“რაღაცნაირი” მოგზაურობა ბათუმში (ფოტოკოლაჟი)

ეს “რაღაცნაირი” ზუსტად გამოხატავს მთელს ჩემს შთაბეჭდილებას, რომლითაც 2 იანვრის მოგზაურობა აღვწერე. იდეა კი თინის “რაღაცნაირი ბლოგიდან” წამოვიდა.

მას შემდეგ, რაც ბათუმი საახალწლოდ მაგრად გააპიარეს, სურვილი გამიჩნდა, მენახა და საკუთარი თვალით შემეფასებინა იქაურობა. როცა ახალ წელს ცნობილი საოპერო მომღერლები ბათქაბუთქის ფონზე მაინც მშვენივრად მღეროდნენ, მე, ყოველივე ამის ტელევიზორიდან შემყურეს, ნერვები მეშლებოდა მაყურებელთა პაკაზუხობაზე. იმაზე, რომ ბევრი “მსმენელი” მოდისა და ძაააააააააან სვეცკაობის გამო იყო გამოსული ევროპის მოედანზე. თუმცა, იმედი მაქვს, ამის შემდეგ მაინც შეიგნეს, რომ ოპერა და დისკოტეკა მთლად ერთი და იგივე არ არის. ამაზე მერე…

მოკლედ, მე, ირაკლი (ჩემი ძმა), კოსტა (მამიდაშვილი) და ბაკური (მამაჩემი) დავავადექით კი არა და დავაჯექით ბათუმის გზას. ჩვენი ჯიპი დანიშნულების ადგილზე 1,5 საათში ჩავიდა.

..და დაგვხვდა “რაღაცნაირი” ბათუმი: არც მზე იყო, არც ციოდა. პირიქით, თბილოდა. ვერც კი იგრძნობდი ზამთარს. ქალაქი მოღუშული და не в своем тарелке იყო: ამდენი ხალხი და ზღვისკენ არავინ იყურება. დღის 2 საათზე ჩასულებმა მცირე შემოვლის შემდეგ დაუფლებული უსაქმურობისაგან განსათავისუფლებლად ერთი საათით წავიძინეთ. მოკლედ, დანარჩენი იხილეთ ფოტოებზე ;)

ირაკლი, კოსტა და "ბატონი ბიუჯეტი" ანუ მამაჩემი

ესეც მე. უფრო სწორედ, ჩვენ

Read the rest of this entry »

God Bless Us Everyone

სწორედ ამ სიტყვებით მინდა, მოგილოცოთ 2010 წელი. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ჩვენ-ჩვენი ბლოგების წარმატება. რაც უნდა იყოს, ჩვენ მაინც ერთი გუნდი ვართ და წარმატებისკენ ერთნაირად მივისწრაფით.
ღმერთმა ქნას და ყველას ჩვენი სურვილების 99 პროცენტი აგვსრულებოდეს. ნუ 51 მაინც, რომ წელიწადი შემდგარად გამოვაცხადოთ.
ჩემი თითოეული დღე იწყება და მთავრდება მუსიკით. ამ ახალ წელს ტრავიატას ჰანგებზე შევეგებე და ძალიან ძალიან მაგარ განწყობაზე გახლავართ. 2010 წლის პირველ პოსტსაც, გადაჭარბების გარეშე, ამაღლებული გრძნობით ვწერ. მინდა, ჩემი მხიარულება თქვენც გადმოგედოთ და ფხიზელი თუ ნაბახუსევი ხასიათი გაგიბედნიეროთ. მგონი, ძალიან ბევრიც არ მინდა :)
კიდევ და კიდევ, გილოცავთ ამ ჯადოსნურ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ საზეიმო სიმღერის სათაურს, რომელსაც ჩემი საყვარელი ანდრეა ბოჩელი ასრულებს:

God Bless Us Everyone!..

