Apple Worm ანუ მარაზმი პოსტები

ბლოგზე მარაზმი პოსტების ნახვა იგივეა, ვაშლი მოკბიჩო და იქ მოკალათებულ ჭიას გადააწყდე…

(ცხონებული “მე”–ს გამონათქვამბიდან)

უსაქმურად ყოფნა ყოველთვის უსაქმურობას არ ნიშნავს. ბლოგების თვალიერებას მივყავი ხელი. მაინტერესებდა, რა ტენდენციებია ჩვენში. ვის რა აინტერესებს, ვინ რა დონეზეა და, საერთოდ, რა გვეტაკა ქართველებს?

ვინაიდან ბლოგერები ჩვენს აზრს გამოვთქვამთ და ბლოგიც ამისთვის არსებობს,  დღეს რამდენიმე პოსტს არ შევიწყალებ :)

შენიშვნა: იმედია, ამ პოსტს სკანდალურობაში არ ჩამომართმევთ. ვის ვის და მე და ჯორჯ ქლუნის ეგ ნაღდად არ გვჭირდება (ოოო, სტოპ ახლა მეც თორე მომსვამენ კაი ადგილას!…) :mrgreen:

მოკლედ, ოდნოკლასსნიკიზმმა ფეისბუკში ხომ შეაღწია მარაზმობა ქვიზებისა და Yes/No–ები სახით, ახლა აქაც შემოდის. ისე გამოდის, თითქოს განგაშის ზარის შემოკვრა მინდა, მაგრამ ასე არ არის. სოციალური მედია ყველაზე თავისუფალი მედიაა და მასში ყველაფერი უნდა იყოს. ამიტომაც მე ვაკრიტიკებ არა ბლოგებს ან ბლოგერებს, არამედ პოსტებს. ანუ არავის გადამტერების გეგმა არ დამისახავს. უბრალოდ, არ შემიძლია, მარაზმობებზე არ ვიკაიფო ;)

  1. რაღა სხვისით დავიწყო და მეც აღმომაჩნდა ერთი ეგეთი ჯოჯო: “სერგის კოლოკვიუმი”. ამასთან დაკავშირებით აქ ვერ ვიტყვი… ცრემლები მაღრჩობს… “პროფილში”… “პროფილში” წავალ, მაიას მოწყალების ქვეშ ავქვითინდები :mrgreen: :mrgreen:
  2. შემდეგი შედევრი “°•♥ ჩემი მწვანე ოთახი ♥•°“–ზე დაიწერა და Not to DOs … Special Edition for Men. აქ სხარტი ენითა და სიტყვათა მინიმალური რაოდენობით არის გადმოცემული ავტორის ნერვული აშლილობა და მისი ინტიმური ფიქრები შემწვარ კვერცხზე.
  3. მორიგი სიბრძნე Niniana’s Blogზე იშვა და “მუსიკა” ჰქვია. ამ მრავალსიტყვიან პოსტზე ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ჩემს აზრს თავს არ მოგახვევთ. :mrgreen:
  4. საკმაოდ პოპულარული სათაურის მქონე ბლოგ “….“–ზე დაწერილ პოსტთან დაკავშირებით პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს. მას “ჯონი დეპი” ჰქვია და ამ ადამიანის ბიოგრაფიაა. მაგრამ მარაზმი პოსტის ბოლოს მოთავსებულ სურათშია. :mrgreen:
  5. გადავედით შემდეგზე. ერთ–ერთ “რა დედამ გშობა” პოსტს monkey’s sexy blog–ზე წავაწყდი, სახელად “გამარჯობა დაიკო!!!“. ვიფიქრე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ავტორის შთაგონების წყარო. მერე გამახსენდა, რომ გლდანს ნაგავსაყრელის სუნი აღარ შეაწუხებს და მივხვდი, რომ აწი რაღა გვიჭირს. ;)
  6. Mr. Picasso–ს, ალბათ, ძალიან გაუხარდება, როცა გაიგებს, რომ მისი პოსტი ჩემს ბლოგზე დავთაგე. პოსტს ჰქვია “პოდკასტი_”ჩვენ და ახალი მედია საშუალებები. მე რომ არ ვიბოდიალო, ამ ბოდიალს თქვენ მოუსმინეთ თუ კაია :P
  7. სატირულ–იუმორისტულ–თვითირონიულ–ამორფულ–თეოლოგიური პოსტი ვიპოვე SHALVA–ს ბლოგზე, სახელწოდებით ჩემს შესახებ. როგორც ხედავთ, შალვა 3 დეკემბრის  მერე ელოდება პასუხს და ვისაც კეთილი გული გაქვთ, დაუკომენტეთ :mrgreen:

