90-იანები, თმის ჟელე და მივიწყებული ჰიტები

მანამ, სანამ ლანდიშა გამოჯანმრთელდება და დომენის ასაღებად წავალთ, რამდენიმე წუთით საკუთარ თავში გამონათებულ დიდი ვერაფერ შვილ აზრს პოსტად ვაქცევ. ნოსტალგიამ მეხსიერებას მოუკიდა და ძველი ამბები თვალებში შემომაბოლა…

რა ბედნიერი იყო 90-იანი წლები ჩემთვის… იმიტომ, რომ გაჭირვება არ მახსოვს. იმიტომ არ მახსოვს, რომ ბავშვი ვიყავი და ყველაფერ ცუდს ჩემს წარმოსახვით იმპერიაში ვემალებოდი. ან ვემალებოდი, ან ვერ ვგებულობდი. ვცხოვრობდი ”ტიტანიკში”. ეს გემი ისე მიყვარდა, რომ ზოგჯერ სახლის აივნიდან აისბერგს მოვკრავდი თვალს, რომელიც ჩემს ლაინერს უახლოვდებოდა და ჩაძირვას უქადდა. გავვარდებოდი უკანა ეზოში და ვითომ მუშებსა და მატროსებს ვუყვიროდი ”გემი დაატორმუზეთ მეთქი!”

რაოდენ სანატრელი და ღადო იყო პერიოდი, როდესაც თმის ჟელეთი ჩოლკების დაყენება მაგარ მოდად… წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ დიაგონალზე გადავარცხნილი… ”ჩამოყრილი ჩოლკები”, ”ზღარბი ჩოლკები”… :) მეც მქონდა ერთი ასეთი და თავზე იმდენს ვისვამდი, რომ ტაფის ჩარტყმასაც ვერ გავიგებდი. აბა, ჩემს ჯაგარს ცოტა არ ეყოფოდა. ჰოდა დავდიოდით ეგრე მე და ჩემი მეზობლები.

Read the rest of this entry »

ბავშვობის ამოჩემებული ფილმები

ახლა არ გამაგონოთ, ბავშობაში ფილმი არ მქონდა ამოჩემებულიო. იმედია, მარტო მე არ ვიყავი ასეთი დეგენერატი და რაიმე ფილმს მხოლოდ მე არ ვუყურებდი დღეში ორჯერ, ნებისმიერი მხრიდან. მახსოვს, “ზოროს ნიღაბი”-ს კასეტა რომ ვიყიდეთ, მე და ჩემი ძმა იმდენად ჩავიციკლეთ, რომ თავიდან კი არა, 25-ე წუთიდან ვუყურებდით, იმიტომ, რომ იქ იყო წვერებინი ბანდერასის ჯახაჯუხები :D მერე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ბანდერასი სად იყო, როცა ენტონი ჰოპკინსი თრახაობდა :)
…იყო ჩემს ცოვრებაში ერთი ფილმი, სახელად TITANIC… თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარდა მისი თითოეული მომენტი, ნაწყვეტი, წუთი, წამი, წკაპი. ყველაფერი ზეპირად ვიცოდი, აბსოლუტურად ყველა რეპლიკა, ყველა დიალოგი. აი, ახლაც მახსოვს: “тринадцать метров… вы должны его видить…” ეს ფილმის პირველი ფრაზებია.  რუსული გახმოვანებით მაქვს ნანახი და დაზეპირებული. ორი კასეტა მქონდა: ერთი ძალიან ბანძი ხარისხით იყო და ისე ბნელოდა შიგ, რომ აისბერგი არ ჩანდა. ჰოდა ტელევიზორში რომ დავინახე, თუ როგორ ეთხლაშუნებოდა საბრალო ტიტანიკი ყინულის უუუზარმაზარ მთას, ფეხები გავფშიკე, სანამ უკეთესი ხარისხის მქონე კასეტა არ ვაყიდინე. ეს სიამოვნება მე ქართულის გაკვეთილის საფუძვლიანი სწავლა, მამაჩემს კი 10 ლარი დაუჯდა :)

საოცრება კი ის იყო, რომ სულ, აბსოლუტურად არ მაინტერესებდა ჯეკისა და როუზის ზასაობა. მე გემზე ვიყავი შეყვარებული. იმ ლამაზ, მდიდრულ და რაღაცნაირად მისტიკურ გემზე, რომლის ნაფლეთებიც ნელ-ნელა ნადგურდება ატლანტის ოკეანის ფსკერზე. ჰოი, ტიტანიკ!… 5 წლის განმავლობაში ჩემ მიერ დახატული თუ დახაზული ნახატების 80 პროცენტი ტიტანიკია. დღეს კი არც ერთი არ შემომრჩა :)