ეს პოსტი არ იქნება…

ეს პოსტი არ იქნება დიდი – მალე ახალი წელი მოვა…
ეს პოსტი არ იქნება ორიგინალური – ისევე, როგორც ბევრი მისი წინამორბედი…
ეს პოსტი არ იქნბა საზეიმო – ჩემს გულში მოზეიმე სიხარულს მაინც ვერ გამოხატავს…
ეს პოსტი არ იქნებ სევდიანი- ყოველთვის ვინანებ ძველ შეცდომებს, მაგრამ ახლა არა…
ეს პოსტი არ იქნება შემაჯამებელი – ჯერჯერობით არ ღირს განვლილი წლის “დაგუბება”, დაე, იდინოს…
ეს პოსტი არ იქნება რაღაცნაირი – ის უკვე არის რაღაცნაირი…
ეს პოსტი არ იქნება ნებაყოფლობითი – რაღაც მაიძულებს შინაგანად, რომ ხელი დავუქნიო იმ აწმყოს, რომელიც, რამდენიმე საათში წარსული იქნება…
ეს პოსტი არ იქნება რაიმეს დასასრული – ვიმედოვნებ, რაღაც ღირებულის დასაწყისი მაინც იქნება. ძალიან მჯერა, რომ, ადრე თუ გვიან, ჩემს ზენიტს მივაღწევ და ყველას გეტყვით, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მიყვარხართ….
ეს პოსტი არ იქნება “გაზრდილი” - ჩემს ბავშვობას 2000-ნებისმიერ წელში წავიღებ და სულ თან ვატარებ…
ეს პოსტი არ იქნება …. რაღა დავწერო…
ეს პოსტი არ იქნება სამწერტილიანი – ხომ ხედავთ, უკვე აღარ არის :D

ყველას გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!

ხელოვნური ნაძვის ხეებიც ბერდებიან თურმე

ორიოდ ორიგინალური სათამაშო და, რა თქმა უნდა, ჩიჩილაკი. მაგრად მომწონს ეს ბუძგი ;)

როგორც იქნა, დავძლიე სიზარმაცე და ისევ მოვუჯექი კომპს….
ჩემ გარშემო ქუთაისია თავისი “ჩაკუნცხული” ბიჭებით, შავი ფერებით, გამტყლარწული ამინდებით, ორმოებიანი და წვიმის წყლით სავსე ქუჩებით, მუდამ სხვის ამბის მკითხველი ხალხით,… ამაზე მერე. ახლა დადებითზე ვისაუბრებ :)
ჩამოვედი თუ არა, რა თქმა უნდა, გემრიელად გამოვიძინე. ისე, რომ სულ მეძინება. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიებსაც დავესწარი და მაგრად დავიღალე. ბოლო 2 დღეა, რაც ნამდვილად ვისვენებ. შორს დარჩა ჩემი თბილისური სივიწროვე, ყოველდღიური ნერვიულობა, უძილო და ჩახუთული ღამეები, პატარა ბიძაშვილების ტირილი და წუწუნი…
სამაგიეროდ, აქ მშობლების გაასკეცებული მზრუნველობის ქვეშ ვარ. ზედმეტი რომ არაფერი ვარგა ხომ ისედაც ვიცოდი, მაგრამ რომ გამოცდი ადამიანი, მერე უკეთ გაიგებ. ჰოდა წარამარა მესმის: “ადიალა დაიფარე, რომ დაწვები!”, “კურტკა მოიცვი, რომ გახვალ!”, “ჩუსტები ჩაიცვი დროზე!”….
რას ვიზამთ: მეტი წასასვლელი მე არ მაქვს და თავის მოკვლასაც არ ვაპირებ ჯერჯერობით. ანუ ეგ ყოფილა ჩემი ბედიიი :P Read the rest of this entry »

საშობაო საჩუქარი ჩემგან

ყველას გილოცავთ შობას, ამ ბედნიერ დღესასწაულს!

ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისათვის შობა 7 იანვარს მოდის, მაგრამ ისე მივეჩვიე კათოლიკურ შობას, რომ ეს დღეც მიხარია. რა თქმა უნდა, სხვანაირად. ეს შობა ჩემთვის ეროვნული დღესასწაულია, მეგობრობის, საჩუქრებისა და კეთილი სურვილების ზეიმი. ამ დღესასწაულის განცდა, რა თქმა უნდა, Home Alone–მ ჩამინერგა.