როგორც ხედავთ, ბედნიერი რიცხვით დავასრულე პოსტი ესე, რაც მცირეოდენ იმედს მიტოვებს, რომ კიდევ და კიდევაც დაიზრდებიან ბლოგებზედ პოსტნი მარაზმნი :)

რეპროდუქცია თუ ინტერპრეტაცია?

ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რეპროდუქციებს ნუ ხატავო. ნუ ქმნი იმას, რაც უკვე შექმნილიაო. “ტრავიატა”, “მეფე ლირი”, “რიჩარდ III” – ეს ყველაფერი უკვე სხვამ შექმნა და შენ საკუთარი იპოვეო. მერე ისიც მითხრა, საერთოდ, რა საჭიროა მუსიკალური ნაწარმოების დახატვაო…

სხვათა შორის, ამაზე მანამდე მეც ვფიქრობდი ხოლმე: რატომ ვხატავ უკვე გამზადებულ და დამუშავებულ “იდეას”? ეს ხომ ცალკე ღირებული ვერ იქნება და მხოლოდ უკვე შექმნილის ილუსტრაციად დარჩება?

ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე არგუმენტს მოვუყარე თავი:

  1. რეჟისორები დგამენ სპექტაკლებს სხვადასხვა პიესის მიხედვითა და თავიანთი ინტერპრეტაციით. ესეც რეპროდუქციაა?
  2. “ასე მეხატვინება და რა ვქნა?…” – ძალიან სუბიექტური და თავის მართლების არგუმენტი
  3. “ესეც გაივლის” – თავის მართლებას ჰგავს, მაგრამ, ვფიქრობ, ჭეშმარიტებასთან ახლოსაა.

კიდევ ერთხელ დავფიქრდი და ცნობილ ხელოვანთა კოლექციას გადავხედე. ავიღოთ  სახარების ერთი მომენტი. ვთქვათ, “გარდამოხსნა” და ვნახოთ, რამდენმა როგორ გამოსახა “ერთი და იგივე”.

მიქელანჯელო

Read the rest of this entry »

ფოტოკოლაჟი: თბილისობა 2008

როცა ამ ფოტოებს ვიღებდი, მაშინ WordPress–ის შესახებ არაფერი ვიცოდი და Blogger–ზე ვხლაფორთობდი რაღაც–რაღაცებს.  ერთხელაც, 2008 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში “თბილისობა” დადგა. მეც, მეტი რომ არაფერი მქონდა საქმე, რიყესკენ გავემართესურათების გადასაღებად. მაშინ ჯერ კიდევ მერიდებოდა ე.წ. თამამი გადაღება ანუ ადამიანებისათვის კამერის (შემს შემთხვევაში მობილურის) მიშვერა.

ამ სურათებს რომ გადავხედე, საჭიროდ ჩავთვალე, აქ გამომეჭენებინა. ვისაც ფოტოგრაფიისა გაგეგებათ, მირჩიეთ რამე :)

"თბილისობა" ჩემთვის შიშხინა მწვადით დაიწყო, მაგრამ არ მიჭამია. სად მქონდა მაგის 7 ლარი? :D

Read the rest of this entry »

მე ვნახე “ავატარი”

მე ვნახე “ავატარი” და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად ჰგავს ადამიანის ბუნება დაუკმაყოფილებელ მეძავს.

მე ვნახე “ავატარი” და მივხვდი, რომ სიცოცხლეზე ლამაზი და მრავალფეროვანიარაფერი არსებობს არც ერთ განზომილებაში.

