოდნენ მშობლები და ნათესავები: “ზურიკო, იკითხე, თორემ ინანებ!” როგორ ფიქრობთ, ვნანობ?…

P.S. ბიბლიოთეკაში ჯდომის და იქ კითხვის ნერვები კი ჭეშმარიტად არ მაქვს. მანდ ყველაფერს გავაკეთებ წიგნების წაკითხვის გარდა!

Follow

Get every new post delivered to your Inbox.