ალბათ, გავა დრო და ჩემი შვილები და მათი შემდგომი თაობა სათანადოდ აღარ დააფასებს ამ ფილმს, რომელზეც მე აღვიზარდე. ასეა, მე ვერ ვაფასებ იმ ფილმებს, რომლებსაც ჩემი უფროსი თაობა აღმერთებს. მაგალითად, მამაჩემი შეყვარებულია “შესანიშნავ შვიდეულზე” და ზეპირად იცის მისი ყველა მომენტი. მე კი “მარტო სახლში” მიყვარს, მაგრამ ალბათ, მომავალ, კიბერნეტიკულ თაობას უკვე ნაკლებად დააინტერესებს და მიიზიდავს ასეთი ჟანრის ფილმები. ეს კი არა და, ჩემს პატარა ბიძაშვილს (დღეს 4–ის გახდა) სულ რობოტები, სპაიდერმენი და სუპერმენი აკერია პირზე. იშვიათად ახსენებს ხოლმე წიქარას…

საუბრის თემა რომ არ გამექცეს, ისევ საჩუქარს და შობას დავუბრუნდები. საჩუქარი, რა თქმა უნდა, ვირტუალურია. აბა ფულს და მატერიალურს აქეთ ვიჩუქებდი სიამოვნებით :P  ეს კონცერტი პირველად 2005 წლის საახალწლო დღეებში ვნახე. თუ არ ვცდები, 1 იანვარს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ლეგენდარული “სამი ტენორი” საშობაო სიმღერებს იმღერებდა. მართლაც, ყველაზე ცნობილი, საყვარელი და სიხარულისმომგვრელი რეპერტუარი წარმოადგინეს.

კარგად მახსოვს ის საღამო. იმ პერიოდში ყველაფერს, რაც კი მომეწონებოდა, ვიდეოკასეტაზე ვიწერდი და შნურების გადაერთება–გადმოერთებაში გაწაფული ვიყავი. როგორც კი კონცერტის სათაური The Three Tenors Christmas გამოჩნდა, ზუსტად მაშინ დავაჭირე Record Video–ს… ეს იყო “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”. Read the rest of this entry »

გაფართოებული თვალებითა და ბავშვური შიშით :)


Home AloneUpload Music

სერიოზულად აცივდა. თოვლი კი არა და არ ჩანს. მოსაღამოვდა თბილისში. როგორ მინდა, ისე არ გავიზარდო, რომ თავი ერთხელ მაინც არ ვიგრძნო დაკარგულად. დაკარგულად დიიიდ ქალაქში ;)

რა თქმა უნდა, ეს ოცნებაა, ვინაიდან უკვე 21–ისაც ვარ და არც თბილისია ნიუ იორკი, მაგრამ დღეს , ამ საღამოს, მე კევინ მაკალესტარი გავხდი, თბილისი კი, ბოდიში ამ გამოთქმაზე და, ნიუ იორკი :)

“მარტო სახლში”–ს ამ მუსიკას  ზედიზედ რამდენჯერმე მოვუსმინე. ვცდილობდი, კარგად მეგრძნო იგი, რადგან მისით მიღებული განწყობით მსურდა საშობაახალწლოდ გამზადებული ქალაქის დათვალიერება.

პატარა ვარ. დავიკარგე. მეშინია. წინ დიდი გზა მაქვს, რომელზეც უამრავი ხალხი მიდი–მოდის და ყურადღებას არავინ მაქცევს. სიცივისაგან გაქვავებული შენობები მანათობელი გირლიანდებით მოურთავთ. რა მოუვიდა ხალხს? რატომ არ უხარიათ? ახალი წელი ხომ ასე ახლოსაა? განა მათ არ სჯერათ იმ სითბოსა და სიყვარულის, რომელიც სანტა კლაუსს მოაქვს?