მე ვნახე “ავატარი” და მჯერა, რომ კომპიუტერული ტექნიკით ნებისმიერი სანახაობის ეფექტის შექმნა შეიძლება.

მე ვნახე “ავატარი” და ნათლად დავინახე, რომ მათაც ისეთივე სექსი აქვთ, როგორც ჩვენ.

მე ვნახე “ავატარი” და ძალიან მომეწონა, თუ როგორ გარდაქმნის ვიდეობლოგინგი ადამიანს.

მე ვნახე “ავატარი” და დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი კომპიუტერული ეფექტი ეფექტად დარჩება, რომელიც, ადრე თუ გვიან, მობეზრდება ხალხს.

მე ვნახე “ავატარი” და მივხვდი, რომ საინფორმაციო ომს სპეცეფექტების ომი ჩაანაცვლებს.

მე ვნახე “ავატარი” და ვერ გამირკვევია, ფილმს ვუყურე თუ მულტფილმს.

მე ვნახე “ავატარი” და ვფიქრობ, რომ ჯეიმს კამერონმა იგი 2–მილიარდიანი ვალის გადასახდელად გადაიღო.

მე ვნახე “ავატარი” და შემეცოდა სიგურნი უივერი.

მე ვნახე “ავატარი” და მოხარული ვარ, რომ ეიფორიის ტალღაში არ მოვყევი.

მე ვნახე “ავატარი” და გირჩევთ, თუკი გინდათ, ფილმმა ცოტათი მაინც დაგაინტერესოთ, ნახეთ 3D ხარისხში.

მე ვნახე “ავატარი”.

why not

სურათი ცოტათი ძველია, მაგრამ წავა

მგონი, საკმარისად დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე დავწერე, ვისაუბრე. ჩემს “რაღაცნაირ” მოგზაურობებს არ ვგულისხმობ. უბრალოდ, საკუთარი თავის ამბის მოყოლა მაქვს მხედველობაში. ჰოდა დღეს ის პატარა გამონაკლისი იყოს, როცა საკუთარ თავზეც დავწერ, why not ;)

GIPA–ში რომ ვსწავლობ ეს ვთქვი? უი, ჰო… მითქვამს. GePRA–ში რომ ვმუშაობ და პიარსკოლის ბლოგს ვკურირებ, ესეც იცით?  ანუ თან ვჟურნალისტობ და თან პიარში ვარ გარეული. ორ სხვადასხვა პროფესიას ვეჭიდები თუ ვეჭიდავები. GePRA ჩემი თავშესაფარია. მართალია, უხელფასოდ ვარ, მაგრამ იქიდან წამოსვლა არ მინდა. კარგად ავეწყვე, თან ბევრიც არ მავალია. რომც დამავალონ, ვერ მოვასწრებ. ჰოდა ქე ვარ ასე :)

ორიოდ თვის წინ ახალი სამსახური დავიწყე. ჟურნალ “ტაბულას” რედაქცია ეს–ეს არის, დაფუძნდა. მე კულტურის ბლოკში ვარ და თეატრები და მსგავსი რამე–რუმეები მაბარია. ძალიან მიხარია, რომ რაზეც მინდა, იმაზე ვწერ. მართალია, რბენა და დევნა კი მიწევს, მაგრამ ეგ ყოფილა ჟურნალისტის ბედი :) ისე, რბენა, ხვეწნა და წერა ვინც არ იცის, იმას ჟურნალისტობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

სწავლა 25–ში განგვიახლდა. ამერიკელი ლექტორი Leah გვიკითხავს. ტიპური ამერიკელია: თავისი საქმის დიდოსტატი, ჯიგარი ტიპი და არც ერთი ენა იცის ინგლისურის გარდა. ლექციაზე დაგვიანება ისჯება კარების ჩაკეტვით და აუდიტორიაში არშეშვებით, ანუ ლექციის გაცდენით, რაც საერთო შეფასების 20 პროცენტს ჩამოაჭრის სტუდენტს. ეს ყველაფერი კი 3 კვირის განმავლობაში უნდა ავიტანოთ. რავიცი, მე კი დავიზაფრე…

ვინაიდან ინგლისურ კურსს გავდივარ, აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები დაგვემატნენ. კარგი ტიპები არიან. ნუ მე ნორმალური პარტნიორი შემხვდა და მშვენიერი ურთიერთინტერვიუებიც გამოგვივიდა. ანნა ჰქვია. ჯერჯერობით აქაც კარგად მიდის გაცნობა–დამეგობრების საქმე.