მოკლედ, ასე… მე ჩემი გითხარით და ერთ-ერთი სერიოზული გაჭედვის ისტორიაც მოგიყევით. ისიც გითხარით, რომ სამეზობლოში ერთ-ერთი კლიჩკა “ტიტანიკა” მქონდა (უი, არ მითქვამს :P ). ახლა თქვენეული ამოჩემებული ფილმები მითხარით და გაიხსენეთ, როდის გადაგეკეტათ მასზე, როდის, რამდენი ხნით და ა.შ. მოკლედ, მაინტერესებს, რაა :D

P.S. ამ პოსტს, ალბათ, ყველაზე ძალიან ეს ვიდეო მოუხდება. მით უმეტეს, თუკი თქვენც ასე ზეპირად იცოდით ფილმები :P

ფოტონოსტალგია

რამდენიმე დღის წინ, სანამ შემოდგომას შემოდგომობა დაეტყობოდა, ახალი რაღაც შეემატა ჩემს სამუშაო გარემოს. თარო! გადმოვიღე დამტვერილი წიგნები, ჟურნალები, რვეულები. ვყარე და ვყარე შიგ. მაინც ვერ გავავსე. მერე დავფიქრდი, ახლა ეს რომ ჩამოვარდეს, ხომ გამისრისა ჩემი კომპიუტერი–მეთქი?

გავაგრძელე უჯრებიდან ხარახურების გამოყრა და ჩემს ბავშვობას გადავაწყდი….

Surati-3600

ეს ალბომი მე–4 კლასში მაჩუქეს ხატვის კონკურსზე, დიპლომთან ერთად

დავიწყოთ ქრონოლოგიის მიხედვით Read the rest of this entry »

გაგრა, ციცინათელა და მეხსიერება

Surati-3213ამ პოსტის დაწერას ლინგვისუტსის პოსტს უნდა ვუმადლოდე. მეხსიერება არასდროს მღალატობდა. ბავშვობაში განსაკუთრებით. სკოლაში სასწავლ რაღც–რაღცებს ერთხელ გადავაკითხებინებდი დედას (ზრდილობისათვის, ორჯერ) და მეორე დღეს 5–იანებით ვბრუნდებოდი. შემეძლო რამდენიმე თვის წინ მონაყოლი რაღაც მასწავლებლისათვის გაკვეთილის სახით ჩამებარებინა ასევე ფრიადზე…

რატომ გაგრა? იმიტომ, რომ ცხოვრების 4 უბედნიერესი წელი იქ გამიტარებია და ახლა საკუთარ თავში ვიქექები, რომ რაც შიეძლება მეტი აღმოვაჩინო იმ წარსული დღეებიდან, როცა ძლივს 4 წლისა ვიყავი.

800px-Monument_in_Gagra_(1)
ეს სალდატიკი, რომელიც პირდაპირ ჩვენი სახლიდან ჩანდა, თითქმის შეუცვლელად დამამახსოვრდა. როცა სურათი აღმოვაჩინე, შევკრთი კიდეც. იმ წამებში მართლა ბავშვობაში გახლდით და ყოველივე ამას სამ განზომილებაში ვუყურებდი.

დაბადება ნამდვილად არ მახსოვს… :) სამაგიეროდ, თვალწინ მიდგას ჩვენი სახლი, ქუჩა–დაღმართი (რომელზეც გასაშლელ სკამს დამიდგამდნენ და ისე მაჭმევდნენ საჭმელს, იმიტომ, რომ საშინლად მჭლე გახლდით). ღობე არ მახსოვს, მაგრამ ჭიშკარი გადაქლექილი მწვანე ფერისა იყო, რკალისებური უბრალო ორნამენტებით. ეზოში კიბით ჩადიოდი, რომლის ორივე მხრიდან აყვავებული კალები იყო გადმოწოლილი. მეორე სართულზე, ისევე როგორც პირველზე, დიდი აივანი გვქონდა. იქიდან მოსჩანდა ზღვა, რომელიც საერთოდ არ მახსოვს და რკინიგზის სადგური, რომელიც, მგონი, მახსოვს…

vAbhazii-ru-gagry
ზღვა, რომელთან შედარებით დღევანდელ ხელმისაწვდომ საზღვაო ადგილებს თამამად შეგიძლია, უწოდო “ბანძი”

ვინაიდან, ჩემი ტოლი ქართველი ბავშვები იქ არ იყვნენ, მეც სახლში მარტო ვერთობოდი. ან მაგნიტოფონს ვუსმენდი, რომელზეც ორი ტიტლიკანა ბავშვი იყო მიხატული :P , ან ლოკოკინებს, ჭიაყელებს, პეპლებს, წითელ შავკოპლებიან ხოჭოებს და ციცინათელებს ვიჭერდი… :) პეპელა რომ არ შემომკვდომოდა, მინის ქილაში ვსვამდი და თავზე ქაღლდს ვაცვამდი, ხოლო რომ არ გაგუდულიყო, ნახვრეტს ვუკეთებდი. ზოგჯერ ზედმეტად დიდ სივრცეს “ვუკეთებდი” და ისინიც მისხლტებოდნენ…

