ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


37 Comments

ბავშვობის ამოჩემებული ფილმები


ახლა არ გამაგონოთ, ბავშობაში ფილმი არ მქონდა ამოჩემებულიო. იმედია, მარტო მე არ ვიყავი ასეთი დეგენერატი და რაიმე ფილმს მხოლოდ მე არ ვუყურებდი დღეში ორჯერ, ნებისმიერი მხრიდან. მახსოვს, “ზოროს ნიღაბი”-ს კასეტა რომ ვიყიდეთ, მე და ჩემი ძმა იმდენად ჩავიციკლეთ, რომ თავიდან კი არა, 25-ე წუთიდან ვუყურებდით, იმიტომ, რომ იქ იყო წვერებინი ბანდერასის ჯახაჯუხები 😀 მერე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ბანდერასი სად იყო, როცა ენტონი ჰოპკინსი თრახაობდა 🙂
…იყო ჩემს ცოვრებაში ერთი ფილმი, სახელად TITANIC… თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარდა მისი თითოეული მომენტი, ნაწყვეტი, წუთი, წამი, წკაპი. ყველაფერი ზეპირად ვიცოდი, აბსოლუტურად ყველა რეპლიკა, ყველა დიალოგი. აი, ახლაც მახსოვს: “тринадцать метров… вы должны его видить…” ეს ფილმის პირველი ფრაზებია.  რუსული გახმოვანებით მაქვს ნანახი და დაზეპირებული. ორი კასეტა მქონდა: ერთი ძალიან ბანძი ხარისხით იყო და ისე ბნელოდა შიგ, რომ აისბერგი არ ჩანდა. ჰოდა ტელევიზორში რომ დავინახე, თუ როგორ ეთხლაშუნებოდა საბრალო ტიტანიკი ყინულის უუუზარმაზარ მთას, ფეხები გავფშიკე, სანამ უკეთესი ხარისხის მქონე კასეტა არ ვაყიდინე. ეს სიამოვნება მე ქართულის გაკვეთილის საფუძვლიანი სწავლა, მამაჩემს კი 10 ლარი დაუჯდა 🙂

საოცრება კი ის იყო, რომ სულ, აბსოლუტურად არ მაინტერესებდა ჯეკისა და როუზის ზასაობა. მე გემზე ვიყავი შეყვარებული. იმ ლამაზ, მდიდრულ და რაღაცნაირად მისტიკურ გემზე, რომლის ნაფლეთებიც ნელ-ნელა ნადგურდება ატლანტის ოკეანის ფსკერზე. ჰოი, ტიტანიკ!… 5 წლის განმავლობაში ჩემ მიერ დახატული თუ დახაზული ნახატების 80 პროცენტი ტიტანიკია. დღეს კი არც ერთი არ შემომრჩა 🙂

მოკლედ, ასე… მე ჩემი გითხარით და ერთ-ერთი სერიოზული გაჭედვის ისტორიაც მოგიყევით. ისიც გითხარით, რომ სამეზობლოში ერთ-ერთი კლიჩკა “ტიტანიკა” მქონდა (უი, არ მითქვამს :P). ახლა თქვენეული ამოჩემებული ფილმები მითხარით და გაიხსენეთ, როდის გადაგეკეტათ მასზე, როდის, რამდენი ხნით და ა.შ. მოკლედ, მაინტერესებს, რაა 😀

P.S. ამ პოსტს, ალბათ, ყველაზე ძალიან ეს ვიდეო მოუხდება. მით უმეტეს, თუკი თქვენც ასე ზეპირად იცოდით ფილმები 😛