დაკავებული ვარ. ჰოი, რა დღეში ვარ! აქეთ სწავლა და ორი სამსახური თავისი სოციალური მედიის კურირებითა და სტატიებით, იქით დასის აფიშა მაქვს დასახატი. გახსოვთ ალბათ, დასიდან რომ წამოვედი, აფიშებს მაინც მე გავაკეთებ–თქო აღვუთქვი ხალხს და აჰა… “სამანიშვილის დედინაცვალს” ვაკეთებ. რა ვქნა? ხატვაც მიყვარს და არ მინდა, შევეშვა. ჰოდა ვიჩეხები ამდენ საქმეში.

GIPA–დან GePRA–ში, მერე დასში, მერე მეგობრის ბებიის პანაშვიდზე, მერე ისევ  GePRA–ში (ბოთეს ბლოკნოტი დამრჩა). ამასობაში “ჯეოსტარელებს” ვურეკავდი ინტერვიუზე. გზაში ფენოვანებს ვყლაპავდი ფრიად გარდარეული სტომაქის დასაწყნარებლად…. აუჰ, რა ამოვქოქე!… :)

არადა, ამ დროს ადამიანი კარგად დაზეთილი ძრავასავით მუშაობს და უფრო შემოქმედებისუნარიანია, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. მთავარია, არ გადაიწვეს. ჩემი ახლადნაყიდი სათვალე, რომელმაც 3 კვირას ძლივს გაძლო, გუშინ გატყდა და ვზივარ კომპთან თვალებაწითლებული. თან მეყვინთება. 8–ზე უნდა ავდგე, რომ 10–ზე სოლივით ვერჭო ლექციაზე. დღეს ავტობუსმა ნახევარი საათით დააგვიანა მოთრევა და ნერვები მომისპო. არ მიყვარს გინება, მაგრამ დღეს ბორბლებიდან დაწყებული, “გლუშიტელით” დასრულებული (მაყუჩი ქვია ისე), ყველაფერი შევუკურთხე!

მოკლედ ასეა ჩემი ამბავი: ნერვების ხარჯზე ვცოცხლობ. ერთთვიანი დასვენება პატრონს ჩაბარდა. ისევ პატარა ბინაში ვარ, რომელიც არც ერთი აქ მცხოვრებისა არ არის. ოჯახში მატებაა და ახლა ექვსნი ვართ. პაატალა “კუუუუსსსა” შეეძინა ბიძაჩემს :) “ჩემს” ოთახში ისევ ქაოსია. ისევ პატარების წივილ–კივილი, ტელევიზორში “სანტა მარია ანტუანეტა ხეორხია ალონსო დე გვადალუპე სანჩეს რივიერა დე ბროსო დე ალესიო პადილა დე პქერუნვაირუაფნაიერჯჰადჯ” გადის და ბებიაჩემიც არც ერთ სერიას არ ტოვებს. მიკვირს, როგორ ამახსოვრდება ამდენი.

აუ, რამდენი დამიწერია. სტოპ!… ესეც გეყოფათ თქვენ. გილოცავთ, ვისაც ბოლომდე წაკითხვა არ დაგეზარათ. ისე მეძინება, დავაფაბლიშებ და გრამატიკული შეცდომების გასწორება თქვენთვის მომიდია, why not :)

მოგზაურობა მიწისქვეშა სამეფოში (ფოტოკოლაჟი)

დღეს ისევ Discovery როლში ვიქნები…

მღვიმეები… ერთ–ერთი ყველაზე ამოუცნობი ფენომენი დედამიწის ქერქისა. წყლით ნაკვეთი ანტიკვარისა და კრისტალური სკულპტურების დარბაზები, მიწისქვეშა სამეფო. მხოლოდ ასეთ ადგილს თუ აირჩევდა ჰადესი იმიერის გარდაცვლილთა იმპერიის ცენტრად.

