Zurriuss 1წლისაა!

Ave Zurriuss!

ასე და ამგვარად, დღეს ჩემს ბლოგს დაბადების დღე აქვს. ყოველთვის მინდოდა, ისეთ დროს მქონოდა დაბადების დღე, როცა არავინ დასასვენებლად არ იქნებოდა და ყველას ეცლებოდა ჩემთან მოსასვლელად. რეალურ ცხოვრებაში თუ არა (20 ივლისს ვარ დაბადებული), ბლოგოსფეროში მაინც ამიხდა.

ძალიან ბევრია სათქმელი, ძალიან ბევრია დასაწერი… და ძალიან ცოტა დროა. როგორ მინდა, მალე მოვილიო რამდენიმე სტატია და საქმე და ვპოსტო და ვპოსტო!… თვითკრიტიკა მკარნახობს, რომ ბოლო დროს ჩემი პოსტების ხარისხი დადაბლდა – ესეც გამოსასწორებელი მაქვს.

სკანდალური პოსტების წერა ჩემი საქმე არ არის. პრინციპში, არც დამიწერია. უბრალოდ, როცა რაღაცას აკრიტკებ, სკანდალურად აღიქვამენ :)

როგორც ვფიქრობ, ბლოგის შინაარსი არანაირად არ შეიცვლება: იქნება ბევრი ფოტო, პატარა და მოზრდილი პოსტები. აუდიო და ვიზუალური ეფექტებიც ასევე ხშირად გამოჩნდება. ვეცდები, თემატიკაც არ შევიცვალო.

ერთი შეხედვით, ჩემი ბლოგი არათემატურია. მაგრამ მგონი, ჩემი ხშირი პოსტვით ბუნებაზე, ოპერაზე და უცნობ ადგილებზე, რაღაც გარკვეულ თემატიკას ქმნის ;)

მეტს აღარ გავაგრძელებ (ჯიპა–ში მაგვიანდება) და წარმოგიდგენთ ჩემს პირველ პოსტს, რომელიც შარშან, ზუსტად ამ დღეს – 4 თებერვალს დავწერე და თურმე 26 აპრილს ჩამისწორებია :) გადაავლეთ თვალი და შთაბეჭდილებები მითხარით. მითხარით ყველაფერი, რისი თქმაც აქამდე გეზარებოდათ. თუ უკვე ნათქვამი გაქვთ, გამიმეორეთ, რომ დავიმახსოვრო!

მოკლედ, დაბადების დღე ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა და ძალიან ლოიალური იუბილარი ვარ :) :) :)

GE–ვირგვინი

GE-ვირგვინს დაიდგამს მონა ბლოგისა Zurriuss…

ადრე მიუღწეველ ოცნებად წარმომედგინა GE დომენი. ადრე რა, როცა მის მნიშვნელობას მივხვდი. ახლა ერთი სული მაქვს, როდის გახდება zurriuss.wordpress.com  ZURRIUSS.GE! :D

მინდა, კარგად გავაშალაშინო ბლოგი, დავფერთხო ზოგიერთი რამ და გავამდიდრო სხვადასხვა ინფორმაციით. მოკლედ, Zurriuss–ის დრო დადგა :)

ამაში ლანდიშა დამეხმარება და, თუ კიდევ არ დაეძინა, წამიყვანს ერთ–ორ ადგილას, სადაც ჩემს ბლოგს GE–ვირგვინს დაადგამენ და კანონიერ zurriuss.ge–დ გამოაცხადებენ.

4 თებერვალს Zurriuss (ჩემი მეოთხე და ყველაზე წარმატებული ბლოგი)  ერთი წლის ხდება. ყველაფერი ამის გაკეთება სწორედ ამ დღისთვის განვიზრახე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ბლოგერები გარკვეული დროით უნდა დაფიქრდნენ და გადააფასონ: არის თუ არა ბლოგი მათს ცხოვებაში იმდენად მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი დროის დიდი ნაწილი დაუთმონ მას? ჩემს შემთხვევაში ბლოგი თითქმის ჩემი მეორე ცხოვრებაა.

უამრავი საქმისა და მოუცლელობის პირობებშიც ვახერხებ, წავიკითხო ბლოგები და ჩემსაზეც ვპოსტო. კარგია, რომ ყველგან, სადაც ვიმყოფები, კომპიუტერზე ხელი მიმიწვდება. ბოლო დროს ჩემი პოსტების იდეა სხვაგან იბადება, ტექსტის ნაწილი ერთგან იწერება და ბოლო – მეორეგან :)

ასე რომ, თუ კორონაცია მშვიდობით ჩაივლის, 4 თებერვლიდან Zurriuss.Ge გავხდები. ჰოდა ველი მოლოცვებს :D რომ არა თქვენ და თქვენი აქტიურობა, მე ამაზე პრეტენზიაც არ მექნებოდა. ასე რომ დიიიდი მადლობა თქვენ ;)

86–ე დაბადების დღე

აქამდე დაწერა ვერ მოვახერხე, დაკავებული ვარ და სულ გარეთ ვარ. ის მამშვიდებს, რომ არ დამვიწყებია და, იმედი მაქვს, არც არასდროს დამავიწყდება.

დღეს ჩემი მუზის, მუსიკის ქალღმერთის, მარია კალასის დაბადების დღეა.