ციცინათელები. გაგრის, უფრო სწორედ კი 1992 წლის შემდეგ ციცინათელა თვალით არ მინახავს. ახლაც მახსოვს, Firefly_compositeკიბესთან როგორ ვიდექი ღამღამობით და როგორ ვიქნევდი ხელებს ერთ–ერთი მათგანის დასაჭერად. “კუდით ანათებენ მწვანედ”– ვფიქრობდი. სახლში რომ შევიტანდი, აღმოვაჩენდი, რომ შავი ფრთები და წითელი ზოლი აქვთ. შესწავლილს  ისევ გარეთ გამოვიტანდი განსათავისუფლებლად, მაგრამ უი… :(

წითელი ფერის სამზარეულო გვქონდა. სამოვარიც. სამზარეულოდან “ზალაში” შედიოდი, ხელმარჯვნივ კი ტახტი იყო. მოპირდაპირე კედელზე, ზღვას რომ გაჰყურებდა, კალენდარი იეკიდა: შავ ფონზე გამოსახული იყო თამარ მეფე. ჭერში მინის გაუმჭვირვალი ქილებიანი ჭაღი მახსოვს. ბებიას რომ აღვუწერე, გაგიჟდა, ასე დაწვრილებით საიდან გახსოვსო. მეც ეგ მიკვირს, საიდან ან რატომ უნდა მხსომებოდაFlint Hills გაგრიდან ჭაღი და არა ზღვა? მაგრამ როცა ტაბულა რაზა ბავშვის  ხელშია, რას გაუგებ…

მოდით, დღეს აქ გავჩერდები. ჩემს მეხსიერებას რომ მივყვე, კიდევ უამრავს გამახსენებს. ისე კი ერთი კითხვა მაქვს: ციცინათელებს კიდევ ხედავთ? კიდევ არიან საქართველოში? თუ ვინმეს გყავთ სოფლებში (აბა, ქალაქში მათი ნახვის იმედი გადამეწურა, სოფელი კი არ მაქვს), ხანდახან მათაც დახედეთ. ისინი იმ პატარებს ჰგვანან, ქუჩაში რომ თამაშობენ და მშობლის მონოტონურ და განმეორებად ძახილძე “ამოდი!” მუდამ სხვადასხვანაირად პასუხობენ, “მალე ამოვალთ!”…

ZURRIUSS – კეისარიუს

Surati-3511ადრეც მქონდა, მგონი, დაწერილი, რომ ბავშვობაში ტრაგიკული როლების თამაში მიყვარდა. ზეწარს ან “ადიალას” ან რაიმე მსგავსს შემოვიხვევდი და მოსასხამიც მზად იყო. ტელეფონის კაბელის ფერადი სინებისაგან კი ბეჭდებს, გვირგვინს და სხვადასხვა სამკაულებს ვაკეთებდი. ძალიან მიყვარდა შოლტები და მათრახები (ზოროსა და ბეტმენის ზეგავლენა). ვინაიდან ჩემს თანატოლებს შორის ყველაზე უფროსი მე ვიყავი, ჩემს “სამეფოში” ვეპატიჟებოდი. სამეფოში, რომელშიც არ იყო ჩხუბი, ბოროტება და განუკითხაობა. ამ სამეფოში ბავშვები ერთად უყურებდნენ ვიდეოფილმებს, ერთად ჭამდნენ, ხატავდნენ და თამაშობდნენ ინტელექტუალურ თამაშებს …და ერთად ებრძოდნენ “მტერს”, რომლისგანაც მხოლოდ ფერადი სინების მარაგი სურდათ. “მტერი” უკანა ქუჩაში ცხოვრობდა და რამდენიმე “მსუბუქად შეიარაღებულ” ბიჭს წარმოადგენდა. …მაგრამ ვის უნდა გაებედა რაიმე ფიროსმანის ქუჩის ძლევამოსილი მეფისათვის?!…
ხშირად იმარჯვებდა, ზოგჯერ კი მარცხდებოდა. ეს იმიტომ, რომ სამეფოში შინააშლილობა იჩენდა ხოლმე თავს. რამდენიმე არაინტელექტუალი აბუნტდებოდა და მეფეს განუდგებოდა. სცენარის თანახმად, მეფე ყოველნაირად ცდილობდა მათს გადმობირებას, მაგრამ მოღალატეებისაგან სასიკვდილო დარტყმას იღებდა და, იულიუსივით გაყიდული, უსულოდ ენარცხებოდა ძირს. :(
…ჰოი, ბავშვობავ! კარგი დრო იყო (შეიძლება, არც იყო, მაგრამ მე მშვენივრად მახსენდება). დღესაც გავიხსენე ბავშვობა და, ჩემი ძმის დახმარებით, ფოტოსესია მოვაწყვე. იმედია, გამიგებთ, როგორ მიყვარს ისტორია, რომი, სიძველეები და… ბავშვობა. :) Surati-3506

Follow

Get every new post delivered to your Inbox.