იმ დროს, როცა შატლები და რაკეტები კოსმოსის შესასწავლად მიშხუილებენ, გამოქვაბულთა შესახებ მხოლოდ ახლა ვიტყობთ ამბებს.

ვინც  არ დაინტერესდით, თავს ნუღარ იწვალებთ და სხვა დროს შემოდით, დანარჩენთა საყურადღებოდ: გადავეშვით მიწისქვეშა სამეფოში!…

Read the rest of this entry »

ემოცია!

დოლი!…

დოლი!…

დოლი!…

დოლი!…

ემოცია!…

სიმძაფრე!…

ენერგია!…

ბრძოლა!…

როდესაც ადამიანს ძალიან უყვარს და იტაცებს რაღაც, ის მის გულში, სულსა და გრძნობაში აღიბეჭდება ნებისმიერი სახით. ალბათ, ასეთი პერიოდი ყველას გვქონია ცხოვრებაში. თუ არა და, აწი გვექნება. ზოგადად, კარგია ემოცია და რაღაცაზე გაგიჟება. პირადად მე ასე დამემართა, როცა ვერდის “რეკვიემს” მოვუსმინე (Messa da Requiem, Verdi). ამ კომპოზიტორს საოცარი თვისება ჰქონდა, მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები ახალგაზრდობაში კი არა, სიბერესა და ღრმა მოხუცებულობაში შეიქმნა. “რეკვიემიც” მისი ერთ–ერთი უკანასკნელი შედევრია.

ეს იყო 2006 წლის 11 დეკემბერს (ახლაც მახსოვს ;) ). ბურჭულაძის ხმა აჟრიალებდა მთელს დარბაზს… მთელი სიმძიმე და დრამატიზმი ვიგრძენი. ეს შეგრძნება ახლაც თან მაქვს და არ მტოვებს. მრავალი ვიდეო ვნახე, მრავალი ვერსია მოვისმინე და ბოლოს ამაზე შევჩერდი…

ესეც ორიგინალი, ჰერბერტ ფონ კარაიანის დირიჟორობით. ვგიჟდები ამ ხელოვანზე! თუ მე დაწერა არ დამეზარა და თქვენ წაკითხვა, ერთ დიდ პოსტსაც დავწერ მის ცხოვრება–შემოქმედებაზე. მოკლედ, ჩემი “რეკვიემით” გატაცება ამ ადამიანის სახელს უკავშირდება.

დააკვირდით ხელების მოძრაობას, თვალებს, მიმიკებს, სახის გამომეტყველებას. თითების ვიბრირებას თითოეულ განსაკუთრებულ ნოტზე. თითქოს, მუსიკას ხელებიდან ასხივებს.

ზოგს მალე მობეზრდება

კითხვები??? კითხვები??? კითხვები???

ბლოგები

ბლოგერები

მოდა

ჯერ odnoklassniki.ru იყო, რომელმაც 2 წელიწადს ძალიან მაგრად იმუშავა და ზენიტში იყო. ახლა Facebook ლიდერობს და ყველა აქ არის. მერე რა, რომ ზოგი აზრზე არ არის, თუ რა უნდა აქ. სხვა ხომ არის? ე.ი. თვითონაც უნდა იყოს. ამ სოც. ქსელისა არაფერი გამეგებოდა და თურმე ორჯერ დავრეგისრტირებულვარ სხვადასხვა მეილით. ის მეორე Zura Balanchivadze ახლაც ისეა მიგდებული.

ყველაფერი იწყება – ყველაფერი მთავრდება. ეს გარდაუვალია. უბრალოდ, გააჩნია, რამდენად გრძელი იქნება მათ შორის მოთავსებული დეფისი შენთვის. ზოგს მალე მობეზრდება ბლოგი.