იგი დღეს დაიბადა, 1923 წლის 2 დეკემბერს. 54 წლის შემდეგ, 1977 წლის 16 სექტემბერს, მარია ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოპერის დიდება მასში 1965 წელს ჩაქრა, როცა კალასმა ხმა დაკარგა.

მარია 2003 წლის 30 მარტს გავიცანი რუსთავი 2–ზე. ფრანკო ძეფირელის “კალასი სამუდამოდ” გადიოდა და, ბედად, გადავწყვიტე, ეს ფილმი ჩამეწერა. ისე გამიტაცა ამ ქალის ცხოვრებამ, ბედმა, ხმამ, რომ ნელ–ნელა იგი ჩემში შემოვიდა. კალასმა ჩემში ის გააჩინა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი: მისი დახმარებით აღმოვაჩინე ოპერის სამყარო, რომლის შესახებ აზრზეც არ ვიყავი. ერთხელ, როდესაც იგივე ფილმი გადიოდა, ოღონდ ცოტათი უფრო ადრე, დედაჩემს ვკითხე: “ვინ არის კალასი, ლა სკალას თეატრი რომ დააარსა?” :) ამ დონეზე მესმოდა ყველაფრის.

…ხოლო ფანი არდანი ისე ჰგავდა ენციკლოპედიაში დაბეჭდილ კალასის სურათს…

რაღა დავწერო, ახალი რაღა ვთქვა. ჩემი ნახატების შინაარსის დიდი ნაწილი მისი ხმის, მისი სახის, თვალებისა და ხელების შთაგონებით არის  ნაკარნახევი.

დღესაც ავტობუსში მის “Casta Diva”–ს ვუსმენდი.

ბედნიერი ვარ, რომ ოპერის გასაღები სწორედ მარია კალასმა მაპოვნინა. მომღერალმა, რომელიც ყოველ ჯერზე სცენაზე ისე გამოდიოდა, თითქოს, ეს მისთვის უკანასკნელად ყოფილიყო.

მოკლედ, დღეს კასტა დივას, ოპერის უბიწო ქალწულის, დაბადების დღეა.

Happy 20+1 :)

გაგრაში დედ-მამასთან ერთად

გაგრაში დედ-მამასთან ერთად

გადმოცემის თანახმად, 21 წლის წინ რომ 20 ივლისი იყო, მაშინ დავბადებულვარ. 1988 წლის ერთ-ერთი ცხელი ოთხშაბათი იდგა. დილით გაგრის ერთ-ერთ სახლში დედაჩემს მუცელი ატკივდა. მამამ და ბებიამ ერთად გააქანეს გაგრის ერთადერთ სამშობიარო სახლში. როგორც დედაჩემი აცხადებს, ბატონ გეგეჭკორმა მამშობიარა, 2 საათში მოვრჩიო. 10:30-ზე მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ერთი დეგენერატით მეტის ატანა მოუწევდა :P თურმე მამა ძალიან ნერვიულობდა. ისე, რომ თვალში სისხლიც კი ჩაექცა :D მერე იქვე, სამშობიაროში, ვერცხლის გრეხილი ძეწკვი იპოვა… :P ამ დროს ქუთაისში ბაბუაჩემმა სანადირო თოფი გაისროლა… :D
მოკლედ, ასე ზარ-ზეიმით გამოვძვერი მსოფლიოს ასაწიოკებლად :D
…დღეს მოღრუბლულია. უკვე იწვიმა. 20 ივლისს ასე არ ჩვევია, მაგრამ, ბოლო 4 წელია, ასე ხდება. არ მჯერა მაგიური გარდაქმნების და იმის, რომ ადამიანი თავის დაბადების დღეზე იზრდება და ჭკვიანდება. მიუხედავად ამისა, რატომღაც უკვე აღარ ვარ საკუტარი დაბ. დღით აჟიტირებული. წინა წლებში, უფრო სწორედ, აქამდე სულ გულისფანცქალით და შინაგანი სიხარულით ველოდებოდი, კიდევ ვინ მომილოცავდა. მეგონა წელიწადში ერთი დღე მე მეკუთვნოდა და ამ დღეს ყველა თითქმის ვალდებული იყო, მოელოცა.
ახლა ასე აღარ არის, რაც, ალბათ, იმის დადასტურებაა, რომ ბავშვობა გავიდა. გათენდა, მომილოცეს და მერე რა? :) მიხარია, რომ დღეს რეალისტურად ვუყურებ ცხოვრებას. ბევრნაირი შინაგან-გარეგანი ტრანსფორმაცია განვიცადე და ვიმედოვნებ, ნელ-ნელა ზრდასრულ ადამიანად ვყალიბდები. მოლოცვებს დამანჭული სიხარულიტ კი არა, მადლობელი და საქმიანი იერით ვპასუხობ და რავი… მგონი, მართლა ახალი ეტაპი დამეწყო, რომელიც, რა თქმა უნდა, საერთოდ არ უკავშირდება არც 21-ე 20 ივლისს და არც რაიმე ეგეთს.
მიუხედავად ამისა, ყველასთვის გასაგები რომ ყოფილიყო ჩემი ახლანდელი მინირევოლუციური განცდა, ვამბობ, რომ 20+1-ის ვარ :)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.