ეჰ, აბა რას იზამ. დიდებს ყველაფერი სხვანაირად ესმით. იმდენს ფიქრობენ, რომ ვეღარ არჩევენ, ჭეშმარიტი სიხარული სად და როდის ჩნდება. მათ აღარ ახსოვთ სიხარული, როდესაც პირველად ამოყვეს თავი დიიიიდ სათამაშოების მაღაზიაში, სადაც თითოეული მათი საშობაო ოცნება სანტა კლაუსს სათამაშოდ უქცევია და დახლებზე შემოუწყვია. ადამიანები, როცა იზრდებიან და ბავშვობას კარგავენ, უფრო საშიშები ხდებიან. ისეთივე საშიშები, როგორც ამ ღამის სიცივეში გაქვავებული შენობებია. უფროსებს მოურთავთ, ვითომ ამით მაინც გააცოცხლებენ და გააკეთილშობილებენ მათ. ამდენი მანათობელი ჭაღი და გირლიანდიც სწორედ ქალაქის გასამხიარულებლად ჩამოკიდეს, ალბათ. მაგრამ ამ ყველაფერს მანამ არ ეშველება, სანამ უფროსებს ერთმანეთისა არ ესმით. Read the rest of this entry »

“მაკნატუნას” ფიქრები


მანამ, სანამ ლალას II ნაწილს დავამთავრებ, ფანჯრისკენ გავიხედბი, რომელიც, თავის მხრივ, გარესამყაროსკენ იხედება. დავაკვირდები, ეგებ გაიმეტოს ზამთარმა თოვლის თუნდაც რამდენიმე ფიფქი.

არა… ჯერ ადრეაო.

არაუშავს. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე :) თავში რამდენიმე ფიქრმა წამომიქროლა: 21 წლის ვარ და გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ ახალი წელი ჯადოსნური თარიღია. სადღაც ჯერ კიდევ მჯერა მაკნატუნასა და თოვლის ბაბუის (უფრო სანტა კლაუსის). ცხადია, ყველაფერი ეს ჰოლივუდური ფილმების ზეგავლენის შედეგია, მაგრამ ახალი წელი ხომ ფანტაზიისა და ბედნიერების დროა. ჰოდა, მეც ვიყო ბავშვივით ბედნიერი, არ შეიძლება? :)

ნაძვის ხე მაქვს საყიდელი. უფრო დიდი, განიერი (რა რითმა მიეწყო, არა?). აღარ მეტევა სათამაშოები. ბრჭყვიალა წვიმებს საერთოდ აღარ ვუკეთებ, თორემ მერე აღარაფერი ჩანს. საახალწლო მაღაზიებში რომ შევდივარ, თვალის ქუთუთოები აღარ რეაგირებენ და არც პირიდან გადმოგდებულ ენას სცვენია ვინმესი. ჰო, ნაძვისხის დიზაინზეც უნდა დავფიქრდე.

ქუთაისში რომ ჩავალ, მე და ჩემი ძმა ირაკლი გამოვიტანთ ძველ პარკებს, ყუთებს. შევამოწმებთ ნათურებს და ხელოვნურ ნაძვის ხეზე მათი თახვევით დავიწყებთ. ძალიან მიყვარს ნათურები. ნაძვის ხეზე 500 ცალი მაინც უნდა ენთოს. ვერ ვიტან ვერც ერთ ბნელ, გაუნათებელ ადგილს. შემდეგ გირლიანდების ჯერია: ორი სახის გირლიანდი მაქვს, ვარსკვლავებიანი და ინსტრუმენტებიანი. მერე მოდის სათამაშოები. აი, აქ იწყება ნოსტალგიის ამოფრქვევა. ყველა ძველ, თუნდაც გაქერცლილ მინის სათამაშოს ვკიდებ. ისინი ჩემი ხნისანი არიან, ჩემხელა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. აბა, მათ როგორ გამოვტოვებ? დიდ და “ბუხულია” ბურთებს სულ ქვედა ტოტებზე დავკიდებთ და მათს ზომას სიმაღლის მიხედვით შევამცირებთ. ნაძვის ხეს კი წვეროვანი სათამაშოთი დავაგვირგვინებთ.

მორჩენილი ნათურებით, ბრჭყვიალებითა და წვიმებით სახლის რამდენიმე ოთახსაც მოვრთავთ. მიკვირს, რატომ არ უყვართ ზოგიერთებს ასეთი რამეების კეთება? ამის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მე კი მიხარია, რომ თუნდაც 50 წლის ასაკში ჩემს შვილიშვილებთან ერთად ზუსტად ისეთივე შემართებით მოვრთავ ნაძვის ხეს, როგორც ახლა ;)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.