ვინც მოდისათვის დაიწყო წერა, იგი მოდის გამო დაანებებს. გავა დრო და ნახავს, რომ მთელი ბლოგი სულ ტყუილად უწერია. წყალში გადაუყრია თითის ფალანგებზე მიმაგრებული მყესების გამალებული ვიბრირება კლავიატურის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ.

ზოგიც იმიტომ დაანებებს თავს, რომ სხვა ეგონა და სხვაგან მოხვდა. იმავე საქმიანობას კი სხვანაირად გამოხატავს და სხვა წყაროებით.

ზოგი სიყვარულს დაკარგავს და მერე რა დროს ბლოგია. ახლა გლოვისა და ჩოლკის შეჭრის დროა.

ზოგს ის გააღიზიანებს, რომ პოსტებზე მხოლოდ თავისი კომენტარები დევს და ვერ მიმხვდარა ამის მიზეზი, რომ მრავალმუხლიანი უსტარებია.

ზოგს მალე მობეზრდება წერა. გამოელევა ბარბები, პაკემონები, კევები, პომადები, მანიკურები, პუდრები და რუმიანები. რაღაზე დაწერს, როცა ყველა დათუნია, კურდღელი და ციყვი აღწერა და ისიც გაგვიმხილა, თუ რა თანმიმდევრობით იწვენს ლოგინში.

ისეთებიც დაანებებენ წერას თავს, რომლებიც ზედმეტად დეპრესიულები არიან და მათ მიერ მოქნეულ მრავალწერტილთა ჯაჭვების აზრს ყველა ვერ ჩაწვდება. ასეთები ცხოვრებაში კიდევ ერთ იმედგაცრუებას იპოვიან და რუდუნებით, ცრემლით შეინახავენ მთრთოლვარე ტკივილს თავიანთი ტვინის ხვეულების ყველაზე ფარულ ადგილებში. ბლოგის გარდაცვალებას ისინი იმას დაუკავშირებენ, რომ ვერავინ უგებს მათ.

ზოგიც დაწერს, რომ პაუზას აიღებს და აუცილებლად დაბრუნდება. მის ამ სიტყვებს კი ვებ მტვერი მოედება და ასეთად დარჩება, ვიდრე ბლოგის სისტება თვითონ არ გაუკეთებს ლიკვიდაციას.

ვინ იქნება შემდეგი, ამას ედვარდ ენიგმას მწვანე ფერის კითხვის ნიშნების ნისლი აკრავს.

საათი წიკწიკებს და ნელ–ნელა ენაგადმოგდებულ თავის ქალას ემსგავსება.

უთვისებო ბლოგერები მოდიან რწმუნდებიან და მიდიან.

P.S. მიყვარს მწვანე, შხამიანი ფერია ;)

ახალი წამოწყება ახალი ტალღით

ამ პოსტის დასაწერად მუზას თითქმის ერთი თვეა, ვეძებ. ძალიან ბევრი ხერხი ვცადე, მაგრამ გადავიფიქრე. საბოლოოდ, ყველაფერი ისევ სიუზენ ბოილს დავუკავშირე. რა თქმა უნდა, აბა ვინ “დამეხმარება” ამ საქმეში. მოკლედ, სიუზენ, შენი და შენი წარმატების იმედი მაქვს.

Britain’s Got Talentსაიმონ ქოუელის პროექტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი, ახალ ტრადიციას ამკვიდრებს. მას პირობითად “ერთი ნაბიჯი” შეიძლება, ვუწოდოთ. ნაბიჯი წარმატებისკენ. ის, რაც სიუზენ ბოილმა მოახერხა (მოახერხა თუ გამოუვიდა, ეს სხვა საქმეა), აღტაცების ღირსია. მომღერლის სასიამოვნო და ფაქიზი ტემბრი, ამავდროულად ხმის ძლიერი და დიდი დიაპაზონი აქვს, რაც საშუალებას აძლევს ურთულესი საესტრადო ნაწარმოებები შეასრულოს. საოცარი კი ის არის, რომ  48 წლის დიასახლისმა ხმა ისეთ კარგ ფორმაში შეინარჩუნა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის პრეცენდენტი შექმნა. სრულიად განსხვავებული მანერებისა და ხმის მქონე ადამიანმა სცენაზე თითქმის საოცრება მოახდინა: მის მიმართ განწყობილი დარბაზი სიმღერის დაწყებისთანავე ფეხზე ააყენა და აურაცხელი აპლოდისმენტი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბოილმა შოუში საბოლოოდ ვერ მოიგო, იგი უკვე იშვა, როგორც ვარსკვლავი. ბოლო მონაცემებით, მისი სადებიუტო ალბომი 8 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა, ხოლო ცნობილი ვიდეო YouTube–ის 2009 წლის ტოპ ხუთეულში შევიდა!

საქართველოშიც ინერგება ასეთი პროექტი, რომელიც ყველა სახის ნიჭის მქონე ადამიანთა გამოვლენასა და ფართო მასებისათვის გაცნობას უწყობს ხელს. ეს “ნიჭიერია”. ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც Britain’s Got Talent–ში. სამი ჟიური და უამრავი მსურველი – თავიანთი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით.

დიდი იმედები:

  1. ძალიან მინდა, რომ პროექტი გახდეს ცნობილი და არ ჩავარდეს
  2. ჟიური იყოს საღად მოაზროვნე ადამიანებისაგან დაკომპლექტებული. ეს გულისხმობს წევრების ფიქრისა და განსჯის უნარს. ანუ იმას, რაც “ჯეოსტარს” არა აქვს. ჟიურს არ უნდა ჰყავდეს “დედუნები”, რომელთა აზრის გაზიარება დანარჩენი წევრებისათვის სავალდებულო მოვალეობა იქნება. ეს პროექტს მოკლავს.
  3. ასევე მსურს, წარმატებული მონაწილეები (აღარ მაქვს საუბარი გამარჯვებულზე) არ დაიკარგონ. არ მოხდეს ის, რაც “ჯეოსტარშია”. იბადებიან საოცრად ნიჭიერი ვარსკვლავები და ქრებიან. “ჯეოსტარის” ყურების დროს, უკვე აღარ მინდა, რომ შოუ ფინალამდე მივიეს, ვინაიდან ვინც მე მიყვარს, იმათ თითქმის ვეღარასოდეს მოვკრავ თვალს. ყველას ავიწყდება ისინი. თუკი გვინდა, გვყავდეს “ნიჭიერი” ან “ვარსკვლავი”, იგი დიდი ხნით უნდა გვყავდეს!
  4. დაბოლოს, მინდა, ბევრმა იაქტიუროს. სცადოს ბედი. ვინც კი თავის ორიგინალურ თუ ტრადიციულ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, არ დაკომპლექსდეს და გამოიყენოს ეს შანსი.

And The Golden Globe Goes To 2010

დღეს Golden Globe–ს ვუყურე “იმედზე” და აღმოვაჩინე, რომ, მგონი, Oscar–ს მირჩევნია. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ უფრო მყუდროა. დიდი და გაშლილი სივრცეები კი მიყვარს, მაგრამ Kodak-ის თეატრს რომ წარმოვიდგენ, მაშინ სიცივე მაჟრიალებს. Beverly Hilton Hotel–ის დარბაზი, მასთან შედარებით, პატარა სახინკლეა, თუმცა უფრო მყუდროც. დაჯილდოვებაც თითქოს უფრო შინაურულ, ოჯახურ წრეში ხდება.

როცა სცენაზე დგახარ და თითქმის ყველას დანახავა შეგიძლია, ეს შენზე სხვანაირად მოქმედებ. შენ უყურებ, როგორ გიყურებენ. აქედან გამომდინარე, უფრო გულწრფელი ხარ საუბარში და უფრო ბუნებრივი შეფასებებში. ამიტომაც არის, რომ ხმაში უფრო მეტი კანკალია, თვალში კი – მეტი ცრემლი. არა, ჰოლი ბერიმაც კარგად ინერვიულა Oscar–ზე, როცა პირველი ზანგი ქალი ოსკაროსანი გახდა, თუმცა მონიკი ტიპური გამარჯვებული იყო, ვინც Golden Globe–ზე ლამის იქვითინა.

Read the rest of this entry »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.